ლოკომოტივი-ჯიქები 17:25 - "ჯიქები" ავტორიტეტებს არ ცნობენ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე მოულოდნელი შედეგით გაიხსნა.

ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა", რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილზე იმყოფებოდა, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" თბილისის "ჯიქებთან" 17:25 წააგო.
"ჯიქები" საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძვის და, ცხადია, შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტთან გამარჯვება მის სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახება. თანაც, ამ მოგებით გიორგი ამირხანაშვილის გუნდმა სხვებსაც ერთგვარი მესიჯი გაუგზავნა.

"ჯიქები" ხელწამოსაკრავი არასდროს ყოფილა და ახლაც ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი, კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ მედლებისთვის ბრძოლა განაგრძოს.

ძნელი სათქმელია, რატომ, მაგრამ ფაქტია, რკინიგზელებმა
თამაშის დალაგება მხოლოდ ეპიზოდურად შეძლეს. ვერ ვიტყვით, რომ მეტოქე სათანადოდ არ შეაფასეს, რადგან ამ გუნდების აქამდელი მატჩები მუდმივად დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულის ვინაობა მატჩის ბოლო წუთებზე წყდებოდა. ასე მოხდა ამჯერადაც.

იქამდე კი თამაში "ჯიქების" აქტიურობით დაიწყო და ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ცნობილია, რომ ამირხანაშვილის სამწყსოს ძლიერი მხარე შერკინება და რაკში სწრაფი, სუფთა თამაშია.

ნელ-ნელა ამ კომპონენტებს უკანახაზელთა შესანიშნავი გარჯაც ემატება, თუმცა "ჯიქების" პირველი ლელო მთლიანად მორკინალთა დამსახურება იყო.

მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მოგებული დერეფნის შემდეგ მათ მოლი შეკრეს, მძლავრად მიაწვნენ და ლელოში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში შერკინების კვაჭი ბექა მამრიკიშვილი გახლდათ, რომელიც მოგვიანებით დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. გარდასახვა მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ ზუსტად დაარტყა - 7:0.

ცხადია, "ლოკომოტივი", რომლის რიგებშიც ვეტერანი ბობა კვინიხიძე მისთვის უჩვეულო ფულბეკის პოზიციაზე გამოჩნდა, მოვლენების ასეთ განვითარებას არაფრით შეურიგდებოდა. უცნაური ის იყო, რომ საჯარიმოს კარში არ არტყამდნენ და მხოლოდ სალელოვე იერიშის წამოწყებას ცდილობდნენ. პირველ ტაიმში ამან მხოლოდ ერთხელ გაამართლა.

მე-14 წუთზე "ჯიქები" საკუთარი ლელოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ. "ლოკომოტივმა" შერკინება მოითხოვა, რომელშიც მეტოქეს აშკარად აჯობა და ლელო მესამეხაზელმა ლევან თხელიძემ მიითვალა. შუამარბად მოთამაშე ბექა წიკლაურმა გარდასახვიდან ანგარიში გაათანაბრა - 7:7.

ოთხ წუთში "ჯიქებმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღეს და მგეზავმა გიორგაძემ თავისიანები დააწინაურა - 10:7. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის დასრულებამდე 18 წუთი რჩებოდა, აღარაფერი შეცვლილა.

შესვენების შემდეგ "ლოკომოტივი" უფრო აქტიური ჩანდა. 52-ე წუთზე რკინიგზელებმა ბრწყინვალე იერიში წამოიწყეს, მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს. მერე "ჯიქების" დაცვის ხაზი გარემარბმა გიორგი ბიწაძემ გაჭრა და ლელოში შეაღწია, წიკლაურმა გარდასახა - 14:10.

"ჯიქებს" პასუხი დიდხანს არ დაუყოვნებია. ოთხ წუთში მათი მორიგი შეტევა ლელოთი დასრულდა. მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მიახლოებულმა ნუგზარ გიორგაძემ ბურთი ფეხით რკინიგზელთა ზურგს უკანა ჩათვლის მოედნისკენ გადაკიდა.

ყველაზე ადრე ბურთთან თითქოს "ლოკომოტივის" ერთ-ერთი უკანახაზელი გაჩნდა, თუმცა მან მისი დამორჩილება ვერ შეძლო. "ჯიქების" გარემარბმა ნიკოლოზ ბიწაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეტოქე დაალელოვა. გიორგაძემ გარდასახა - 17:14.

მომდევნო 20 წუთის განმავლობაში გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 20:17. შუალედში კი "ლოკომოტივის" დამრტყმელმა წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მატჩის მიწურულს სათამაშო უპირატესობას თითქოს რკინიგზელები ფლობდნენ, თუმცა სალელოვე შეტევა "ჯიქებმა" თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე განახორციელა.

ისინი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მორკინალების მოკლე დარტყმებით უტევდნენ. არბიტრმა რაკში თამაშისას "ლოკომოტივის" მხრიდან თამაშის წესის დარღვევა შენიშნა და "ჯიქებს" უპირატესობა ათამაშა. რაკიდან გამოსული ბურთი მათმა მგეზავმა მარჯვენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა, სადაც დროულად დახვდა გარემარბი დიმიტრი კალანდაძე და ლელოში შეაღწია. გიორგაძემ ვერ გარდასახა - 25:17.

"ლოკომოტივს" მატჩის გადასარჩენად გარდასახული ლელო და ერთი საჯარიმო სჭირდებოდა, მაგრამ "ჯიქებმაც" არ დაანება და საამისოდ დროც აღარ დარჩათ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ლოკომოტივი-ჯიქები 17:25
ლოკომოტივი (15-9) კვინიხიძე, გ. ბიწაძე, წიკლაური, კავთიძე, ჩიტიძე, გოდერძი ჭინჭარაული, ზაბახიძე. (1-8) ელოშვილი (ბალიაშვილი 63), გენებაშვილი (გასვიანი 61), ზარიძე, გეგია, ხოლუაშვილი, ახვლედიანი, ბერიშვილი, თხელიძე.
2ლ: თხელიძე, გ. ბიწაძე. 2გ,ს: წიკლაური.
ჯიქები (15-9) კიკნაძე, ნ. ბიწაძე, ჯინჯიხაძე, კუპრეიშვილი, კალანდაძე, გიორგაძე, გიორგი ჭინჭარაული. (1-8) ჯინჭარაძე (ხატიაშვილი 41)ს, მამრიკიშვილი (ოქრომელიძე 19), ოქრიაშვილი (გაგნიძე 63), გოგოლიძე (ტრაპაიძე 73), მჭედლიშვილი, შენგელია, ტუჩაშვილი, კორკოტაძე.
3ლ: მამრიკიშვილი, ნ. ბიწაძე, კალანდაძე. 2გ,2ს: გიორგაძე.
მსაჯი: დავით ჩიხლაძე

ყოჩები-ლელო 29:27
ყოჩები: 4ლ - გოგიშვილი, სოხაძე, ხარშილაძე (2). 3გ - სოხაძე (2), მახარაშვილი. ს - სოხაძე.
სინბინი: აფციაური
გაძევება: აფციაური
ლელო: 4ლ - ლომთაძე, კოლელიშვილი, ზაალიშვილი, ბუბუტეიშვილი. 2გ,ს - ყიასაშვილი.
სინბინი: სურგულაძე
გაძევება: სურგულაძე.

ხარები-აია 3:15
ხარები: ს - ხუციშვილი.
აია: 2ლ - აბრამიძე (2). გ,ს - სინაურიძე.
სინბინი: დანგაძე.

ბათუმი-არმაზი გადაიდო

აკადემია-არმია 13:31 - "არმიამ" აკადემიური გამოცდა ჩააბარა


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აია 10 8 0 2 +86 36
2. ლელო 10 7 0 3 +109 34
3. ლოკომოტივი 10 7 0 3 +49 32
4. არმია 10 6 1 3 +82 31
5. ჯიქები 10 5 2 3 +64 28
6. არმაზი 9 6 0 3 -2 26
7. ყოჩები 10 5 1 4 +27 26
8. ხარები 10 1 0 9 -122 7
9. აკადემია 10 1 0 9 -145 7
10. ბათუმი 9 1 0 8 -148 6

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენჯერ უნდა მოუგოს ჯიქებმა ლოკომოტივს რომ ეს მოგება მოულოდნელი არ იყოს?
mgezavi
14:45 09-12-2013
0
რამდენჯერ უნდა მოუგოს ჯიქებმა ლოკომოტივს რომ ეს მოგება მოულოდნელი არ იყოს?
mgezavi
14:43 09-12-2013
0

სიახლეები პოპულარული