გათამაშების ლიდერი თბილისის "ლელო" აუტსაიდერ თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდა და გაჭირვებით მოუგო - 23:13. ამ შეხვედრაში ერთი ტენდენცია გამოიკვეთა.
"ყოჩები", როგოც სჩვევიათ, ბოლომდე თავდადებით იბრძვიან, მაგრამ ამასთან ერთად, თამაშის დალაგებაც შეძლეს. თუმცა ხარისხი ჯერ კიდევ ისეთი არ არის, რაც საშუალებას მისცემს ლიდერს, მოუგოს და სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიოს.
ცხადია, "ყოჩების" ხელმძღვანელების ძალისხმევა მისასალმებელია, მაგრამ ახალგაზრდული გუნდით წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა ძალიან
"ლელო", როგორც ჩანს, მეტოქეს ზერელედ მოეკიდა. პირველ ტაიმში საჯარიმოს კარში არ ურტყამდნენ და ცდილობდნენ იმდენი ლელო გაეტანათ, რამდენიც პრემიალური ქულის მოპოვების საშუალებას მისცემდათ. არ გამოუვიდათ.
ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა მაინც ქუთაისში გაიმართა, სადაც მესამეადგილოსანმა "აიამ" ქვეყნის ჩემპიონსა და მეორე ადგილზე მყოფ "არმიას" უმასპინძლა. ამ უკანასკნელს მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი პირველ წრეში სწორედ ქუთათურებმა აგემეს. ამიტომ, ცხადია, რომ რევანშის აღების წყურვილი კლავდათ.
შეძლეს კიდეც - 29:25 თამაშმა აჩვენა, რომ "არმია" უფრო ორგანიზებული და კარგად გამართული გუნდია. თუმცა, "აიას" მგეზავს საჯარიმოები რომ არ გაეცუდებინა, ძნელი სათქმელია, შეძლებდნენ თუ არა არმიელები გამარჯვების მოპოვებას.
ამ გამარჯვების შემდეგ "არმიას" 45 ქულა აქვს და ლიდერ "ლელოს" ისევ ორი ქულით ჩამორჩება. ქუთაისელთა ჩამორჩენა კი უფრო სოლიდურია. "აიას" არმიელებამდე ათი ქულა აშორებს.
საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა სეზონის აღმოჩენად აღიარებულ თბილისის "არმაზს" ერთ-ერთი აუტსაიდერის, თბილისის "აკადემიის" დასამარცხებლად - 17:10. არმაზელები, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე კიდევ შვიდი ტური დარჩა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პლეი ოფის საგზურს მოიპოვებენ.
ცხადია, ამ განცხადების გაკეთების საშუალებას მხოლოდ "აკადემიასთან" გამართული მატჩი არ გვაძლევს. "არმაზი" კარგად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა, რომელშიც მძლავრ შერკინებას მხარს შესანიშნავად უბამს უკანა ხაზიც.
"აკადემია" ათი ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შანსი ჯერ კიდევ დიდია. აკადემიელები აქამდე საკადრო პრობლემებს განიცდიდნენ და სწორედ ამიტომ დადგა გუნდი დილემის წინაშე. თუმცა, როცა ძალიან მოინდომეს, ქართული რაგბის ფლაგმანი და ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხეს.
რკინიგზელებმა მე-10 ტურში შინ დაამარცხეს "ბათუმი" - 38:24. როგორც ანგარიშიდან ჩანს, თამაში უხვლელოიანი გამოდგა, რაც ორივე გუნდის კარგ შეტევით პოტენციალთან ერთად, დაცვაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
"ლოკომოტივი" ყველასთვის მოულოდნელად ძველებურად "ღონიერი" ვერ არის და ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
თუ ბათუმელთა შემადგენლობას თვალს შევავლებთ, ცხადი გახდება, რომ ამ გუნდს გაცილებით უკეთესი პოზიცია უნდა ეჭიროს სატურნირო ცხრილში, ვიდრე მერვე ადგილია.
მოთამაშეთა უმრავლესობა "ბათუმში" წლეულს ჩაირიცხა და, როგორც ჩანს, სათანადოდ შეთამაშება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
თავისი ამბიციების საფუძვლიანობა ისევ დაამტკიცა თბილისის "ილიაუნი ჯიქმა", რომელმაც სტუმრად მოუგო რუსთავის "ხარებს" - 26:20. ამ მატჩში ნაჩვენები თამაშითა და შედეგით, "ჯიქებმა" დაგვარწმუნეს, რომ პლეი ოფში თამაშს იმსახურებენ.
XI ტური
აია-ილიაუნი ჯიქი, ბათუმი-ლელო, არმია-ლოკომოტივი, ყოჩები-არმაზი, აკადემია-ხარები.
სატურნირო მდგომარეობა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ლელო | 11 | 10 | 0 | 1 | +177 | 47 |
2 | არმია | 11 | 10 | 0 | 1 | +116 | 45 |
3 | აია | 11 | 7 | 1 | 3 | +129 | 35 |
4 | არმაზი | 10 | 7 | 0 | 3 | +28 | 29 |
5 | ლოკომოტივი | 11 | 5 | 1 | 5 | +42 | 27 |
6 | ჯიქები | 11 | 5 | 0 | 6 | +17 | 26 |
7 | ხარები | 10 | 3 | 0 | 7 | -98 | 14 |
8 | ბათუმი | 11 | 3 | 0 | 8 | -76 | 14 |
9 | აკადემია | 11 | 2 | 0 | 9 | -213 | 10 |
10 | ყოჩები | 11 | 1 | 0 | 10 | -122 | 7 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"