საქართველოს ჩემპიონატი: აუტსაიდერი ლიდერს შენობით ელაპარაკა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ნოემბრის ტესტებით გამოწვეული შესვენების შემდეგ მე-11 ტურის მატჩებით განახლდა. გათამაშების ლიდერი თბილისის "ლელო" აუტსაიდერ თბილისის "ყოჩებს" "შევარდენის სარაგბო სტადიონზე" დაუპირისპირდა და 23:13 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილში გუნდების მდგომარეობა ცნობილი რომ არ ყოფილიყო, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ვერავინ იტყოდა, რომ ლიდერი აუტსაიდერს ეთამაშებოდა. "ყოჩებმა" საწყის ათ წუთში მეტოქე საკუთარი მოედნის ნახევარზე ჩაკეტეს და შეტევის ორგანიზების საშუალებას არ აძლევდნენ.

ანგარიშიც სწორედ აუტსაიდერებმა გახსნეს. მატჩის მე-4 წუთზე მგეზავმა გიგი გაბუნიამ საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. სამ წუთში მასვე მიეცა შანსი, თავისიანები კიდევ უფრო
დაეწინაურებინა, მაგრამ ამჯერად საჯარიმოდან ბურთი კარის ძელებს შორის ვერ გაატარა.

"ყოჩების" სამქულიანი უპირატესობა 33-ე წუთამდე შენარჩუნდა. "ლელომ" ნელ-ნელა შეძლო მატჩის სადავეების ხელში აღება და მეტოქის მოედნის ნახევარზე "დასახლდა".

მიუხედავად ტერიტორიული უპირატესობისა, ლელოელები ქულების მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ კარში დასარტყმელი ხუთი საჯარიმოდან ოთხჯერ ბურთი აუტში გადაიტანეს და ერთხელ სწრაფად გაათამაშეს. ამან შედეგი ვერ გამოიღო.

რიგ შემთხვევებში "ყოჩები" მეტოქის მიერ აგორებულ მოლს კარგად უმკლავდებოდნენ, ორჯერ კი ლელოელებმა ბურთი დერეფანში უხეიროდ მოაწოდეს.

ანგარიშში დაწინაურება გათამაშების ლიდერმა 33-ე წუთზე შეძლო. შერკინება მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში დაინიშნა.

ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ შეტევა მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე განავითარა. იქ იერიშში გარემარბი ლექსო გუგავა ჩაერთო, რომელიც ლელოში შეიჭრა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საწყისი ათი წუთი ისევ "ყოჩების" უპირატესობით წარიმართა. 44-ე წუთზე მორკინალების მიძალებით მარჯვენა ფრთიდან სახიფათოდ შეუტიეს და ერთ-ერთ ეპიზოდში მეორეხაზელი დავით ბელაშვილი ყველაზე გონივრულად გაისარჯა.

მეტოქის ლელოდან ორ მეტრში მან დროულად შენიშნა დაუცველი სივრცე და ბურთი ჩათვლის მოედანში გადადო. გაბუნიამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:7.

ლელოელები სწრაფად შეეცადნენ წონასწორობის აღდგენას, თუმცა საამისოდ 11 წუთი დასჭირდათ. მათ ამჯერად საჯარიმოდან ბურთი აუტში აღარ გადაჰქონდათ. ყიასაშვილმა 55-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში - 10:10. მომდევნო 12 წუთში გუნდებმა კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს - 13:13.

დადგა მატჩის დასკვნითი 10-წუთიანი მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც "ლელომ" თითქმის უშეცდომოდ ითამაშა და ჩემპიონატში მე-10 გამარჯვება მიითვალა.

73-ე წუთზე "ყოჩების" მგეზავმა გიგი გაბუნიამ ბურთი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ფეხით დაჰკიდა. მას იქ ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი დაეუფლა, რომელმაც მოწინააღმდეგის ზეწოლის პირობებში მოახერხა და მარცხნივ ლექსო გუგავას გადააწოდა.

ამან "ყოჩების" 22-მეტრიანი ზონის ხაზამდე ირბინა, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და მერე მარცხნივ, იქვე მიმყოლ გარემარბ ალექსანდრე ნიჟარაძეს გადააწოდა, რომელმაც "ყოჩების" ლელოში უპრობლემოდ შეაღწია.

ყიასაშვილმა გარდასახა. მანვე მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმოც გაიტანა და თავისიანებს ათი ქულის სხვაობით მოაგებინა - 23:13.

ლელო-ყოჩები 23:13
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ნიჟარაძე, კოპაძე, ცერცვაძე, გუგავა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (ხიდეშელი 41), ბელქანია, სანიკიძე, ჭეიშვილი, ქოიავა (კვერნაძე 65), ბ. კოლელიშვილი, დარასელია, ჭყოიძე.
2ლ: გუგავა, ნიჟარაძე. 2გ,3ს: ყიასაშვილი.
ყოჩები (15-9) ჯაფარიძე, აბრამალაძე, გარუჩავა, ხვისტანი, ქუშაშვილი, გაბუნია, ხელაძე. (1-8) ცუცქირიძე, მახარაშვილი (ესაკია 41), შენგელია, ბელაშვილი, ტვილდიანი, წიკლაური, გუგეშაშვილი, მალაღურაძე.
ლ: ბელაშვილი. 2ს,გ: გაბუნია.
სინბინი: მალაღურაძე.
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

XI ტური
არმაზი-აკადემია 17:10
ლოკომოტივი-ბათუმი 38:24
ხარები-ილიაუნი ჯიქი 20:26

სატურნირო მდგომარე
ბა
გუნდი
1 ლელო 11 10 0 1 +177 47
2 არმია 11 10 0 1 +116 45
3 აია 11 7 1 3 +129 35
4 არმაზი 10 7 0 3 +28 29
5 ლოკომოტივი 11 5 1 5 +42 27
6 ჯიქები 11 5 0 6 +17 26
7 ხარები 10 3 0 7 -98 14
8 ბათუმი 11 3 0 8 -76 14
9 აკადემია 11 2 0 9 -213 10
10 ყოჩები 11 1 0 10 -122 7

XI ტური
აია-ილიაუნი ჯიქი, ბათუმი-ლელო, არმია-ლოკომოტივი, ყოჩები-არმაზი, აკადემია-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "არმიელთა" რევანში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული