თემურ ბენდიაშვილი: ინტერესი ცოდნით უნდა გავაღვივოთ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. საუკეთესო გუნდის გამოსავლენად წლეულს ორი თამაშიღა დარჩა გასამართავი.

შესაბამისად, გუნდების უმრავლესობამ სეზონი დაასრულა. მათ შორისაა თავისთვის უჩვეულო, მეექვსე ადგილზე გასული ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი".

რკინიგზელებს წლეულს მრავალი სირთულის გადალახვა მოუწიათ, რაც მათ მიერ ნაჩვენებ შედეგზე პირდაპირპროპორციულად აისახა.

ასეთი წარუმატებელი სეზონის შესახებ და მომავლის გეგმებზე გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ბენდიაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც თითქმის ოთხი ათეული წელიწადია, "ლოკომოტივის" თავკაცია.

- სეზონის დაწყების წინ ჩვენი კლუბი ძალზედ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ფინანსურ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ გუნდი დატოვეს და
საფრანგეთში გადაბარგდნენ წამყვანი მოთამაშეები: გიორგი ვეფხვაძე, ვეფხია ნადირაძე, ბაჩუკი გუჯარაიძე.

ჩემპიონატის დასაწყისშივე ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ლევან ზარიძე და გივი ბერიშვილი, შუა სეზონში საფრანგეთს მიაშურა ლადო გუნიავამ, გუნდი დატოვა ილია გაგოშვილმა.

ტრავმირებული იყო ბობა კვინიხიძეც, რომელიც ჩვენი გუნდისთვის არა მარტო მგეზავი, არამედ ორგანიზატორი და ლიდერია.

საერთოდ, ლიდერს სამი თვისება ახასიათებს: ის უნდა იყოს კარგი ორგანიზატორი, შემსრულებელი და გუნდში ურთიერთობის დამლაგებელი. გაჭირვების ჟამს ის უნდა კრავდეს გუნდს. სამწუხაროდ, ბობას ნაცვლად არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ამ თვისებებს გამოავლენდა.

- წლევანდელ ჩემპიონატში "ლოკომოტივმა" რვა თამაში წააგო. მსგავსის გახსენება ძალიან მიჭირს...
- ჩვენ ხუთი ისეთი თამაში წავაგეთ, რომელშიც მარცხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეწვნია. ის გუნდები ჩვენზე სუსტები იყვნენ.

"ჯიქებთან", "არმაზთან", "აკადემიასთან" არ უნდა წაგვეგო. ერთი მატჩი "ლელოსთან" ბოლო წუთებზე მსაჯის უხეში შეცდომის შემდეგ დავთმეთ. ამაზე არსად თქმულა და ახლა უნდა განვაცხადო.

შარშან, გაზაფხულის ტურნირზე ფინალში "არმიასთან" 12:13 წავაგეთ. მატჩის შემდეგ მსაჯთა კოლეგია შეიკრიბა და ერთხმად აღიარეს, რომ მსაჯმა უხეში შეცდომები დაუშვა. მე ამას მიკერძოებას ვეძახი.

- ეს ყველაფერი გუნდის არასათანადო ასპარეზობის ობიექტური მიზეზები იყო. რისი გაკეთება ვერ შეძელით თქვენ ან გუნდის მოთამაშეებმა საიმისოდ, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ?
- გუნდში ვერ ავამაღლეთ საბრძოლო განწყობა. გვეგონა, რომ რამდენიმე გუნდთან მხოლოდ სათამაშო კლასის ხარჯზე მოვიგებდით. ვერ მოვახერხეთ შეტევის ორგანიზება, სერიოზული ხარვეზები გვქონდა დაცვაში თამაშისას.

გუნდში მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რა შეუძლიათ და რისკენ მიისწრაფვიან. ამას მოაქვს თამაშის სინქრონიზაცია. ამის მიღწევა ვერ შევძელით, რესურსი რაც გაგვაჩნდა, ვერ გამოვიყენეთ.

ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მოთამაშეებს ერთად ეფიქრათ. გუნდში, ცხადია, ყველა მოთამაშეს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მორაგბე მზად უნდა იყოს, თანაგუნდელს შეეხიდოს და მისი ფუნქცია იკისროს. ვერც ეს შევძელით.

- როგორც უკვე თქვით, გუნდი ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. "ლოკომოტივს" ახალბედების ხარჯზე მოუწია ასპარეზობა?
- ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე გამოვცადე. ექვსი-შვიდი მორაგბე იყო ისეთი, ვინც უმაღლეს ლიგაში პირველი სეზონი ითამაშა.

მეგონა, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ მაღალ დონეზე სათამაშოდ, თუმცა აქაც შევცდი. აღმოჩნდა, რომ ჯერ ადრე არის მათთვის ასეთი დიდი დატვირთვების მიცემა. ამასთან ერთად, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი მოთამაშეების ინდივიდუალური უნარ-ჩვევების დახვეწას, რამაც თავისი, საკმაოდ ღრმა დაღი დაასვა გუნდის თამაშს.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდის მიერ მეექვსე ადგილის დაკავება სავსებით ლოგიკური იყო...
- არა, ჩვენ რეალურად შეგვეძლო, მე-4 ადგილი დაგვეკავებინა. ის გუნდები, რომლებმაც გაგვასწრეს, "არმაზი" და "ჯიქები", ჩვენზე სუსტები არიან. ქუთაისის "აიას" ჩემპიონატში ორჯერ ფრედ ვეთამაშეთ, პლეი ოფში კი გვაჯობეს.

რაგბი ისეთი თამაშია, რომ ზოგჯერ მკაცრი სათამაშო დისციპლინითა და თავდადებით შენზე მაღალი კლასის გუნდის დამარცხება შეგიძლია. ჩვენ ვერც ეგ მოვახერხეთ.

- საქართველოს ჩემპიონატში უცხოელი მსაჯები გამოჩნდნენ. აქამდე ერთი ახალზელანდიელი მსაჯობდა. მას ახლახან ირლანდიელი არბიტრიც დაემატა. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?
- ეს უბრალოდ კარგი კი არა, ძალიან კარგია. ცხადია, ეს უცხოელი მსაჯები არ არიან უმაღლესი კატეგორიის.

ჩასაფრებული თვალი მათ გარჯაშიც ბევრ შეცდომას დაინახავს, მაგრამ მათ აქვთ მთავარი, რაც რაგბიში ფუნდამენტურია - ისინი რაგბის თამაშს ხელს არ უშლიან. მსაჯს თამაში მიჰყავს ჯანსაღ ბრძოლამდე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ის არის, რისთვისაც რაგბი უყვართ მთელ მსოფლიოში.

ამ მსაჯების გავლენა ჩვენს არბიტრებზე უკვე იგრძნობა და იმედი მაქვს, ისინიც შეძლებენ გაითავისონ, რა არის მთავარი რაგბის თამაშში.

- სეზონი "ლოკომოტივისთვის" დასრულდა. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ვარჯიშს არ ვწყვეტთ. მართალია, ისეთივე სიხშირით არ ვივარჯიშებთ, როგორც ჩემპიონატის მსვლელობისას, მაგრამ, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი შრომა უნდა გამოგვივიდეს. ძირითადად ტექნიკასა და ტაქტიკურ მონახაზზე ვიმუშავებთ.

ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც თავიანთი ფიზიკური მონაცემებით მსოფლიოს სტანდარტებში ჯდებიან. სწორი მუშაობით და მუხლჩაუხრელი გარჯით მათ შეუძლიათ, კარგი რაგბი ითამაშონ.

- არ შემიძლია საქართველოს ნაკრებზეც არ გკითხოთ. ჩვენი ეროვნული გუნდი ახალი სტილით თამაშს ცდილობს. როგორ უყურებთ თქვენ ამ პროცესს?
- რვა-ათი წლის წინათ, როცა ქართველი მორაგბეები საფრანგეთში სათამაშოდ მიდიოდნენ, მათ კოჭებში ეტყობოდათ, რომ დიდ რაგბის ითამაშებდნენ და თამაშობენ კიდეც. სამწუხაროდ, ამჟამად ასეთ ახალგაზრდა მოთამაშეებს ვერ ვხედავ.

მერე რა ახლებურ სტილზე თამაშზეა საუბარი? ახლახან საქართველოს ჩემპიონატში შესარჩევ ფინალში "ლელოსა" და "არმიას" მატჩში გუნდებმა ზუსტად ისე არ ითამაშეს, რასაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახალ სტილს ეძახის? რა არის აქ ახალი?

თუ ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს მეორე ათეულში ლიდერები ვიყოთ და არა მაჩანჩალები, უნდა მოხდეს ქართული რაგბის ძირეული გარდაქმნა. ეს ეხება ინფრასტრუქტურას, მსაჯობას, მწვრთნელების კვალიფიკაციას, რაგბის კავშირს, ქომაგებს, პრესასა და ტელევიზიას. ყველამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება.

ათიოდე წლის წინათ ერთ-ერთ რუმინელ მწვრთნელს ვკითხე, თქვენს ქვეყანაში რაგბი განვითარებულია, მოსახლეობა 20 მილიონი ხართ, როგორ ხდება, რომ სამმილიონიანი უელსი და შოტლანდია გჯაბნით-მეთქი.

მიპასუხა - როცა რუმინეთის ნაკრებს თამაში აქვს, ბუქარესტში ამის შესახებ მაქსიმუმ ხუთი ათასმა კაცმა იცის. აქედან მატჩზე ორი ან სამი ათასი მოდის.

უელსში კი თამაშამდე ერთი კვირით ადრე მთელი ქვეყანა მოლოდინშია, მიდის აქტიური მსჯელობა, დავა-კამათი, რა ტაქტიკით, როგორ უნდა ითამაშოს მათმა ნაკრებმა. მთელი უელსი რაგბით ცხოვრობს.

ვიცი, რომ თქვენთანაც ისეთივე სიტუაციაა, როგორც ჩვენთან. ამით რუმინეთიც და საქართველოც ძალიან ჩამოვრჩებით უელსს. სანამ ეს ჩამორჩენა არ აღმოიფხვრება, უელსს და მისნაირ გუნდებს ვერასდროს მოვუგებთო.

ერთი სიტყვით, პრობლემას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. საქართველოში მორაგბეთა რიცხვი შვიდი ათასამდე კი გავზარდეთ, მაგრამ ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ რაგბით დაკავებული ბავშვები საქართველოს ნაკრების თამაშზე მშობლებთან ერთად სტადიონზე მივიყვანოთ.

ზეიმი ვერ გავმართეთ. არადა, ამის გარეშე რაგბისადმი ინტერესის გაჩენა ძალიან ძნელია. ეს რომ შევძლოთ, უნდა ავუხსნათ, ვასწავლოთ და ინტერესი ცოდნით გავუღვივოთ. მერე ნაკრებიც ძლიერი გვეყოლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული