საქართველოს ჩემპიონატი: ორი გამოცდილი, ორიც აღმოჩენა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ბოლო, გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა.

ქვეყნის პირველი გუნდის ტიტულისთვის ბრძოლას ექვსი კლუბი განაგრძობს. ესენია: "არმია", "ლელო", "აია", "ჯიქები", "არმაზი" და "ლოკომოტივი". ამათგან პირველი ორი პირდაპირ ნახევარფინალში გავიდა. დანარჩენები კი ერთმანეთთან შესარჩევ მატჩებში გაარკვევენ ურთიერთობას.

რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა შარშანდელმა ფინალისტმა ქუთაისის "აიამ", რომელიც პლეი ოფში შინ მიიღებს მეექვსეადგილოსან თბილისის "ლოკომოტივს".

ეს ორი გუნდი ძველი მეტოქეები არიან. სამწუხაროდ, ერთ-ერთ მათგანს, ამ თამაშის შემდეგ, მედლების გარეშე მოუწევს დარჩენა.

ქუთაისის "აია" მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გახდა,
ისევ მოწინავეთა შორის დაბრუნდა.

ქუთათურებმა შარშანდელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარეს და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. წლეულს, სეზონის დაწყების წინ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, რამაც, ცხადია, თამაშის ხარისხს დაღი დაასვა.

მიუხედავდად ამისა, "აიამ" მაინც მოახერხა ძალების მობილიზება. შემადგენლობა თავისივე აღზრდილებით შეავსო და პლეი ოფში გასვლისთვის ყველაფერი გააკეთა.

ქუთათურთა თამაშის ძლიერი მხარე ყოველთვის მძლავრი და მოძრავი შერკინება იყო, თუმცა ბოლო წლებში უკანა ხაზიც ეფექტურად ამოქმედდა. შედეგად, ქუთაისელი უკანახაზელები საქართველოს ასაკობრივი და შვიდკაცა რაგბის ნაკრებების მოთამაშეები გახდნენ.

რეგულარულ გათამაშებაში "აიამ" 18 მატჩი გამართა, აქედან 13 მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და სამი წააგო. გუნდის ანაგარიშზე 555 მოპოვებული ქულაა. ბალანსი კი - პლუს 310.

ქუთაისელთა მეტოქე თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდია.

რკინიგზელები წლეულს საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდნენ, რითაც მისთვის უჩვეულო მეექვსე ადგილზე გასვლა შეიძლება აიხსნას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - აქამდე "ლოკომოტივი" ერთფეროვნად, მუდამ შერკინებით ასპარეზობდა, თუმცა წარმატებებსაც აღწევდა.

წლეულს უხუცესმა ქართველმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა უკანა ხაზის ათამაშებაც შეძლო. რკინიგზელები უფრო ლაღად და საინტერესოდ ირჯებოდნენ, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით გუნდი ლიდერთა შორის ვერაფრით მოხვდა.

"ლოკომოტივმა" რეგულარულ გათამაშებაში რვა თამაში მოიგო, ორი ფედ დაასრულა და რვა წააგო. საგულისხმოა, რომ რკინიგზელებმა ორივეჯერ ფრედ სწორედ ქუთაისის "აიასთან" ითამაშეს.

პირველ წრეში ქუთაისში მატჩი 25:25 დასრულა, თბილისში კი - 13:13. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც თამაში უშეღავათო გამოვა, რადგან წაგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას წყვეტს.

პლეი ოფის მეორე წყვილში, მიმდინარე გათამაშების ორი აღმოჩენა, თბილისური გუნდები "ჯიქები" და "არმაზი" ითამაშებენ. "ჯიქები" ახალგაზრდული გუნდია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წლეულს პირველად ასპარეზობს.

გიორგი ამირხანაშვილის სამწყსოს ყველასგან გამორჩეული ხელწერა აქვს. ამ გუნდის მოთამაშეები ბოლომდე თავდადებით იბრძვიან და მარცხს ძნელად ეგუებიან.

სწორედ ამიტომ შეძლო "ჯიქებმა" დადებითი ბალანსის შექმნა. გუნდმა 18 მატჩში ათი მოიგო და რვა
წააგო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონის "არმიას" გარდა, "ჯიქებმა" ყველა ფავორიტის დამარცხება შეძლო.

წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს თბილისის "არმაზი". თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი საუკეთესოა ამ გუნდის ისტორიაში. არმაზელებმა რეგულარულ გათამაშებაში მე-5 ადგილი დაიკავეს, თუმცა უფრო წინ წასვლაც რეალურად ძალუძთ.

მათი მახასიათებელი ასევე ბოლომდე თავდადებით ბრძოლაა, რასაც გუნდის მოთამაშე-მწვრთნელის, მგეზავი დავით კიკნაძის ეფექტური თამაშიც აძლიერებს.

საკამოდ დიდი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელმაც საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ "არმაზში" კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა.

არმაზელებს "ჯიქების" მსგავსად ათი მოგება და რვა წაგება დაუგროვდათ. პირველ წრეში "არმაზმა" მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 20:19. საპასუხო მატჩშო კი "ჯიქებმა" სრული რევანში აიღეს - 31:20.

პლეი ოფი
13 აპრილი
ჯიქები-არმაზი

14 აპრილი
აია-ლოკომოტივი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული