ვინ იქნება პირველი წრის გამარჯვებული, ამაზე პასუხი, შესაძლოა, ახლავე, მერვე ტურში მივიღოთ.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ლელო" გათამაშების ლიდერს, "აიას" სტუმრობს. მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში ისინი მეტოქეთაგან მიუწვდომელნი შეიქნებიან და პირველ წრეს მოიგებენ.
ქუთათურები ამ შედეგის საჩვენებლად ყველაფერს იღონებენ. ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილი გუნდი წლეულს ძალზე სოლიდურად გამოიყურება.
"აიას" მორაგბეები, უწინდელთან შედარებით, ნაკლებ
საგრძნობლად მოღონიერდა ქუთაისელთა უკანა ხაზი. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრებს - ზურაბ ძნელაძეს და გიორგი ფრუიძეს მხარი 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეებმა - რეზო ჯინჭველაშვილმა და თემურ თუთბერიძემაც აუბეს.
"აიას" ლელოების უმრავლესობა სწორედ უკანა ხაზის მორაგბეების ანგარიშზე მოდის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი გუნდიდან ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს, ვერავინ მოხვდა.
"ლელოს", ცხადია, ქუთაისში უმძიმესი ბრძოლა ელის. თბილისური გუნდი, წესით, მატჩს უკეთ მომზადებული უნდა შეხვდეს, რადგან წინა, მე-7 ტურში ისვენებდა ("არმაზთან" მატჩი დეკემბრისთვის გადაიდო). შესაბამისად, ლელოელები ძალების აღდგენას და მიკროტრავმების მოშუშებას მოასწრებდნენ.
"აიას" კი ამ დროს ურთულესი ბრძოლა გადახდა სტუმრად "არმიასთან".
"ლელო" არაფერს დაიშურებს, რომ წინ გაჭრილი მეტოქე დაამუხრუჭოს. გამორიცხული არ არის, ამ შეხვედრაში გუნდს მგეზავი ლაშა ხმალაძე დაუბრუნდეს, რომელიც "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაშიცაა გამოძახებული. მის გარდა ჩემპიონები ეროვნულ გუნდში კიდევ ორ მორაგბეს, ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს და შერკინების კვაჭ რეზო ბელქანიას მიავლენენ.
ლიდერებს ბევრად არ ჩამორჩება ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი". თემურ ბენდიაშვილი ბევრისთვის სრულიად უცნობი მორაგბეებით, რომლებიც გუნდის უმრავლესობას წარმოადგენენ, სასწაულებს სჩადის. რკინიგზელებმა მხოლოდ ორი მატჩი წააგეს მოქმედ ჩემპიონ "ლელოსთან" და წლეულს საგრძნობლად მოღონიერებულ "არმაზთან".
შესანიშნავ ფორმაშია "ლოკომოტივის" ფულბეკი ბექა წიკლაური, რომელიც ტრავმის მოშუშების მერე ფორმაში შესული მესამეხაზელის, გივი ბერიშვილის დარად, საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. მიუხედავად ყველაფრისა, მწყობრი და ძველებურად მძლავრი თამაშის მისაღწევად, "ლოკომოტივს" ჯერ კიდევ ბევრი გარჯა მოუწევს.
მერვე ტურში რკინიგზელები ერთ-ერთ აუტსაიდერს, "ბათუმს" უმასპინძლებენ, რომელმაც ექვსი მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი მოიგო.
ბათუმელთაგან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლეულს ყველა გაცილებით მეტს ელოდა. გუნდს გამოცდილი დამრიგებელი, ლევან მგელაძე მოძღვრავს და არც ფინანსურად უჭირს.
შესაძლოა, "ბათუმის" ასეთი წარუმატებელი პირველი წრე ლოგიკურიცაა, რადგან სეზონის დაწყების წინ გუნდი ყველა მიწვეულმა მოთამაშემ დატოვა და ადგილობრივი კადრების ამარაღა დარჩა. ძნელი სათქმელია, რა სტრატეგიული გათვლა აქვს მგელაძეს, თუმცა ფაქტია, რომ "ბათუმი" აუტსაიდერია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
წლეულს, ბოლო ორი სეზონისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესად ასპარეზობს ბოლნისის "ყოჩები", რომელიც სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და კარგი შანსი აქვს, არა მარტო პლეი ოფში მოხვედრისთვის, არამედ მედლებისთვისაც იბრძოლოს.
"ყოჩებმა", რკინიგზელთა მსგავსად, მხოლოდ ორი მატჩი დათმეს, თუმცა ერთიც ფრედ ითამაშეს. გუნდი ნელ-ნელა ძალას იკრებს და თავდაჯერებულობაც ემატება. ბოლნისელებს მერვე ტურში მორიგი სერიოზული გამოცდა ელოდებათ. მათი მეტოქე "არმია" იქნება, რომელიც, მართალია, კრიზისში იმყოფება, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა და როდის გამოაჩენს "ბასრ ბრჭყალებს", არავინ იცის.
არმიელებმა ექვსი თამაშიდან ორი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, სამი წააგეს და სატურნირო ცხრილში მათთვის უჩვეულო, მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
ძნელი ასახსნელია, რითაა გამოწვეული ამ გუნდის ასეთი კრიზისი. "არმიას" სხვა გუნდებთან შედარებით ბევრად უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს და სეზონისწინა მზადებაც სრულყოფილად გაიარა.
ძნელი სათქმელია, ჩავარდნა დროებითია თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ გუნდს აშკარად უჭირს მობილიზება და გამარჯვებისკენ ძველებურად დაუოკებელი სწრაფვა.
"ყოჩებს" კვალში უდგას თბილისის "არმაზი", რომელსაც ერთი მატჩი ასევე თადარიგში აქვს. არმაზელები 26 ოქტომბერს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" თბილისის "აკადემიას" დაუპირისპირდებიან, რომელიც ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფება.
თამაში, წესით, უშეღავათო უნდა გამოდგეს. აკადემიელებს, ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ და, სავარაუდოდ, მეტოქეს იოლად არაფერს დაუთმობენ.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 7 6 0 1 +79 28
2. ლელო 6 5 0 1 +79 23
3. ლოკომოტივი 7 5 0 2 +37 23
4. ყოჩები 7 4 1 2 +30 20
5. არმაზი 6 4 0 2 +18 18
6. ჯიქები 7 2 2 3 +18 15
7. არმია 6 2 1 3 +18 13
8. აკადემია 6 1 0 5 -106 5
9. ბათუმი 6 1 0 5 -86 5
10. ხარები 6 0 0 6 -87 2
VIII ტური
აია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, არმია-ყოჩები, ჯიქები-ხარები, არმაზი-აკადემია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"