"ლელო" საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი ლოგიკურად დასრულდა. ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული სწორედ იმ გუნდმა მოიპოვა, რომელიც რეგულარულ გათამაშებას დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა და სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური მხოლოდ ბოლოსკენ დათმო.

ერთი სიტყვით, თბილისის "ლელო" საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შარშანდელ გამარჯვებულ "არმიას" დაუპირისპირდა და 16:10 დაამარცხა.

წლევანდელ გათამაშებაში პირად შეხვედრებში უპირატესობა ლელოელთა მხარეს იყო. ამ გუნდებმა ერთმანეთთან სამჯერ ითამაშეს და აქედან ორჯერ "ლელომ" მოიგო.

პირველ წრეში "არმიამ" მეტოქე შვიდი ქულის სხვაობით დაამარცხა - 30:23. საპასუხო შეხვედრაში კი "ლელომ" რევანში აიღო - 16:13. მესამე მატჩი პლეი
ოფში, შესარჩევ ფინალში შედგა და იქაც ლელოელებმა იმარჯვეს - 24:16.

მესამე გამარჯვებით ლევან მაისაშვილის სამწყსომ ერთი წლით ქვეყნის საუკეთესო გუნდის სახელი დაიბევა.

ფინალური მატჩის წინ ორივე გუნდს მოსამზადებლად დრო საკმარისად ჰქონდა. როგორც მატჩმა გვიჩვენა, ეს პერიოდი უფრო ნაყოფიერად ლელოელებს გამოუყენებიათ. მათ ფიზიკური კონდიციები საგრძნობლად ჰქონდათ გაუმჯობესებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის პირველი ტაიმი მომავალი ჩემპიონების უპირატესობით წარიმართა.

განსაკუთრებით კი - საწყისი 15 წუთი, რომლის განმავლობაშიც "ლელომ" ორი საჯარიმო გაიტანა და ტაიმი მშრალი ანგარიშით, 6:0 მოიგო.

"არმია", დიდი მცდელობის მიუხედავად, მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევას ვერაფრით ახერხებდა. ლელოელები კედელივით იდგნენ.

როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელის ფრანგულ ვოიაჟს უშედეგოდ არ ჩაუვლია. აკი ლევან მაისაშვილმა მაშინ ინტერვიუში თქვა, რომ "მონპელიეს" მთავარ მწვრთნელს, ფაბიენ გალტიეს უმეტესად სწორედ დაცვის აწყობის ხერხებზე ეკითხებოდა.

რა და როგორ შეცვალა მაისაშვილმა თავისი გუნდის დაცვის თამაშში, ეს მისი საიდუმლოა. ფაქტი კი ერთია, პირველ ტაიმში "ლელოს" რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია.

პირველ ნახევარში ლელოელთა შორის ვინმეს გამოყოფა ძალიან გაგვიჭირდება. შესანიშნავ ფორმაშია მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელმაც ფეხით თამაშში მხოლოდ მეორე ნახევარში დაუშვა რამდენიმე შეცდომა, პირველში კი ბრწყინვალედ გაისარჯა. მეტოქის დაუცველ ტერიტორიას დროულად ამჩნევდა და ბურთიც ფეხით ზუსტად გადაჰქონდა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მესამეხაზელი გიორგი ჭყოიძის მუდამ თავდადებული და გულიანი თამაში.

მისებრ ბურთის ჯიქურ წამღები "ლელოში" კიდევ ერთია, მეორეხაზელი სანდრო ქოიავა, რომელიც ხშირად ახერხებს თავისი შეუპოვრობით უპირატესობის შექმნას. თითოეული მოთამაშის ღირსებების ჩამოთვლა ახლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

საერთო წარმატებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. მატჩის გმირი კი ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი გახდა. ყველა, თექვსმეტივე ქულა გუნდს სწორედ მან მოუტანა.

როგორც უკვე ვთქვით, "ლელო" მატჩის დასაწყისშივე დაეუფლა უპირატესობას და ირაკლი ყიასაშვილმა მე-10 და მე-15 წუთებზე ორი საჯარიმო გაიტანა. აქედან მეორე მან საკმაოდ შორი მანძილიდან, 53 მეტრიდან დაარტყა.

შესვენების შემდეგ არმიელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის შესამცირებლად ცხრა წუთი დასჭირდათ. ლელოელებმა მოედნის საკუთარ ნახევარზე თამაშგარეს წესი დაარღვიეს და "არმიას" ფულბეკმა ბახვა კობახიძემ საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:6.

"ლელოს" ექვსქულიანი სხვაობის აღდგენა მალევე შეეძლო, თუმცა ყიასაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

უზუსტობაზე კობახიძემ უზუსტობითვე უპასუხა და ანგარიშის გაქვითვის შანსი ხელიდან გაუშვა.

58-ე წუთზე ყიასაშვილმა მაინც შეძლო საჯარიმოთი საკუთარი გუნდის მონაგარის გაზრდა - 9:3.

ორ წუთში კი არმიელებმა ანგარიშში დაწინაურება შეძლეს. მათ საჯარიმოდან ბურთი აუტში გადაიტანეს. მეტოქის ლელოდან რვა მეტრში აგდებული დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს, რამდენიმე მეტრით წინ წაიწიეს, თუმცა "ლელომ" მათი შეჩერება და თამაშის რაკში გადატანა შეძლო.

"არმიას" ცხრა ნომერმა რამაზ ჯინაშვილმა ბურთი სწრაფად მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშა.

მგეზავმა გიორგი ელიზბარაშვილმა ეფექტური პასით, ერთი შეხებით გარღვევაზე გარემარბი გიორგი შკინინი გაიყვანა, რომელმაც ლელოელთა ჩათვლის მოედანში შეაღწია. კობახიძემ გარდასახა - 10:9.

საპასუხო ლელო მომავალმა ჩემპიონებმა ოთხ წუთში გაიტანეს. ლელოელთა მორკინალები მარჯვენა ფრთიდან უტევდნენ. "არმიამ" საკუთარ 22-მეტრიან ზონაში თამაშის წესი დაარღვია.

საჯარიმო "ლელოს" ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ სწრაფად გაათამაშა და ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც "ლელოს" რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ლაშა ხმალაძემ შეტევაში ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი ჩართო, რომელიც მეტოქის ჩათვლის მოედანში სწრაფად შეიჭრა.

გარდასახვა საკმაოდ რთული პოზიციიდან მანვე ზუსტად დაარტყა - 16:10.

თამაშის დასრულებამდე 16 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა, დიდი მცდელობის მიუხედავად, "არმიამ" ექვსქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერაფრით შეძლო. "ლელო" დაცვაში თავგანწირივით ირჯებოდა და ჩემპიონობა დამსახურებულად ირგუნა.

ლელო-არმია 16:10
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, გუგავა, ცერცვაძე, (ანდღულაძე 39, ზაალიშვილი 80), ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა (1-8) გოგიშვილი, ბელქანია, პატარაია (სანიკიძე 47, ხიდეშელი 74), ნიკოლაიშვილი (მძინარიშვილი 77), ქოიავა, ე. სურგულაძე, დარასელია, ჭყოიძე.
ლ, გ, 3ს: ყიასაშვილი.
სინბინი: ქოიავა
არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, ჯიმშელაძე (გაგოშვილი 65), ჩხიკვაძე, შკინინი, ელიზბარაშვილი (ნინიძე 65), ჯინაშვილი. (1-8) ზაქაშვილი (კაკოვინი 55), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 65), გურგენიძე, ი. სურგულაძე (ცხადაძე 49), აზალაძე (ჟღენტი 74), თხილაიშვილი, ბიწაძე, ბუჯიაშვილი.
ლ: შკინინი. ს,გ: კობახიძე.
სინბინი: აზალაძე
მსაჯი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ქართული რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო 9 N კაჭის არავინ ჭყალობს (არც სტატიის ავტორი)(ხაზში შეტევა, სალელოვე შეტევა(ტუჩაშვილის)
საუკეთესო ბოჭვა, სიტუაციაში სწრაფი გარკვევა და სალელოვე შეტევის ორგანიზება თუ გინდა დაინახავ, არ აღვნიშვნა სტატიაში რას მივაწერო?
wind
13:02 27-05-2013
0
არეული, დაულაგებელი თამაში იყო უამრავი ტექნიკური წუნით. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი...
konrad
15:11 27-05-2013
0

სიახლეები პოპულარული