საქართველოს ჩემპიონატი: პირველობა განახლდება და მალევე შეწყდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გათამაშება სამი კვირის წინათ ნოემბრის ტესტების გამო შეწყდა.

აქამდე გამართული ათი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში თბილისის "ლელო" უდგას. წლეულს ეროვნულ ჩემპიონტში კიდევ ორი ტური გაიმართება და გუნდები თებრვლამდე არდადეგებზე წავლენ.

როგორც უკვე ვთქვით, ჩემპიონატს 43 ქული "ლელო" ლიდერობს, რომელიც მე-11 ტურში აუტსაიდერ "ყოჩებს" ეთამაშება. ლელოელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპი შესანიშნავად განვლეს.

ათი თამაშიდან ცხრა მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ საქართველოს ჩემპიონ "არმიასთან". ამასთან ერთად, "ლელოს" აქტივში შვიდი პრემიალური ქულაა. ლიდერი
დაგროვილი და გაშვებული ქულების რაოდენობაში პირველია და ბალანსი 167 შეადგენს.

შარშანდელი ჩემპიონატისგან განსხვავებით, "ლელო" წლეულს უფრო ორგანიზებულად და სტაბილიურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ იყო, ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრებში ლევან მაისშვილის სამწყსოდან ეროვნული ჩემპიონატიდან ყველაზე მეტმა მორაგბემ რომ ითამაშა.
"ყოჩები" თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლეულს თავის ისტორიაში ყველაზე სუსტ სეზონს ატარებს.

ამ ოდესღაც საკმაოდ მრისხანე გუნდს განსაკუთრებით სეზონის დაასწყისში გაუჭირდა. მერე ნელ-ნელა თამაში დაალაგა, თუმცა მხოლოდ ერთი თამაშის მოგება მოახერხა.

"ლელოს" ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია", რომელმაც ასევე ცხრა შეხვედრა მოიგო და ერთში მესამეადგილოსან ქუთაისის "აიასთან" დამარცხდა. მე-11 ტურში ქუთაისში, სწორედ ეს გუნდები დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არმიელები პირველ წრეში ხშირმა ტრავმიანობამ დიდად აზარალა, თუმცა გუნდს იმდენად გრძელი სათადარიგო სკამი აქვს, რომ მაინც ჩემპიონობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევა.

"არმიას" უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს სტუმრად "აიასთან", რომელიც პირველი წრის შუაწელში ჩავარდნის შემდეგ, ისევ აღმავლობის გაზას დაადგა, თუმცა ლიდერ "ლელოს" ცხრა ქულით ჩამორჩება. პრემიალური ქულით გამარჯვების შემთხვევაში ქუთათურები "არმიასთან" ჩამორჩენას ორ ქულამდე შეამცირებენ, რაც შანსს მისცემს რეგულარული გათამაშება ორ მოწინავე გუნდს შორის დაასრულოს, რაც პირდაპირ ნახევარფინალში მოხვედრის გარანტიაა.

"აიას" ცხრა ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა თბილისის "არმაზი", რომელსაც ერთი თამაში რუსთავის ხარებთან თადარიგში აქვს. არმაზელები მე-11 ტურში ერთ-ერთ აუტასაიდერს, თბილისის "აკადემიას" ეთამაშებიან. აღსანიშნავია, რომ "არმაზის" ლიდერთა შორის გამოჩენა, წლევანდელი სეზონის სიურპრიზია.

ამ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა შერკინებაა, თუმცა მგეზავისა და მოთამაშე მწვრთნელის დავით კიკნაძის გარეშე დალაგებულად თამაში უჭირს, რაც მისი არყოფნის დროს, შედეგებზეც აისახა. საგულისხმოა, რომ არმაზელებმა მხოლოდ სატუნირო ცხრილში მასზე წინ მყოფ გუნდებთან წააგეს.

ძნელი სათქმელია, რამდენად ნაყოფიერად გამოიყენა შესვენება "აკადემიამ", რომელმაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი თამაშის მოგება შეძლო. ეს გუნდი მუდამ ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა და, ვფიქრობთ, არც ამჯერად დათმობს იოლად რამეს.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" თავისთვის უჩვეულო მეხუთე ადგიზლეა. რკინიგზელებმა 10 მატჩში ოთხი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, ხუთში დამარცხდნენ და 22 ქულა დააგროვეს. "ლოკომოტივი" მე-11 ტურში შინ მიიღებს "ბათუმს", რომელიც 14 ქულით მე-7 ადგიზეა და ეცდება პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლთა კოჰორტას მიუახლოვდეს.

22 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა გათამაშების დებიუტანტი თბილისის "ილიაუნი ჯიქი", რომელიც სტუმრად დაუპირისპირდება რუსთავის "ხარებს".

"ჯიქებმა" პირველ წრეში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მეტი გამოცდილება რომ ჰქონდათ, უკეთესი შედეგი უნდა ეჩვენებინათ. მათი ამჟამინდელი მეტოქე, კი როგორც წესი, ჩემპიონატის მეორე ეტაპს უფრო მობილიზებულად ატარებს და შინ მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

XI ტური
ხარები-ილიაუნი ჯიქი, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 10 9 0 1 +167 43
2. არმია 10 9 0 1 +112 41
3. აია 10 7 1 2 +133 34
4. არმაზი 9 6 0 3 +21 25
5. ლოკომოტივი 10 4 1 5 +28 22
6. ჯიქები 10 4 0 6 +11 22
7. ბათუმი 10 3 0 7 -50 14
8. ხარები 9 3 0 6 -104 13
9. აკაემია 10 2 0 8 -206 9
10. ყოჩები 10 1 0 9 -112 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული