რკინიგზული კლუბი 1964 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში (საბჭოთა პერიოდის ჩათვლით) 12-ჯერ აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი (1992, 1994, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008, 2010 წლებში), 3-ჯერ - ვერცხლის მედლები, ხოლო 11-ჯერ - ბრინჯაო.
ლოკომოტივი
წინა სეზონი "ლოკომოტივმა" სრულიად ჩააგდო. თემურ ბენდიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა რეგულარული გათამაშება მეექვსე ადგილზე ჩაამთავრა, რამაც საშუალება მისცა, პლეი ოფში ეასპარეზა.
თუმცა იქ პირველივე ეტაპზე 19-ქულიანი სხვაობით წააგო ქუთაისის "აიასთან", რაც თბილისური კლუბისთვის სრული კატასტროფა
რკინიგზელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე ლიდერი დაკარგეს, თუმცა კლუბში სპონსორის მოსვლის შემდეგ "ლოკომოტივმა" საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა და კვლავინდებურად ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნევა.
შერკინება
გუნდს საკმაოდ დაბალანსებული და გამოცდილი პირველი ხაზი ეყოლება: ბურჯებად ყოფილი "ბორჯღალოსანი" დავით გასვიანი და ხვთისო ელოშვილი გაირჯებიან, ხოლო ჰუკერის პოზიციაზე "ხულიგანას" აღზრდილი ლევან გენებაშვილი იასპარეზებს. გარკვეული პრობლემები შეინიშნება შერკინების მეორე ხაზში, სადაც ახალწვეულ რატი ხარძიანს, სავარაუდოდ, გიორგი სულთანიშვილი შეუწყვილდება.
გუნდი დატოვა შერკინების ლიდერმა, მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ, რომელიც "არმიაში" განაგრძობს კარიერას. მის შემცვლელად გუნდში ჯაბა კიკვიძე მოვიდა "ჯიქებიდან", მწყობრშია "ბორჯღალოსანი" გივი ბერიშვილი და გამოცდილი "ვახტანგ ახვლედიანი".
უკანა ხაზი
"ლოკომოტივის" უკანა ხაზი წარმოადგენს გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ბრწყინვალე ნაზავს, სადაც ნებისმიერ მორაგბეს შეუძლია, გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღოს თამაში და გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტოს.
სეზონის წინა პერიოდში ჰავბეკის პოზიციაზე დიდი დანაკარგი განიცადა გუნდმა ირაკლი ღვინჯილიას "არმიაში" გადასვლით, თუმცა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრ ალექსანდრე ზაბახიძეს ნამდვილად ძალუძს, ღირსეულად შეცვალოს რკინიგზელთა ყოფილი ლიდერი.
მგეზავად ვახტან კავთიძე ითამაშებს, ხოლო მისი შემცვლელი გამოცდილი ბობა კვინიხაძე იქნება; შუამარბებად ილია გოგიშვილი და დავით ჟამუტაშვილი გაირჯებიან, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე - ბექა წიკლაური, რომელსაც ხანგრძლივი სეზონის მიმდინარეობისას შეცვლის ხოლმე გიორგი კობერიძე.
კონკრეტული მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბს გარემარბთა პოზიციაზე შეუძლია დიტო ჭურღულიას, სანდრო ქავთარაძის და გიორგი ბიწაძის ტრიოდან ამოარჩიოს მათთვის ხელსაყრელი ვარიანტი.
სამწვრთნელო შტაბი
წარმატებული კლუბის ყველაზე ძლიერ რგოლს სამწვრთნელო შტაბი წარმოადგენს: მთავარი მწვრთნელი გამოცდილი თემურ ბენდიაშვილია, რომელიც უკვე არაერთი სეზონია, ამტკიცებს თავის ნიჭს და უდიდეს კლასს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
აქვეა საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დავით ჩავლეიშვილი, რომლის მწვრთნელობის პერიოდში "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასის გათამაშებებში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენეს. წლების განმავლობაში სამწვრთნელო შტაბის მიერ გაწეული სწორი სელექცია დღემდე კლუბის ძლიერების საფუძველს წარმოადგენს.
შემადგენლობა
პირველი ხაზი: ირაკლი ანდრიაძე, ომარ ბალიაშვილი, დავით გასვიანი, ლევან გენებაშვილი, ლევან თხელიძე, ხვთისო ელოშვილი, ლევან ზარიძე, ნიკო კაზალიკაშვილი, ლაზარე მარსაგიშვილი;
მეორე ხაზი: გიორგი სულთანიშვილი, ლაშა ფოფხაძე, დიმიტრი ცუხიშვილი, რატი ხარძიანი;
მესამე ხაზი: გიორგი ხულუაშვილი, თემურ ჩიტიძე, გივი ბერიშვილი, გიორგი გეგია, ჯაბა კიკვაძე;
#9: ალექსანდრე ზაბახიძე, შალვა კლიმიაშვილი;
#10: ბობა კვინიხაძე, ვახტანგ კავთიძე;
#12-13: ჯემალ ვასაძე, ილია გოგიშვილი, დავით ჟამუტაშვილი;
#11-14: გიორგი ბიწაძე, სანდრო ქავთარაძე, დიტო ჭურღულია;
#15: ბექა წიკლაური, გიორგი კობერიძე
გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"