მართალია, პლეი ოფში გასული ექვსი გუნდის ვინაობა გარკვეულია, მაგრამ დასადგენია, ისინი როგორ დაწყვილდებიან. ცნობილია ერთი ხელმოცარული გუნდიც, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად გადათამაშებაში მოუწევს ასპარეზობა. ეს თბილისის "ყოჩებია". მეორეს კი ბოლო ტური გამოავლენს.
რეგულარულ გათამაშებას, სავარაუდოდ, პირველ ადგილზე დაასრულებს საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია", რომელიც ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება უმოტივაციოდ დარჩენილ "ბათუმს".
არმიელებმა სეზონი სტაბილურად განვლეს. მიუხედავად იმისა, რომ წამყვან მოთამაშეთა უმრავლესობა დაშავებულია, სათადარიგოთა გრძელი სკამი გუნდს საშუალებას
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყების წინ "არმია" ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ და შერკინების ბურჯმა გიორგი ხოსიტაშვილმა დატოვეს.
თუმცა გუნდს საკმარისი რესურსი აღმოაჩნდა, რათა ეს დანაკლისი სათანადოდ შეევსო. არმიელებმა დღემდე ორი მატჩი წააგეს და სამართლიანად ითვლებიან ჩემპიონობის უმთავრეს პრეტენდენტებად.
"არმიას" ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა თბილისის "ლელო", რომელიც ბოლო ტურში სტუმრად ითამაშებს რუსთავის "ხარებთან". ლელოელებისთვის ეს შეხვედრა პლეი ოფის მატჩებისთვის მზადების ეტაპი იქნება.
მასპინძლებმა კი, რომლებიც 18 ქულით მე-9 ადგილზე არიან, როგორც მინიმუმ პრემიალური ქულით წაგება უნდა მოახერხონ, რადგან უახლოესი მდევარი, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი თბილისის "აკადემია" მათ ოთხი ქულით ჩამორჩება.
"ლელომ", ისევე როგორც "არმიამ" 17 მატჩში მხოლოდ ორჯერ წააგო, ოღონდ ერთი პრემიალური ქულით ნაკლების აღება მოახერხა. შესარჩევ ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი ითამაშებს და, სავარაუდოდ, მომავალი ჩემპიონის ვინაობაც მათ შორის უნდა ვეძებოთ.
"ხარების" კონკურენტი "აკადემია" ბოლო ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. რკინიგზელებს შანსი აქვთ, პრემიალური ქულით გამარჯვების შემთხვევაში შეჯიბრების დებიუტანტს თბილისის "ჯიქებს" გაუსწროს, რაც საშუალებას მისცემს, ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში მესამეადგილოსან ქუთაისის "აიას" ასცდეს, რომელსაც სტუმრტად უნდა დაუპირისპირდეს.
თავის მხრივ, რკინიგზელებთან მატჩში გამარჯვების მოპოვებას ეცდება "აკადემიაც", რომელმაც სეზონის დაწყების წინ მოთამაშეთა დიდი ჯგუფი დაკარგა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მარცხის შემთხვევაში აკადემიელები ბოლოსწინა ადგილს დაიკავებენ და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პირველი ლიგის მეორე გუნდს დაუპირისპირდებიან.
ცალკე უნდა ვთქვათ "ლოკომოტივზე", რომელიც ასევე რთულ მდგოამრეობაში იმყოფება. ცხადია, მას უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრება, მაგრამ რკინიგზელებს მეექვსე ადგილზე გასვლა აქტივში არაფრით ჩაეწერებათ.
17 თამაშიდან შვიდის მოგება, რვის წაგება და ორის ფრედ დასრულება "ლოკომოტივისთვის" შეუფერებელი შედეგია.
რკინიგზელების მეტოქე "აია" იმ შემთხვევაში იქნება, თუ "ჯიქებმა" მეოთხეადგილოსან "არმაზთან" დაპირისპირებაში, რომელიც უმოტივაციოდაა დარჩენილი, ერთი პრემიალური ქულის მოპოვებას მაინც შეძლებს.
გათამაშების დებიუტანტი "ჯიქები" მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ეს ახალგაზრდული და, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ამბიციური გუნდი ბოლომდე თავდადებული ბრძოლით გამოირჩევაა და, რაც მთავარია, სწორი, გამართული რაგბის თამაშს ცდილობს.
"ჯიქებისთვის" პლეი ოფში გასვლა უკვე თამამად შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს, თუმცა მათ მიღწეულზე შეჩერება არ სურთ. ცხადია, დანებებას არც "არმაზი" აპირებს, რომელიც წლეულს თავის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ერთი სიტყვით, ბოლო ტური ყველას დამსახურებულ ადგილს მიუჩენს და მერე, პლეი ოფში მოედანზე გამოჩნდება, ვისი ამბიციები უფრო საფუძვლიანია.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არმია 17 15 0 2 +277 70
2. ლელო 17 15 0 2 +221 69
3. აია 17 12 2 3 +252 59
4. არმაზი 17 10 0 7 +27 44
5. ჯიქები 17 9 0 8 +73 43
6. ლოკომოტივი 17 7 2 8 +8 38
7. ბათუმი 17 6 0 11 -40 30
8. ხარები 17 4 0 13 -144 22
9. აკადემია 17 4 0 13 -338 18
10. ყოჩები 17 1 0 16 -336 7
XVIII ტური
6 აპრილი
ლოკომოტივი-აკადემია, არმაზი-ჯიქები, ხარები-ლელო
7 აპრილი
ბათუმი-არმია, აია-ყოჩები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"