12 დეკემბერს გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის "ლელო" სტუმრად "ბათუმს" დაუპირისპირდება.
შაბათს კი რუსთავის "ხარები" თბილისის "არმაზს" უმასპინძლებს.
"ლელოსა" და "ბათუმის" დაპირისპირება გასულ უქმეებზე უნდა გამართულიყო, თუმცა ზღვისპირეთში შაბათს გადაუღებლად წვიმდა და მოედანი ისე დაიტბორა, თამაში შეუძლებელი გახდა. ამრიგად, ლელოელებს მეორედ მოუწევთ ბათუმში ჩასვლა და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზე გადაბარგდებიან.
წესით, მეტოქეს არაფერი უნდა დაუთმოს ბათუმურმა გუნდმაც, რადგან მას თბილისის "აკადემია" წამოეწია და გამორიცხული არ არის, გაასწროს კიდეც. ასეთ
დღესდღეობით სატურნირო ცხრილს სათავეში ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" უდგას, რომელმაც გასულ უქმეებზე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ არმიელებს თავისი სათამაშო სტილი ჩამოუყალიბდათ.
მორკინალების ძალისხმევას, მოპოვებულ უპირატესობას უკანახაზელები შესანიშნავად იყენებენ. აკი რკინიგზელებთან მატჩშიც სამი ლელოდან სამივე უკანახაზელებმა მიითვალეს.
"არმიას" რიგებში მეორე ტაიმში ახალგაზრდა ცხრა ნომერმა რამაზ ჯინაშვილმა ითამაშა. ის 2011 წელს თბილისში გამართულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებში თავის პოზიციაზე სათადარიგო იყო. მას შემდეგ ზუსტად წელიწადნახევარი გავიდა და "ლოკომოტივთან", ანუ ძლიერ მეტოქესთან მატჩში გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა მორაგბეს ძალიან მომატებული აქვს ოსტატობა.
მის მიმართ მატჩის რეპორტაჟში ქება და ეპითეტები არ დავიშურეთ. იმედია, ჯინაშვილი ჩვენ მიერ გაცემულ ავანსს გაამართლებს, ბევრს იშრომებს და ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცხრა ნომერი შეემატება.
"ლოკომოტივი" კი მისთვის უჩვეულო, ისევ მეხუთე ადგილზეა. "არმიასთან" რკინიგზელებმა ლიდერის, ზვიად მაისურაძის გარეშე ითამაშეს, რაც გუნდის მესამე ხაზს, შეტევით პოტენციალს აშკარად დაეტყო. საერთოდ, "ლოკომოტივმა" სეზონის წინ და მიმდინარეობისასაც სერიოზული დანაკლისი განიცადა. მოთამაშეთა დიდი ნაწილი ტრავმირებულია, რამდენიმეს დისკვალიფიკაცია აქვს. ეს კი გუნდის შედეგებზე მკვეთრად აისახა.
ქუთაისის "აიამ", რომელიც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, შინ დამაჯერებლად სძლია უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქს".
ქუთათურებმა წინა ტურში საკუთარ მოედანზე "არმიასთან" მარცხის შემდეგ სათანადო დასკვნები გააკეთეს და მეტოქის ახალგაზრდულ გუნდთან ბევრად უფრო შემართებით და კონცენტრირებულებმა ითამაშეს.
თუმცა, პირველი ტაიმის მეორე ნახევარში "ჯიქებმა" მასპინძლების შევიწროება შეძლეს და მათთვის ფორტუნას რომ მოწყალე თვალით გადმოეხედა, არავინ იცის, მატჩი საბოლოოდ ვის სასარგებლოდ დასრულდებოდა.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თბილისის "აკადემიამ" შინ რუსთავის "ხარებთან".
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელები ჯერ ისევ ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე იმყოფებიან, მეტოქეთაგან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. ისინი "ბათუმს" ქულებით გაუთანაბრდნენ, რუსთაველებს კი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ორივეს თითო თამაში თადარიგში აქვთ.
კონკურენტებს საგრძნობლად ჩამორჩა თბილისის "ყოჩები", რომელიც მე-12 ტურში მეოთხეადგილოსან "არმაზთან" დამარცხდა. უძველეს ქართულ გუნდს მხოლოდ შვიდი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
გამოტოვებული
ბათუმი-ლელო
15 დეკემბერი
ხარები-არმაზი
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არმია 12 11 0 1 +136 50
2. ლელო 11 10 0 1 +177 47
3. აია 12 8 1 3 +158 40
4. არმაზი 11 8 0 3 +41 34
5. ლოკომოტივი 12 5 1 6 +22 27
6. ჯიქები 12 5 0 7 -12 26
7. ხარები 11 3 0 8 -102 15
8. ბათუმი 11 3 0 8 -76 14
9. აკადემია 12 3 0 9 -209 14
10. ყოჩები 12 1 0 11 -135 7
XIII ტური
16 თებერვალი
ილიაუნი ჯიქი-აკადემია, არმაზი-ბათუმი, ხარები-ყოჩები, ლელო-არმია, ლოკომოტივი-აია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"