ლელო-არმაზი 28:3 - "ლელო" ისევ პირველია [PHOTO]

AutoSharing Option
"ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მეექვსე ტურის გამოტოვებულ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" თანაქალაქელ "არმაზს" 28:3 სძლია.

ლელოელებმა პრემიალური ქულის აღებაც მოახერხეს და სატურნირო ცხრილის სათავეში დაიბრუნეს ადგილი.

მატჩს "არმაზი" სერიოზული დანაკლისით შეხვდა. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდიდან ჩვენს ნაკრებში ექვსი მორაგბეა მივლინებული, იქვეა "არმაზის" მწვრთნელი დავით ვართანიანი, რომელიც ნაკრების თავკაცია.

"ლელოსთან" არ უთამაშია ირაკლი აბუსერიძესაც, რომელიც რაგბის კავშირში სპორტული დირექტორია და "უმცროს ბორჯღალოსნებს" ლისაბონში გაჰყვა.

მეტოქესგან განსხვავებით "ლელოს" დანაკარგი უმნიშვნელო იყო. ტრავმა აწუხებს და თამაში ვერ შესძლო
ფულბეკმა და გუნდის მთავარმა მექულემ ირაკლი ყიასაშვილმა. ასევე დაშავებულია გარემარბი ლექსო გუგავა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდს მათი არყოფნა ძალიან არ დატყობია. "ლელო" ტურიდან-ტურამდე სულ უფრო უმატებს, უფრო ორგანიზებულ და გამართულ რაგბის თამაშობს. აწყობილ სისტემაში კი, რომელიმე მორაგბის არყოფნა საგრძნობ ცვლილებას არ იწვევს.

"ლელომ" წლევანდელ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა. თვალშისაცემია და ცალკე აღსანიშნავია გუნდის პროგრესი დაცვაში თამაშისას. "არმაზმა", რომელიც ლიდერთა შორის იმყოფება და პლიე ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, მეტოქეს მხოლოდ სამი ქულა აართვა.

ეს მატჩის მე-10 წუთზე მოხდა, როცა მგეზამა დავით კიკნაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო გაიტანა.

დარჩენილი სამოცდაათი წუთის განმავლობაში არმაზელებმა მონაგარი ვერაფრით გაზარდეს.
მანამდე კი, ანგარიში მე-8 წუთზე "ლელომ" გახსნა.

ლელოელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე მწვავე იერიშის ორგანიზება შეძლეს.

"არმაზმა" თითქოს შეძლო ხიფათის თავიდან აცილება, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში ჩემპიონების შუამარბმა დაჩი კოპაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 30 მეტრი ირბინა. გარდასახვა გარემარბმა გოდერძი ჯოგლიძემ გაიტანა - 7:0. ორ წუთში კიკნაძემ საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა, რომლის თაობაზეც უკვე გიამბეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
"არმაზს" კიდევ ორჯერ შეეძლო საჯარიმოს გატანა, მაგრამ ჯერ კიკნაძემ ააცილა კარს, მერე კი საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ფულბეკმა საბა ნიკოლავამ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ლელოელთა დამრტყმელი ირჯებოდა უშეცდომოდ. ჯოგლიძემ 23-ე წუთზე საჯარიმო გაიტანა და შვიდქულიანი უპირატესობა აღადგინა - 10:3.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩში გარდამტეხი მომენტი 34-ე წუთზე დადგა. "ლელომ" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინების უფლება მოიპოვა. ჩემპიონების მორკინალებმა მეტოქეს მძლავრი მიწოლით უკან დაახევინეს.

გიორგი ჭყოიძეს ლელომდე აღარაფერი აკლდა, მაგრამ "არმაზელებმა" მას ხელი წესის დარღვევით შეუშალეს. არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ჯოგლიძემ იოლად გარდასახა - 17:3.

თოთხმეტქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა "ლელოსთან" დაპირისპირებაში თითქმის შეუძლებელია. ეს არც ამ მატჩში მოხდა.

ვერ ვიტყვით, რომ "არმაზმა" მეორე ტაიმში ფარ-ხმალი დაყარა, მაგრამ მეტოქისგან განსხვავებით, მწყობრი იერიშის ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ლელოელები კი ნელ-ნელა ზრდიდნენ ანაგიშში

სხვაობას. ჯერ ჯოგლიძემ გაიტანა საჯარიმო, მერე მგეზავმა ლაშა ხმალაძემ მიითვალა არეკნი - 23:3.
"არმაზმა" არაერთხელ სცადა მატჩის ბედის სათავისოდ შემობრუნება. რამდენჯერმე მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრაც შეძლეს, თუმცა ლელომდე საქმე არ მივიდა. საჯარიმოებს კი არმაზელები, გასაგები მიზეზის გამო, კარში არ ურტყამდნენ.

თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ისევ "ლელომ" იყოჩაღა. მოედნის ცენტრში დერეფნის მოგების შემდეგ მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს, მერე მეტოქის ხაზი გაჭრეს და სალელოვე გარღვევაზე ცხრა ნომერი გიორგი კაჭარავა გაიყვანეს.

ჯოგლიძემ მხოლოდ ამჯერად ვერ შეძლო ბურთის კარის ძელებს შორის გატარება - 28:3.

ლელო-არმაზი 28:3
ლელო (15-9) მჭედლიშვილი, ჯოგლიძე, კორკელია, კოპაძე (ხეცურიანი 50), ნიჟარაძე, ხმალაძე, გ. კაჭარავა (მინდიაშვილი 70). (1-8) პატარაია (სარჯველაძე 71), ბელქანია (ლომთაძე 56), მელიქიძე (ლ. მჭედლიძე 75), ნიკოლაიშვილი (ხორბალაძე 69), ქოიავა, მძინარიშვილი, კოლელიშვილი (არველაძე 72), ჭყოიძე.
3ლ: კოპაძე, საჯარიმო, გ. კაჭარავა. 2გ,2ს: ჯოგლიძე. ა: ხმალაძე.
არმაზი (15-9) ნიკოლავა (ლობჟანიძე 73), სირაძე, მაჩხანელი, კაიფაჯიანი, ჩხაიძე, კიკნაძე, მისრიაშვილი (მჟავანაძე 55). (1-8) ბუკია, თაგაური, ესართია, ზ. კაჭარავა (ა. მჭედლიძე 56), არჩუაშვილი, კანდელაკი (თიგიშვილი 74), მინაშვილი, სოსელია.
ს: კიკნაძე.
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 8 7 0 1 +115 32
2. ლოკომოტივი 8 6 0 2 +56 28
3. აია 8 6 0 2 +68 28
4. არმაზი 8 5 0 3 -4 22
5. ყოჩები 8 4 1 3 +26 21
6. ჯიქები 8 3 2 3 +51 20
7. არმია 7 3 1 3 +22 17
8. აკადემია 7 1 0 6 -109 6
9. ბათუმი 7 1 0 6 -105 5
10. ხარები 7 0 0 7 -120 2

გამოტოვებული მატჩები

17 ნოემბერი
არმია-ბათუმი
ხარები-აკადემია

IX ტური
ყოჩები-ლოკომოტივი, ლელო-არმია, აკადემია-აია, ხარები-არმაზი, ბათუმი-ჯიქები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული