საქართველოს ჩემპიონატი: "არმაზი" ოცნებას უახლოვდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე, პლეი ოფში მეოთხეადგილოსანი "ჯიქები" მასზე ერთი საფეხურით ქვემოთ დამკვიდრებულ "არმაზს" დაუპირისპირდა და 18:23 დამარცხდა.

შედეგად, გასავარდნ ფინალში სწორედ არმაზელები გავიდნენ.

რეგულარულ გათამაშებაში ორივე გუნდს თითქმის თანაბარი მაჩვენებლები ჰქონდა, ორივე წლევანდელი სეზონის აღმოჩენად მონათლეს და, ცხადია, მათ შორის კიდევ ერთი, უდიდესი მნიშვნელობის დაპირისპირებაში უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მისული მაყურებელი მოლოდინში არ შემცდარა. გუნდები მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ და თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს.

შეხვედრა თავიდანვე "ჯიქების" აქტიურობით დაიწყო, მათი შერკინება მეტოქეს აშკარად ჯაბნიდა და გასაკვირი არ
არის, რომ ბურთს მეტწილად ისინი აკონტროლებდნენ.

ანგარიში მატჩის მე-17 წუთზე სწორედ "ჯიქებმა" გახსნეს, თუმცა ამის გაკეთების საშუალება მათ იქამდეც არაერთხელ ჰქონდათ. ჯერ გარემარბმა რამაზ ხარაზიშვილმა ვერ გაიტანა საჯარიმო, მერე ცხრა ნომერმა ალექსანდრე ზაბახიძემ და მგეზავმა დიმიტრი კალანდაძემ თითოჯერ სცადეს არეკნით მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.

ხარაზიშვილმა ბოლოს მაინც მოახერხა ზუსტად დარტყმა და "ჯიქები" დააწინაურა - 3:0. ანგარიშის გასათანაბრებლად "არმაზს" ოთხი წუთი დასჭირდა. შედეგიანი იერიში საქართველოს ნაკრების გარემარბის, ირაკლი მაჩხანელის მიერ ინდივიდუალური ოსტატობის დემონსტრირებას მოჰყვა.

არმაზელთა გამორჩეულმა მოთამაშემ მარჯვენა ფრთაზე საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიგო, მერე მეტოქის ნახევარზე გადასულმა ბურთი ფეხით გადაკიდა, თუმცა "ჯიქებმა" ის წესის დარღვევით შეაჩერეს და საჯარიმო მგეზავმა დავით კიკნაძემ ზუსტად დაარტყა - 3:3.

ორ წუთში "ჯიქების" მორკინალების უპირატესობამ მაინც გამოიღო შედეგი. შერკინება არმაზელთა 22-მეტრიანი ზონის ხაზთან, მათივე სასარგებლოდ დაინიშნა.

"ჯიქებმა" მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს, შერკინებიდან გამოვარდნილი ბურთი მათმა მესამეხაზელმა ვეფხია ტუჩაშვილმა აიტაცა და "არმაზის" ლელოსკენ დაიძრა, თუმცა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ზაბახიძემ ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ დიმიტრი კალანდაძეს გადააწოდა; ამან კიდევ უფრო მარცხნივ შუამარბ ვლადიმერ კუპრეიშვილს მიაწოდა, რომელმაც ერთი შეხებით იერიშში კიდევ ერთი შუამარბი, ნიკა ბერძული ჩართო; ამან კიდისკენ გარემარბი ნიკა ბიწაძე მოძებნა, რომელიც მეტოქის ორ მცველს ხელიდან დაუსხლტა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ხარაზიშვილმა გარდასახა - 10:3.

გაშვებულმა ლელომ "არმაზი" საგრძნობლად გაააქტიურა. საპასუხო სალელოვე შეტევა არმაზელებმა შვიდი წუთის შემდეგ განახორციელეს.

