საქართველოს ჩემპიონატი: გამარჯვების ფასი, ოთხი არეკნი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" ეროვნული ჩემპიონატის პირველივე ტურში მარცხი განიცადა. ლელოელები მოულოდნელად დამარცხდნენ ბოლნისის "ყოჩებთან" - 13:32.

თუ გავითვალისწინებთ, რომ "ყოჩები" გასულ სეზონში ბოლო ადგილზე გავიდნენ და უმაღლეს ლიგაში ადგილი პლეი ოფში გამარჯვებით შეინარჩუნეს, მათი მხრიდან ჩემპიონების ძლევა მართლაც მოულოდნელი იყო. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელი და ამჟამინდელი "ყოჩები" ორი აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია.

საგრძნობლად მოღონიერებული, ამჟამად უკვე ბოლნისური გუნდი, სერიოზულ ძალად იქცა და თუ ასე განაგრძო, ჩემპიონობის ფავორიტადაც მოგვევლინება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ლელოსთან" მატჩის პირველი ტაიმის მიხედვით ამას ვერაფრით იტყოდით.
ლელოელები გაცილებით აქტიურად თამაშობდნენ და უკეთ ორგანიზებულადაც გამოიყურებოდნენ.

ანგარიში "ლელომ" მე-11 წუთზე გახსნა. მორიგი მრავალფაზიანი შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, სადაც "ლელოელები" რიცხობრივ უმრავლესობაში აღმოჩნდნენ და შუამარბმა დაჩი კოპაძემ ბურთი ალამთან ახლოს დაამიწა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა რთული პოზიციიდან გაიტანა - 7:0.

"ყოჩებმა" ამაზე მეტოქეს პასუხი საჯარიმოთი ორ წუთში გასცეს. პოლონეთიდან მშობლიურ გუნდში დაბრუნებულმა მგეზავმა თემურ სოხაძემ ზუსტად დაარტყა - 7:3.

აღსანიშნავია, რომ "ყოჩები" მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც არ შესულან. სოხაძემ ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა, თუმცა ამ დროისთვის "ლელო" ათი ქულის სხვაობით იგებდა. ორი საჯარიმო ყიასაშვილის ანგარიშზეა. 13:6 - ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა. "ყოჩებმა" შერკინების პირველ ხაზში ცვლილება განახორციელეს. მოედანზე მოთამაშე-მწვრთნელის, სანდრო ესაკიას გამოჩენამ გუნდის თამაში მთლიანად გარდაქმნა.

ახლა უკვე "ლელოს" უჭირდა შეტევების ორგანიზება და ისე მოხდა, რომ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მეორე ტაიმში ერთხელაც ვერ შევიდა.

ანგარიში "ყოჩებმა" მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 44-ე წუთზე გაათანაბრეს. მათ ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი შეკრეს, მიაწვნენ, მერე თამაში რაკში გადავიდა. იქ ყველაზე უკეთ მესამეხაზელი ნიკო აფციაური გაისარჯა, რომელმაც ლელოში შეღწევა შეძლო. სოხაძემ გარდასახა - 13:13.

რაც ამის მერე მოხდა, ამას მხოლოდ დიდი რაგბის გაბრწყინება შეიძლება ეწოდოს. "ყოჩებმა" მომდევნო 20 წუთის განმავლობაში ზედიზედ სამი არეკნი გაიტანეს და 64-ე წუთისთვის 22:13 დაწინაურდნენ. ამ სამი დიდოსტატური დარტყმიდან ორი ფულბეკ შავლეგ მახარაშვილის ანგარიშზეა, ერთიც - მგეზავი თემურ სოხაძის.

"ყოჩების" მგეზავმა კიდევ ერთი არეკნი მატჩის მიწურულს, 50 მეტრიდან გაიტანა, როცა მისი გუნდი უკვე სოლიდური სხვაობით იგებდა - 29:13. იქამდე ერთი ლელო "ყოჩებს" გარემარბმა ლევან გოგოლაშვილმა მოუტანა, რომელმაც მეტოქის შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე შესანიშნავი რეიდი განახორციელა.

"ყოჩებმა" პირველი შთამბეჭდავი გამარჯვება მიითვალეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ წლეულს, სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილის სათავესთან ახლოს იქნებიან.

ლელო-ყოჩები 13:32
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჯოგლიძე, (პატარაია 51-62, ხეცოიძე 80), კოპაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე, მჭედლიშვილი (მინდიაშვილი 66). კაჭარავა. (1-8) კვერნაძე (სანიკიძე 49), ლომთაძე, პატარაია (მელიქიძე 50), ხორბალაძე, ქოიავა, კოლელიშვილი (მძინარიშვილი 48), სურგულაძე, ჭყოიძე (ნიკოლაიშვილი 20).
ლ: კოპაძე. 2ს,გ: ყიასაშვილი
სინბინი: სანიკიძე, სურგულაძე.
ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გოგოლაშვილი, ხუციშვილი, ქუშაშვილი (აბდუშელიშვილი 75), ხარშილაძე, სოხაძე, ბეგაძე. (1-8) გოგიშვილი (ესაკია 41), ცუცქირიძე (ხიდეშელი 41), შენგელია, მეტრეველი (წიკლაური, ტვილდიანი 76), გრძელიშვილი, აფციაური, ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე.
2ლ: აფციაური, გოგოლაშვილი. 2ს,2გ: სოხაძე. 4ა: მახარაშვილი (2), სოხაძე (2).
სინბინი: ხუციშვილი
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული