საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი: პირველი წრის სამი ფავორიტი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე გასულ უქმეებზე დასრულდა.

საგულისხმოა, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელოა". ლოგიკურია, რომ მას კვალში უდგანან და მძაფრ კონკურენციას უწევენ უძველესი და ტიტულოვანი ქართული კლუბები, თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისის "აია".

აღსანიშნავია, რომ სამივე ამ გუნდს პირველი წრის დასრულების შემდეგ ერთნაირი შედეგი აქვს. სამივემ ცხრა მატჩიდან შვიდი მოიგო და ორი წააგო. თუმცა "ლელო" დანარჩენ ორს მაინც უსწრებს, რადგან ერთი პრემიალური ქულით მეტი მოიპოვა.

ცხადია, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო. ნიშანდობლივია, რომ ლელოელებმა პირველი
წრის სასტარტო და ბოლო მატჩებში წააგეს. ძნელი სათქმელია, ეს კანონზომიერებაა თუ უბრალოდ დამთხვევა.

პირველ ტურში შარშან ბოლო ადგილზე გასულ ბოლნისის "ყოჩებთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ ლევან მაისაშვილის სამწყსომ მობილიზება შეძლო და ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო. თანაც ისე, რომ გუნდის წამყვანი მოთამაშე, მგეზავი ლაშა ხმალაძე დაშავებული იყო და გუნდს მხოლოდ ნოემბრისკენ დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების მგეზავი "ლელოსთვის" საკმაოდ დიდი ძალაა. მის არყოფნაში მიღწეული წარმატება კი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ გუნდის დიდ პოტენციალსა და ადამიანურ რესურსზე.

აღსანიშნავია, რომ "ლელომ" სამივე უახლოეს მდევარს მოუგო ("ლოკომოტივი", "აია", "არმაზი"), თუმცა საგრძნობლად დაწინაურება მაინც ვერ მოახერხა. ერთი, ვფიქრობთ, ყველაზე დიდი პრობლემა რაც ამჟამად "ლელოს" წინაშე დგას, უდისციპლინობაა. ლელოელებმა ცხრა მატჩში 13 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, რაც ერთობ დამაფიქრებელი ფაქტია.

წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ ათიდან შვიდი გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისაა. საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრისთვისაც სწორედ ისინი იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ "ლოკომოტივი" ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მისი ასეთი წარმატებული თამაში მაინც სასიამოვნო მოულოდნელობაა, რადგან რკინიგზელთა რიგები სეზონის დაწყების წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

სამაგიეროდ, თემურ ბენდიაშვილის სამწყსოს შესანიშნავი პატრონი გამოუჩნდა. მისი სპონსორი სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზა" გახდა. ამდენად, "ლოკომოტივი" თავის ბუნებრივ წიაღში უფრო ადრე დაბრუნდა, ვიდრე საქართველო ევროპაში.

"ლოკომოტივი" დასაბამიდან რკინიგზელთა გუნდი იყო და სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას, რომელიც თავადაც წარსულში მორაგბე იყო, გუნდისთვის მაშველი რგოლის ეფექტი ჰქონდა.

"ლოკომოტივმა" კარგად გამოიყენა ეს ფინანსური ინექცია და ახლა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. რკინიგზელები, ისე, როგორც აქამდე არაერთხელ, ამჟამადაც ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები არიან.

ცხადია, სასიხარულოა ქუთაისის "აიას" წარმატებული თამაში. ქუთათურებმა მხოლოდ ლიდერებთან, "ლელოსთან" და "ლოკომოტივთან" წააგეს. თუმცა საგანგაშო ის არის, რომ ორივე მატჩი "აიამ" შინ დათმო. არადა, გუნდი სეზონის წინ ტრადიციულად რამდენიმე მორაგბემ დატოვა. მოთამაშე-მწვრთნელი აღარ არის ბესიკ ხამაშურიძეც, ის მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული.

"აიაში" ახალგაზრდა, ნიჭიერი და დიდი იმედის მომცემი მოთამაშეების მოზღვავებაა. მათი უმრავლესობა საქართველოს ახალგაზრდული და შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრები არიან, სადაც საკმაოდ წარმატებით ირჯებიან. დიდი ხანია ცნობილია, რომ აქაურ რაგბის შესანიშნავი მომავალი თაობა ეზრდება, რაც ბავშვთა რაგბიში სწორი მუშაობის შედეგია.

წლეულს ლიდერებს შორისაა თბილისის "არმაზი", რომელიც ბოლო ჟამს საგრძნობლად მოღონიერდა და, ალბათ, კიდევ ცოტა დროა საჭირო, რათა არმაზელები სტაბილურად გაერიონ წამყვანი გუნდების მარაქაში. დავით ვართანიანის გუნდმა ცხრა მატჩიდან ექვსი მოიგო და სამი წააგო, რაც ურიგო შედეგი სულაც არ არის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს მეტი შეუძლია.

ცხადია, ყველაზე დიდი მოულოდნელობა "არმიას" მეხუთე ადგილია. ეს გუნდი ობიექტურად ყველაზე უკეთაა დაკომპლექტებული და სეზონის დაწყების წინ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებაც არ დასჭირვებია. არმიელთა არადამაჯერებელი თამაში, შესაძლოა, ტრავმების ეპიდემიასაც დავაბრალოთ. თუმცა, როგორც ჩანს, გუნდი ნელ-ნელა იბრუნებს ჩვეულ სიმძლავრეს, რაც პირველი წრის ბოლო ტურში "ლელოსთან" გამარჯვებით დასტურდება.

პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან ასევე თბილისის "ჯიქები" და ბოლნისის "ყოჩები". ორივე გუნდს შანსი თანაბრად აქვს, თუმცა მიზნის მისაღწევად წინ დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს. "ყოჩებმა", მას შემდეგ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა, კლუბის რამდენიმე აღზრდილი დაიბრუნა, რომლებმაც გუნდის თამაში საგრძნობლად გააძლიერეს.

ისევ ძველებურად შეუპოვრად მებრძოლია "ჯიქები". ეს ახალგაზრდული გუნდი ბევრს უჩვენებს შემართებისა და ჟინიანი, ბოლომდე თავდადებული ბრძოლის მაგალითს. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება: პლეი ოფში თამაშს ორივე გუნდი სამართლიანად იმსახურებს.

გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებენ. ესენია: რუსთავის "ხარები", თბილისის "აკადემია" და "ბათუმი". მათ პირველ წრეში მხოლოდ თითო გამარჯვება მოიპოვეს და ყველაფერი გასარკვევი ჯერ კიდევ წინ აქვთ.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 9 7 0 2 +111 33
2. ლოკომოტივი 9 7 0 2 +57 32
3. აია 9 7 0 2 +74 32
4. არმაზი 9 6 0 3 -2 26
5. არმია 9 5 1 3 +64 26
6. ჯიქები 9 4 2 3 +56 24
7. ყოჩები 9 4 1 4 +25 22
8. ხარები 9 1 0 8 -110 7
9. აკადემია 9 1 0 8 -127 7
10. ბათუმი 9 1 0 8 -148 6

X ტური
აკადემია-არმია, ლოკომოტივი-ჯიქები, ბათუმი-არმაზი, ყოჩები-ლელო, ხარები-აია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული