საქართველოს ჩემპიონატი: სამი ტურიც და...

AutoSharing Option
სამკვირიანი შესვენების შემდეგ, 23 მარტს საქართველოს ჩემპიონატი მე-16 ტურის მატჩებით გაიხსნება.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პლეი ოფის ხუთი მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენია: თბილისის "ლელო", ქუთაისის "აია", "არმია", თბილისის "არმაზი" და თბილისის "ჯიქები".

კიდევ ერთი საგზურისთვის ორი გუნდი, ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" და "ბათუმი" იბრძვის. რკინიგზელები 30 ქულით მეექვსე ადგილზე არიან და მას ბათუმური გუნდი, რომელსაც ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან სათავეში გამოცდილი მწვრთნელი ლევან მგელაძე ჩაუდგა, ექვსი ქულით ჩამორჩება.

შავიზღვისპირელები მე-16 ტურში შინ მიიღებენ აუტსაიდერ თბილისის "ყოჩებს, რომელსაც
მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწიოს.

ბათუმელები ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გაცილებით უკეთ ათამაშდნენ და ნაკლებად სავარაუდოა, საკუთარ მოედანზე "ყოჩებთან" მატჩში წარმატებას ვერ მიაღწიონ.

"ლოკომოტივის" მეტოქე კი წლევანდელი სეზონის მოულოდნელობა - თბილისის "არმაზი" იქნება, რომელიც მეოთხე ადგილზეა და, მართალია, მცირედი, მაგრამ მაინც შანსი აქვს, რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულოს. ამასთან ერთად, მას მჭიდროდ მიუახლოვდა ჩემპიონატის დებიუტანტი, თბილისის "ჯიქები".

არმაზელთა დაპირისპირება "ლოკომოტივთან" ნათლად გვიჩვენებს, რამდენად საფუძვლიანია ამ გუნდის ამბიციები და შესწევს თუ არა მას ძალა, პლეი ოფში წარმატებით იასპარეზოს.

"არმაზი" საამისოდ დიდხანს ემზადებოდა და წლების განმავლობაში საკმაოდ რთული გზა განვლო.

გუნდის თამაში, რომელიც აქამდე ძირითადად შერკინების ძალისხმევას ემყარებოდა, გუნდში გარემარბი ირაკლი მაჩხანელის მისვლის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გუნდის ნამდვილი ლიდერი და თამაშის წარმმართველია მგეზავი დავით კიკნაძე, რომელიც "არმაზის" მოთამაშე მწვრთნელი და მთავარი მექულეა.

როგორც უკვე ვთქვით, ერთი საფეხურით დაწინაურების კარგი შანსი აქვს თბილისის "ჯიქებს". ამ ახალგაზრდულმა გუნდმა წლეულს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და თვით ის ფაქტი, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, დებიუტანტის კვალობაზე უკვე მიღწევაა.

თუმცა "ჯიქები" ამაზე გაჩერებას არ აპირებს და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა სწადია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატის მეორე ნახევარი განახლდა, ანუ 2013 წელს, "ჯიქებმა" სამი თამაში გამართეს და სამივე მოიგეს.

ამჯერად გიორგი ამირხანაშვილის სამწყსოს მეტოქე ძალიან სერიოზული, გათამაშების ლიდერი თბილისის "ლელო" იქნება, რომელსაც 15 მატჩში მხოლოდ ორი მარცხი აქვს.

ლელოელებს მატჩში ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელიც შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში ჰონგ კონგში იმყოფება.

ლელოელებს კვალში უდგას საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია", რომელიც ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თბილისის "აკადემიას" დაუპირისპირდება. აკადემიელებს წარმატების შემთხვევაში შანსი მივცეთ, რუსთავის "ხარებს" გაასწროს, რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება.

რუსთაველები კი ამ დროს ქუთაისში "აიას" ეთამაშებიან. რეალურად, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს მიზერული აქვს. შესაბამისად, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია.

XVI ტური
არმია-აკადემია, აია-ხარები, ჯიქები-ლელო, არმაზი-ლოკომოტივი, ბათუმი-ყოჩები

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 15 13 0 2 +226 61
2. არმია 15 13 0 2 +149 60
3. აია 15 10 2 3 +174 50
4. არმაზი 15 10 0 5 +30 42
5. ჯიქები 15 8 0 7 +61 40
6. ლოკომოტივი 15 5 2 8 0 30
7. ბათუმი 15 5 0 10 -73 24
8. ხარები 15 4 0 11 -124 21
9. აკადემია 15 4 0 11 -240 18
10. ყოჩები 15 1 0 14 203 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული