საქართველოს ჩემპიონატი: არმია-ლელო და აია-არმაზი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა.

ქვეყნის პირველი გუნდის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი გუნდი განაგრძობს.

წლეულს მოწინავე ოთხეულში არ არის ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი". პირველად მოხვდა საუკეთესოთა შორის თბილისის "არმაზი".

ჩემპიონობისთვის, ისევე როგორც შარშან, ამჟამადაც იბრძოლებენ "არმია", თბილისის "ლელო" და ქუთაისის "აია".

შესარჩევ ფინალში, რომლის გამარჯვებულიც პირდაპირ დიდ ფინალში გადადის, მოქმედი ჩემპიონი "არმია" "ლელოს" დაუპირისპირდება. არმიელებმა მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშება მოიგეს, მათი ამჟამინდელი მეტოქე კი, სატურნირო ცხრილში მეორე იყო.

არადა, "ლელო" მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა და სატურნირო ცხრილში
პირველი საფეხური ბოლო სამ ტურში დათმო.

ბოლო წლებში ეს გუნდი მუდმივად ლიდერებშია და ჩემპიონის ტიტულიც არაერთხელ მოუპოვებია. ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა დიდი ნაწილიც სწორედ აქ დაფრთიანებულ-აღზრდილია.

ლევან მაისაშვილის სამწყსო, როგორც უკვე ვთქვით, მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად ირჯებოდა და სამართლიანად მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად.

გუნდში საქართველოს ეროვნული, ასაკობრივი და შვიდკაცა რაგბის ნაკრებების რამდენიმე მორაგბეა, რომლებიც ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ მრისხანე ძალას წარმოადგენენ.

"ლელოს" ძლიერი მხარე უკანა ხაზია, რომელსაც ოდნავ ჩამოუვარდება შერკინება, თუმცა იმდენად არა, რომ ნებისმიერი ქართული გუნდის მორკინალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს.

შეიძლება ითქვას, რომ შედარებით თანაბრადაა დაკომპლექტებული საქართველოს ჩემპიონი "არმია".

მიუხედვად იმისა, რომ ტრავმების გამო გუნდს ბევრი წამყვანი მოთამაშე დააკლდა და შუა სეზონში კიდევ რამდენიმემ უცხოეთში განაგრძო კარიერა, ნიკოლოზ ჭავჭავაძის სამწყსო მაინც მობილურ, საკმაოდ საინტერესოდ მოთამაშე და ძლიერ გუნდად რჩება.

"არმიას" სათადარიგოთა სკამი იმდენად გრძელი აქვს, რომ ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოძებნოს სრულფასოვანი შეცვლა. ცხრა ნომრის პოზიციაზე რუმინეთში გადაბარგებული ბიძინა სამხარაძის ადგილი ახალგაზრდა რამაზ ჯინაშვილმა დაიკავა, რომელსაც აშკარად ეტყობა სანაკრებო პოტენციალი.

სპეციალისტები ამ მორაგბეს ყურადღებით აკვირდებიან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ის დიდი ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას.

წლეულს, პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება "არმიამ" 30:23 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი ლელოელების სასარგებლოდ დასრულდა - 16:13.

შესარჩევ ფინალში გამარჯვებული, როგორც უკვე ვთქვით, პირდაპირ დიდ ფინალში გავა. წაგებული კი, გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს შეხვდება, რომლის ვინაობაც ქუთაისში, "აიასა" და თბილისის "არმაზს" შორის მატჩში გამოვლინდება.

არმაზელებმა ოთხეულში თამაშის უფლება თავდადებული და გააზრებული თამაშის წყალობით მოიპოვეს. ეს გუნდი რომელ ადგილზეც არ უნდა გავიდეს, წლევანდელი სეზონი მისთვის უდავოდ წარმატებულად მიიჩნევა.

ასე "შორს" "არმაზი" არასდროს წასულა. პლეი ოფის შესარჩევ ეტაპზე არმაზელებმა ჩემპიონატის დებიუტანტი, წლევანდელი გათამაშების მშვენება, თბილისის "ჯიქები" დაამარცხეს.

ქუთაისის "აიას" კი, ამ ეტაპზე მეტოქე გაცილებით სერიოზული ჰყავდა. მოთამაშე მწვრთნელის ბესიკ ხამაშურიძის ხელმძღვანელობით ქუთათურებმა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს თბილისის "ლოკომოტივს" სძლიეს.

ეს შეხვედრა ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა და, ამჯერადაც, "აია" თბილისელ სტუმრებს იქვე უმასპინძლებს.

ცხადია, შინაურ კედლებში თამაში საგრძნობი უპირატესობაა. ამის უფლება "აიამ" რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილზე გასვლით მოიპოვა. თუმცა, თუ ქუთაისური გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს, უკვე სტუმრად, თბილისში თამაში მოუწევს.

ამ გუნდების დაპირისპირებაში "აიამ" ორი თამაშიდან ორივე მოიგიო, შინ - 28:20 და სტუმრად - 19:7.

20 აპრილი
შესარჩევი ფინალი
არმია-ლელო

21 აპრილი
გასავარდნი ფინალი
აია-არმაზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული