მოწინავე ექვსეულში მოხვედრისთვის მეექვსე ადგილზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" და მისი უახლოესი მდევარი "ბათუმი" იბრძოდნენ. თუმცა რკინიგზელებმა სტუმრად რუსთავის "ხარები" დაამარცხეს 22:16 და შავიზღვისპირელები პლეი ოფს მიღმა დატოვეს. მით უფრო, რომ "ბათუმმა", თავის მხრივ, სტუმრად წააგო თბილისის "ჯიქებთან" - 10:16.
გასარკვევი ბოლო ტურში ისღა იქნება, პლეი ოფის ნახევარფინალის შესარჩევ ეტაპზე რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მეტ-ნაკლებად გარკვეული სიტუაცია მას შემდეგ
თუმცა, მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ "ჯიქებთან" მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ "ლელომ" ლიდერობა დაკარგა.
ბოლოსწინა ტურში ლელოელები ამჟამად მე-5 ადგილზე მყოფ "არმაზს" დაუპირისპირდნენ და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 19:18 მოიგეს.
თამაში საინტერესო გამოდგა. არმაზელები მეტოქეს არც ღონით ჩამოუვარდებოდნენ და გამართულადაც ბურთაობდნენ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში რეალური სალელოვე შეტევა არ ჰქონიათ.
თვრამეტივე ქულა "არმაზს" მოთამაშე მწვრთნელმა, მგეზავმა დავით კიკნაძემ საჯარიმო დარტყმებით მოუტანა. მანვე ორივე ტაიმში თითო საჯარიმო ვერ გამოიყენა.
ერთი მათგანი გადამწყვეტ მომენტში, როცა თამაშის დასრულებას სამი წუთი აკლდა და არმაზელები 18:19-ს აგებდნენ, კიკნაძემ 47 მეტრიდან ვერ გაიტანა.
"ლელომ" თამაში აქტიურად დაიწყო და ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 3:0.
ოთხ წუთში ახლა უკვე ლელოელები დაჯარიმდნენ საკუთარ 22-მეტრიან ზონაში და კიკნაძემ ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
საჯარიმოების გაცვლა-გამოცვლა 31-ე წუთამდე გაგრძელდა. ყიასაშვილმა და კიკნაძემ კიდევ ორ-ორჯერ დაარტყეს ზუსტად - 9:9.
შვიდ წუთში კი "ლელომ" მორიგი საჯარიმო უკვე კარში აღარ დაარტყა. მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ბურთი აუტში გადაიტანა.
ლელოელებმა ხუთმეტრიანი დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, მიაწვნენ და იმ მომენტში, როცა თითქოს "არმაზმა" მეტოქის მიძალების მოგერიება შეძლო, მოლს შერკინების კვაჭი დავით ხიდეშელი მოსწყდა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 14:9.
ტაიმის მიწურულს კიკნაძემ კიდევ ერთხელ დასაჯა მეტოქე თამაშის წესების დარღვევის გამო და ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 12:14. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ, 20 წუთის განმავლობაში, "არმაზი" უკეთ გამოიყურებოდა. ლელოელები ხშირად მარტივ ვითარებაში უშვებდნენ შეცდომებს, რის გამოც შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ამით არმაზელებმა შესანიშნავად ისარგებლეს.
კიკნაძემ 47-ე და 65-ე წუთებზე კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და თავისიანები ოთხი ქულით დააწინაურა - 18:14.
თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, "ლელო" მარცხის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გუნდმა თამაშის ტემპს უმატა და ნელ-ნელა უპირატესობასაც დაეუფლა. 70-ე წუთზე ლელოელებმა საჯარიმო კარში არ დაარტყეს და ისევ დერეფნიდან აგორებული მოლით სცადეს მეტოქის ჩათვლის მოედანში შეღწევა.
პირველი მცდელობისას "არმაზი" დაცვაში დაჯარიმდა. "ლელომ" ისევ აუტში გადაიტანა ბურთი. მეორე მიძალებისას კი ბურთი დაკარგა.
ხუთ წუთში ლელოელებმა დერეფანში ბურთი უკვე არმაზელთა ლელოდან 15 მეტრში ააგდეს.
შეცვლაზე შესულმა ლევან დარასელიამ მეტოქის ხაზი გაჭრა და ათიოდ მეტრი გაიარა. იერიში გიორგი ჭყოიძემ განაგრძო, რომელიც ჩათვლის მოედნიდან ორ მეტრში შეაჩერეს. ამას მორკინალების რამდენიმე დარტყმა მოჰყვა და ცხრა ნომერმა გიორგი ჭინჭარაულმა ბურთი მარცხენა, გრძელ ფრთაზე ლაშა ხმალაძეს გაუტანა. ამან კიდევ უფრო მარცხნივ, ერთის გამოტოვებით შეტევაში ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი ჩართო, რომელმაც ლელოში შეღწევა შეძლო, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად - 19:18.
ლელო-არმაზი 19:18
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, ანდღულაძე, გუგავა, ნიჟარაძე, ხმალაძე, გიორგი ჭინჭარაული. (1-8) სანიკიძე (გოგიშვილი 50), ხიდეშელი (ბელქანია 48), პატარაია, ჭეიშვილი (ნიკოლაიშვილი 41), ქოიავა, მძინარიშვილი (დარასელია 50), სურგულაძე, ჭყოიძე.
2ლ: ხიდეშელი, ყიასაშვილი. 3ს: ყიასაშვილი.
სინბინი: ქოიავა.
არმაზი (15-9) ნიკოლავა, ჩხაიძე (კაიფაჯიანი 56), მაისურაძე, მაჩხანელი, ხუციშვილი, კიკნაძე, მჟავანაძე (ბროძელი 41). (1-8) ბუკია, სოსელია, თაგაური (ფრუიძე 46), კაჭარავა (ჯიბლაძე 67), ჭელიძე, კანდელაკი (გიგაური 5), მინაშვილი, თიგიშვილი.
6ს: კიკნაძე.
სინბინი: თიგიშვილი
მსაჯი: რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია)
XVII ტური
ყოჩები-არმია 3:97, ხარები-ლოკომოტივი 16:22, ჯიქები-ბათუმი 16:10, აკადემია-აია 10:74.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არმია 17 15 0 2 +277 70
2. ლელო 17 14 0 3 +221 66
3. აია 17 12 2 3 +252 59
4. ჯიქები 17 10 0 7 +73 48
5. არმაზი 17 10 0 7 +27 44
6. ლოკომოტივი 17 7 2 8 +8 38
7. ბათუმი 17 6 0 11 -40 30
8. ხარები 17 4 0 13 -144 22
9. აკადემია 17 4 0 13 -338 18
10. ყოჩები 17 1 0 16 -336 7
XVIII ტური
აია-ყოჩები, ლოკომოტივი-აკადემია, არმაზი-ჯიქები, ხარები-ლელო, ბათუმი-არმია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"