საქართველოს ჩემპიონატი: საბრძოლო ფრემ არაფერი შეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩვენი ქვეყნის უძველესი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდების, თბილისის "ლოკომოტივისა" და ქუთაისის "აიას" დაპირისპირებით დაიწყო.

ამ კლუბების შეხვედრები მუდამ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლებში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რა მიზნებისთვის იბრძვიან ისინი. ასე იყო ამჯერადაც. თამაშში ძლიერი ვერ გამოვლინდა და ფრედ, 13:13 დასრულდა.

შეჯიბრების ამ ეტაპზე ორივე გუნდს განსხვავებული მიზნები აქვს. "აიას" პლეი ოფში მოხვედრა ეჭვს არ იწვევს, თუმცა ქუთათურები მესამე ადგილის დასაკავებლად მაინც იბრძვიან, რათა ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში შინ ითამაშონ. რკინიგზელებს კი პლეი ოფის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვთ.

თამაში სტუმრებმა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე ლელოს გატანა მოახერხეს. "ლოკომოტივის" რიგებში დაბრუნებულმა ვეტერანმა მგეზავმა ბობა კვინიხიძემ ბურთი ფეხით მეტოქის მოედნის ნახევარზე გადაიტანა.

იქ, მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს, მას გარემარბი სერგო კვერნაძე დაეუფლა, ოდნავ წინ წაიწია და მერე ბურთი შუამარბ გიორგი ფრუიძეს მოედნის სიღრმეში შემოუბრუნა, რომელმაც მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. მგეზავმა გაგა სინაურიძემ გარდასახა - 7:0.

"ლოკომოტივმა" ამის შემდეგ თამაშის დალაგება შეძლო, თუმცა ანგარიშის გათანაბრება დიდხანს ვერ მოახერხა. კვინიხიძემ და ამ მატჩში შუამარბად გამწესებულმა ვახტანგ კავთიძემ თითო საჯარიმო გააცუდეს. 31-ე წუთზე კი რკინიგზელებმა ხანგრძლივი, თითქმის ხუთწუთიანი იერიში წამოიწყეს.

"აიას" ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში მასპინძლების სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა თამაშის წესი დაარღვიეს. მსაჯმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა.

რკინიგზელებმა სწრაფად გაათამაშეს, მორკინალების დარტყმებით წინ წაიწიეს, წარმოქმნილი რაკიდან ბოლოს ბურთი შერკინების კვაჭმა ლევან გენებაშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო. გარდასახვა კავთიძემ ზუსტად დაარტყა - 7:7.

"აია" ამის შემდეგ უფრო აქტიური გახდა და საპასუხო შეტევისას ლელოს გატანაც შეეძლო, თუმცა მხოლოდ საჯარიმოს გამორჩა და სინაურიძემ ქუთათურები ახლო მანძილიდან ისევ დააწინაურა - 10:7. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ მატჩი კიდევ უფრო მძიმე და დაძაბული გახდა. გუნდები ზომაზე მეტად ფრთხილობდნენ, რამაც თამაშს დაღი დაასვა. ანგარიშის გათანაბრება "ლოკომოტივმა" 66-ე წუთზე მოახერხა, როცა საჯარიმო ფულბეკმა ბექა წიკლაურმა გაიტანა - 10:10.

"აიას" მგეზავმა სინაურიძემ საპასუხო საჯარიმო ორ წუთში გაიტანა და თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა - 13:10. "ლოკომოტივმა" მარცხისგან თავის დაღწევა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე შეძლო. წიკლაურმა კიდევ ერთი საჯარიმო დაარტყა ზუსტად -13:13.

"აიას" კონკურენტმა "არმაზმა" შინ "ბათუმის" დამარცხება შეძლო - 23:16 და ქუთათურებს წამოეწია. მიუხედავად ამისა, იმერული გუნდი მესამე ადგილს ინარჩუნებს. რკინიგზელები კი მე-6 ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ რუსთავის "ხარებს" ცხრა ქულით უსწრებენ.

ლოკომოტივი-აია 13:13
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ქავთარაძე, კავთიძე, ჟამუტაშვილი (შიოშვილი 41), კვინიხიძე, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი (ყაზალიკაშვილი 70), გენებაშვილი, ელოშვილი, გეგია, სულთანიშვილი, ხულუაშვილი (ნიშნიანიძე 30), ჩიტიძე, მაისურაძე.
ლ: გენებაშვილი. 2ს: წიკლაური. გ: კავთიძე.
აია (15-9) ძნელაძე, გოშაძე, ფრუიძე, კუხიანიძე, კვერნაძე, სინაურიძე, როხვაძე. (1-8) ულუმბელაშვილი (წაქაძე 60), მატკავა (ლომთაძე 37), ლომიძე, შალამბერიძე, ძაგნიძე, დგებუაძე (რევიშვილი 70), ყურაშვილი, თხელიძე.
ლ: ფრუიძე. 2ს,გ: სინაურიძე.
სინბინი: ძაგნიძე.
მსაჯი: უჩა ნარიმანიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული