აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონაში, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პლეი ოფის თითო მონაწილე უკვე გარკვეულია. თბილისის "თიბისის" და ქუთაისის "ბაგრატს" პირველობაში ვერავინ შეეცილება. დარჩენილი ორი საგზურისთვის კი ჯერ კიდევ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს.
აღმოსავლეთ ზონაში, როგორც უკვე ვთქვით, "თიბისის" კონკურენციას ვერავინ უწევს. ამ გუნდმა ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ამჯერადაც თბილისის "დინამოს" დიდი ანგარიშით სძლია - 70:0.
მეორე ადგილისთვის ერთბაშად სამი გუნდი - პატარძეულის "ვეფხვები", თბილისის "ხულიგანა" და თბილისის "ივერია" - იბრძვის.
"ხულიგანა" და "ივერია" კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ივერიელებს დარჩათ - 26:14. შედეგად, "ივერიას" 36 ქულა დაუგროვდა და ახლა მეოთხე ადგილზეა. მას "ხულიგანა" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.
გამორიცხული არ არის, ეს მარცხი ამ გუნდისთვის საბედისწერო გამოდგეს, რადგან მთავარ კონკურენტს, "ვეფხვებს" საგრძნობლად დაწინაურების შანსი მისცეს.
კიდევ ერთ შეხვედრაში სამოყვარულო გუნდმა თბილისის "დევებმა" სტუმრად მოუგო გარდაბნის "მგლებს" - 55:13.
I ლიგა
აღმოსავლეთი
XIV ტური
მგლები-დევები 13:55, ხულიგანა-ივერია 14:26, უნივერსიტეტი-ვეფხვები 0:48, თიბისი-დინამო 70:0.
სატურნირო მდგომარეობა:
1. თიბისი - 57 ქულა, 2. ვეფხვები - 44, 3. ხულიგანა - 38, 4. ივერია - 36, 5. დინამო - 30, 6. მგლები - 23, 7. დევები - 20, 8. ტორნადო - 15, 9. უნივერსიტეტი - 6.
XV ტური
ტორნადო-ხულიგანა, დინამო-დევები, უნივერსიტეტი-მგლები, ივერია-თიბისი.
* * *
დასავლეთ ზონაში დაუმარცხებლად ასპარეზობს ქუთაისის "ბაგრატი", რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე გაინაღდა მეორე ეტაპზე თამაშის უფლება.
ქუთაისელმა მორაგბეებმა მეშვიდე ტურში სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგეს ოზურგეთის "არწივებს" - 49:13.
პლეი ოფის მეორე საგზურის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ფოთის "რაინდებს" აქვს, რომელმაც შინ სძლია აუტსაიდერ "მარტვილს" - 43:5. ფოთელთა კონკურენტმა ბათუმის "დელფინებმა" კი მოულოდნელად სტუმრად წააგო საჩხერის "ჯრუჭთან" - 15:25 და საგრძნობლად გაირთულა სატურნირო მდგომარეობა.
დასავლეთი
VII ტური
რაინდები-მარტვილი 43:5, ჯრუჭი-დელფინები 25:15, არწივები-ბაგრატი 13:49.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბაგრატი - 34 ქულა, 2. რაინდები - 27, 3. დელფინები - 17, 4. არწივები - 14, 5. ჯრუჭი - 8, 6. მარტვილი - 1.
VIII ტური
რაინდები-ჯრუჭი, მარტვილი-არწივები, ბაგრატი-დელფინები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"