მათ სასარგებლოდ მეტოქის ნახევარზე საჯარიმო დაინიშნა. კიკნაძეს კარში დარტყმაც შეეძლო, თუმცა ბურთის აუტში გადატანა გადაწყვიტა. ხუთმეტრიანი დერეფნიდან არმაზელებმა შესანიშნავად ააგორეს მოლი და ლელო შერკინების კვაჭმა გიორგი სოსელიამ გაიტანა. კიკნაძემ გარდასახა და პირველი ტაიმი ფრედ, 10:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი "არმაზისთვის" ცუდად დაიწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში გუნდის კაპიტანმა ოთარ მინაშვილმა წესი უხეშად დაარღვია და ახალზელანდიელმა არბიტრმა რიჩარდ კელიმ ის ათი წუთით გაასინბინა.

აღსანიშნავია, რომ "ჯიქებმა" რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო. მართალია, შეცვლაზე შესულმა ნუგზარ გიორგაძემ 45-ე წუთზე საჯარიმოთი დააწინაურა თავისიანები - 13:10, მაგრამ კიკნაძემ ასევე ზუსტი დარტყმით სამ წუთში საპასუხო საჯარიმო გაიტანა - 13:13.

მას შემდეგ, რაც მოედანზე გაძევებული მინაშვილი დაბრუნდა, "არმაზმა" სათამაშო უპირატესობის მოპოვება შეძლო. არმაზელები დაცვაში ყურადღებით ირჯებოდნენ და მწვავე კონტრიერიშებსაც ახორციელებდნენ.

54-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას, არმაზელებმა მეტოქე აიძულეს, ბურთიანად აუტში გადასულიყო. "არმაზმა" დერეფანში ბურთი ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში ააგდო, ისევე, როგორც პირველ ტაიმში მოლი დაძრა, რომელსაც მოულოდნელად სოსელია მოსწყდა და მეორე ლელო გაიტანა. კიკნაძემ ესეც გარდასახა - 20:13.

"ჯიქები" ბევრს ეცადა, დაწინაურებულ მეტოქეს დასწეოდა, მაგრამ 73-ე წუთზე "არმაზის" მგეზავმა დავით კიკნაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა საჯარიმო და ანგარიშში სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა - 23:13.

"ჯიქებმა" მატჩის გადასარჩენად ყველაფერი იღონეს, მაგრამ ერთადერთი, რაც მოახერხეს, ის იყო, რომ თამაშის ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა ბექა მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა, რომელიც გიორგაძემ ვერ გარდასახა - 18:23.

როგორც უკვე ვთქვით, "არმაზი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს და გასავარდნ ფინალში ქუთაისის "აიას" სტუმრად დაუპირისპირდება.

ჯიქები-არმაზი 18:23
ჯიქები (15-9) დიტო კიკნაძე (გიორგაძე 37), ბიწაძე, ბერძული, კუპრეიშვილი, ხარაზიშვილი, კალანდაძე, ზაბახიძე. (1-8) ხატიაშვილი (ოქრიაშვილი 40), სვანიძე (ოქრომელიძე 40), ყაულაშვილი (ჯინჭარაძე 54), ტალახაძე (ტრაპაიძე 40), მიქაძე (გოგოლიძე 40), შენგელია, ტუჩაშვილი, კიკვიძე (მამრიკიშვილი 57)
2ლ: ბიწაძე, მამრიკიშვილი. 2ს: ხარაზიშვილი, გიორგაძე. გ: ხარაზიშვილი.
არმაზი (15-9) ნიკოლავა, მაჩხანელი, კაიფაჯიანი, მაისურაძე (ჩხიკვაძე 80), ხუციშვილი, დავით კიკნაძე, ბროძელი. (1-8) ბუკია, სოსელია, თაგაური (ესართია 61), გიგაური (ჯიბლაძე 25), ჭელიძე, კანდელაკი, მინაშვილი, თიგიშვილი.
2ლ: სოსელია (2). 3ს,2გ: დავით კიკნაძე.
სინბინი: მინაშვილი
მსაჯი: რიჩარდ კელი (ახ. ზელანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული