საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" დიდ ფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და წლევანდელი რეგულარული გათამაშების გამარჯვებულმა "არმიამ" შესარჩევ ფინალში თბილისის "ლელოსთან" წააგო 16:24 და დიდ ფინალში გზა მეტოქეს "დაულოცა".

წინასწარმა ფინალმა, ცხადია, დიდი ინტერესი გამოიწვია. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მისულმა მაყურებელმა საქართველოს ორი უძლიერესი გუნდის ძალზედ საინტერესო, დაძაბული და, თამამად შეიძლება ითქვას, დრამატიზმით აღსავსე ბრძოლა იხილა.

გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, მატჩი დიდად ფასობდა. გამარჯვებული პირდაპირ დიდ ფინალში თამაშის უფლებას დაიბევებდა.

დამარცხებულს კი იქ მოსახვედრად კიდევ ერთი, არანაკლებ დაძაბული ბრძოლის გადატანა მოუწევდა.

ცხადია, ჩემპიონობის შანსს მაინც ორივე გუნდი ინარჩუნებს, თუმცა წაგებულს
საამისოდ მეტი ძალისხმევა დასჭირდება.

თამაშის წინ გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობას არავინ ცდილობდა, რადგან ორივე გუნდმა რეგულარულ გათამაშებაში თანაბრად სტაბილურად ითამაშა და ურთიერთშეხვედრებში თითო გამარჯვება მიითვალა.

წესით, საწადელისთვის იმ გუნდს უნდა მიეღწია, რომელსაც მეტი ფიზიკური გამძლეობა, სათამაშო კლასი და ნაკლები შეცდომა ექნებოდა.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ორმხრივი იერიშებით დაიწყო. მორაგბეები, შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი ფრთხილობდნენ. "არმიამ" მეტად ეშმაკურ ხერხს მიმართა. მათი ფულბეკი ბახვა კობახიძე, როგორც კი ბურთს ხელში მოიგდებდა, მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან მაღალ აბრაგანს ურტყამდა, იმის იმედად, რომ ლელოელები შეცდომას დაუშვებდნენ, რაც მათ სალელოვე შეტევის განხორციელების საშუალებას მისცემდა.

თავდაპირველად "ლელოს" უკანახაზელები კობახიძის აბრაგანს წარმატებით უმკლავდებოდნენ, ბურთს ჰაერიდან სუფთად ხსნიდნენ და კონტრიერიშის წამოწყებასაც ახერხებდნენ. ასე გაგრძელდა მე-10 წუთამდე.

ამ დროს, მორიგი აბრაგანისას, საკუთარ 22-მეტრიან ზონაში ლელოელთა ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი შეცდა. ბურთის დაჭერას რომ ცდილობდა, ფეხი დაუცურდა და ხელიდან გაუვარდა.

არმიელებმა "ჩახურვაზე" შესანიშნავად ითამაშეს. ბურთი მათი კაპიტნის, შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძის ნადავლი გახდა.

მას თვითონაც შეეძლო მეტოქის ლელოში შეღწევა, თუმცა ამჯობინა, იქვე მიმყოლი მგეზავისთვის, მამუკა ნინიძისთვის გადაეწოდებინა, რომელსაც ხელი ვერავინ შეუშალა. მან ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. კობახიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან იოლად გარდასახა - 7:0.

მატჩის მსვლელობის ხასიათიდან გამომდინარე, მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი იყო. "ლელომ" თამაშის ტემპს უმატა და მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. მე-15 წუთზე კი მათ ლელოს გატანის შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან.

"არმიამ" მოედნის ცენტრში შეცდომა დაუშვა, ყიასაშვილმა ჩათვლის მოედნისკენ ბურთი ფეხით შეიცურა, თავადვე მიუსწრო, თუმცა ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ლელოელებმა ბურთის სწრაფად გამოტანა ვერ მოახერხეს.

არმიელებმა დაცვის გადაწყობა მოასწრეს, თუმცა მეტოქის სახიფათო იერიშის შეჩერება მხოლოდ წესის დარღვევით შეძლეს.

"ლელოს" გადაწყვეტილების მიღების ორი ოპტიმალური ვარიანტი ჰქონდა: საჯარიმო ან კარში უნდა დაერტყა, ან აუტში გადაეტანა და ხუთმეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლით შეეტია.

ლელოელებმა მესამე აირჩიეს. საჯარიმო იქვე გაათამაშეს და მორკინალების მოკლე დარტყმებით სცადეს "არმიას" ჩათვლის მოედანში შეღწევა. არ გამოუვიდათ.

ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში "ლელომ" კიდევ ერთხელ გამოიმუშავა საჯარიმო. ამჯერად ყიასაშვილმა კარში დაარტყა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 3:7.

ლელოელების აქტიურობა არც ამის შემდეგ შენელებულა. ყიასაშვილმა ხუთწუთიანი შუალედებით კიდევ ორჯერ დაარტყა საჯარიმო, რომელთაგან მხოლოდ ერთი გაიტანა - 6:7.

პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთი "არმიამ" მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და ახლა უკვე მათ დამრტყმელს მიეცა ორჯერ მეტოქის კარის დალაშქვრის საშუალება, რაც კობახიძემ კარგად გამოიყენა - 13:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, საწყის 15 წუთში თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა. დროის ამ მონაკვეთში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 16:9. დარჩენილ 25 წუთში "არმიამ" თამაშის დალაგება ვეღარაფრით შეძლო და, შესაბამისად, მონაგარის გაზრდაც ვერ მოახერხა.

"ლელომ" პირიქით, თავისი თამაში იპოვა, რაშიც დიდი როლი მგეზავის, ლაშა ხმალაძის გააზრებულმა, ძალზედ კარგმა გარჯამ შეასრულა. მან მორკინალების ძალისხმევა "დააფასა" და უკანა ხაზის მაქსიმალურად ნაყოფიერად ათამაშება შეძლო.

ლელომ პირველად ჩათვლის მოედანში მატჩის 63-ე წუთზე შეაღწია. შეტევა მოედნის ცენტრში ხმალაძემ წამოიწყო. მან ხაზი გაჭრა და მეტოქის ნახევარზე გადასულმა ბურთი ფეხით მარჯვენა ფრთაზე ოსტატურად შეაცურა.

ლელოსთან ახლოს ყველას არმიელთა ფულბეკმა კობახიძემ დაასწრო და საფეხბურთო ილეთით, ვარდნაში ბურთი აუტში მოიგერია.

ხუთმეტრიან დერეფანში "ლელომ" ბურთი სუფთად მოიგო, მოლი შეკრა, მძლავრი ბიძგით მეტოქის დაცვას უკან დახევა აიძულა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ბურთით ბოლოს შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია იყო, ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 14:16.

ოთხ წუთში "ლელო" თამაშში პირველად დაწინაურდა. შეტევა მარჯვენა ფრთაზე ისევ ხმალაძემ წამოიწყო. იერიშის რამდენიმე ფაზის შემდეგ არმიელებმა რაკში თამაშისას ისევ წესი დაარღვიეს და ყიასაშვილმა საჯარიმოთი ლელოელები ერთი ქულით დააწინაურა - 17:16.

თამაშის დასრულებამდე 13 წუთი რჩებოდა. "არმიას" საკმარისი დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ მინიმალური სხვაობით ჩამორჩენა აღმოეფხვრა. თუმცა "ლელომ" ამის საშუალება არაფრით მისცა.

მეტიც, ლევან მაისაშვილის სამწყსომ ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე, შესანიშნავი კომბინაციის გათამაშების შემდეგ, ლამაზი ლელო გაიტანა.

შერკინებიდან, რომელიც მოედნის ცენტრში დაინიშნა, ბურთი გიორგი ჭყოიძემ აიტაცა, თუმცა ის მალევე შებოჭეს.

ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ რაკიდან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ხმალაძეს გაუტანა, ამან ფეხით მეტოქის ზურგს უკან მოკლე აბრაგანი გადაკიდა.

ბურთს შუამარბი თორნიკე ცერცვაძე დაეუფლა, რომელმაც ბოჭვისას კიდევ უფრო მარჯვნივ, მეორე შუამარბ ლექსო გუგავას გადააწოდა. მან ერთი შეხებით კიდესკენ შეტევაში გარემარბი ირაკლი გეგენავა ჩართო, რომელმაც ლელომდე ორმოცი მეტრი ირბინა.

გზად სამი მეტოქე ისე ჩამოიშორა, რომ მათ თითის დაკარებაც კი ვერ მოახერხეს. ყიასაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 24:16.

ამრიგად, "ლელო" წინასწარ ფინალში გამარჯვებულს დაელოდება და დიდ ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

არმია-ლელო 16:24
არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, ჯიმშელაძე (გაგოშვილი 68), ჩხიკვაძე, გოგოლაშვილი (გაბროშვილი 61), ნინიძე, ჯინაშვილი. (1-8) კაკოვინი (ქორიძე 72), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 65), გურგენიძე (დონაძე 54), სურგულაძე, აზალაძე, თხილაიშვილი (არჩუაშვილი 35), ბიწაძე, ბუჯიაშვილი.
ლ: ნინიძე. 3ს,გ: კობახიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, გუგავა, ცერცვაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი, ბელქანია, პატარაია, ჭეიშვილი (ნიკოლაიშვილი 68), ქოიავა, სურგულაძე, დარასელია (მძინარიშვილი 56), ჭყოიძე.
2ლ: ბელქანია, გეგენავა. 4ს,გ: ყიასაშვილი
სინბინი: კაჭარავა.
მსაჯი: მაიკლ ბლეკი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "აია" ფინალისკენ მიიწევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული