არმია-ხარები 29:9 - "არმია" მწყობრში ჩადგა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "არმია" ნელ-ნელა ძალას იკრებს და ლიდერთა მარაქას უბრუნდება.

არმიელებმა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ერთ-ერთ აუტსაიდერს, რუსთავის "ხარებს" უმასპინძლეს და 29:9 დაამარცხეს.

"არმიას" ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. მათ შორის - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უკანახაზელი გიორგი აფციაური, რომელსაც არმიელთა თავკაცი ნიკო ჭავჭავაძე მგეზავის პოზიციაზე ათამაშებს.

უნივერსალ მორაგბეს მგეზავად ასპარეზობა შესანიშნავად გამოსდის. ის გუნდის შეტევებს სისწრაფეს მატებს და არაორდინარული გადაწყვეტილებებით მეტოქეს თავგზას უბნევს.

აფციაურს ამჯერად არ უთამაშია. მგეზავად ამ მატჩში ლაშა ბაირამაშვილმა იასპარეზა და მე-3 წუთზე
შესანიშნავი არეკნით ანგარიში გახსნა - 3:0. რუსთავის "ხარები", მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი აუტსაიდერია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, "არმიას" წინააღმდეგ დასაწყისში საკმაოდ დალაგებულ რაგბის თამაშობდა და 34-ე წუთამდე მეტოქეს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა.

მეტიც, რუსთაველები ერთგვარ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ. ეს უცნაურიც კი იყო, საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა მისთვის უჩვეულო, მგეზავის პოზიციაზე ითამაშა. დაკისრებულ მოვალეობას ახალგაზრდა მორაგბემ თავი შესანიშნავად გაართვა. მან ბაირამაშვილის არეკნს ორი საჯარიმოთი უპასუხა და 21-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა - 6:3.

ეს ანგარიში 34-ე წუთამდე არ შეცვლილა. ხუციშვილს კიდევ ერთხელ ჰქონდა შანსი, რუსთაველები კიდევ უფრო დაეწინაურებინა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. "არმიამ" დასკვნით ექვს წუთში ტემპს მოუმატა და ორი შედეგიანი იერიში განახორციელა. მეტოქის ლელოდან 15 მეტრში მოგებული დერეფნის შემდეგ არმიელთა მორკინალებმა მოკლე დარტყმებით წინ წაიწიეს. ბურთი ნელ-ნელა კარის მიმართულებით მოძრაობდა.

მორიგი რაქიდან ის გუნდის კაპიტანმა ლევან დარასელიამ აიტაცა და ჩათვლის მოედანში გადადო. გარდასახვა ბახვა კობახიძემ გაიტანა - 10:6.

ოთხ წუთში "არმიამ" იდენტური კომბინაცია გაათამაშა, ოღონდ ამჯერად ბურთი მარცხენა ფრთიდან, მარჯვნივ ბოლომდე ჩაათამაშეს, იქ კი, გარემარბი ალექსანდრე ტუჩაშვილის შეჩერება რუსთაველებმა ვერ შეძლეს. კობახიძემ მოედნის კიდიდან ვერ გარდასახა - 15:6.

"ხარებმა" ტაიმის მიწურულს მორიგი იერიში წამოიწყეს, თუმცა მხოლოდ საჯარიმოს გამორჩნენ, რომელიც ხუციშვილმა ზუსტად დაარტყა - 9:15. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

ექვსქულიანი ჩამორჩენა "ხარებს" მატჩის გადარჩენის შანსს უტოვებდა, თუმცა "არმიამ" შესვენების შემდეგ თამაშის სადავეები მთლიანად ხელში აიღო და მეტოქეს მონაგარის გაზრდის საშუალება
აღარ მისცა.

მორიგი ლელო არმიელებმა 50-ე წუთზე გაიტანეს. მრავალფაზიან შეტევას, რომლის დროსაც იერიშის მიმართულება ხშირად იცვლებოდა, მარჯვენა ფრთაზე უკანახაზელების სწრაფი ჩართვა მოჰყვა. ყველაზე უკეთ შექმნილ სიტუაციაში შუამარბი ვანო გაბროშვილი გაერკვა, რომლის ლელოც კობახიძემ გარდასახა - 22:9.

"ხარები" თამაშის დალაგებას ცდილობდნენ, ხელდახელ ბურთაობით მეტოქის შევიწროებაც სცადეს, მაგრამ გამარჯვებისთვის შემართულ მეტოქეს ვერაფერი დააკლეს. არმიელებმა კი მატჩის ბოლო წუთზე კიდევ ერთი ლელო მიითვალეს. მარჯვენა ფრთაზე მორკინალებმა მოკლე დარტყმებით რაკში რუსთაველები უხვად ჩაითრიეს და მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს.

ბურთი სწაფად სწორედ იქით ჩაათამაშეს და გაბროშვილმა მეორე ლელო მიითვალა. კობახიძემ ესეც გარდასახა - 29:9.

"არმიამ" ერთი პრემიალური ქულაც მიიღო და ქუთაისის "აიასთან" და თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად 36 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

ყოჩები-ჯიქები 10:3
ყოჩები: 2ლ - ხიდეშელი (2)
სინბინი: გოგიაშვილი
ჯიქები: ს - გიორგაძე

ლელო-აკადემია 32:0
ლელო: 4ლ - ბუბუტეიშვილი, კორკელია, ყიასაშვილი, საჯარიმო. 3გ,2ს: ყიასაშვილი.
აკადემია: სინბინი - ქოპილაშვილი.

აია-ბათუმი გადაიდო

არმაზი-ლოკომოტივი 17:31 - რკინიგზული რევანში არმაზს

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 11 8 0 3 +141 39
2. ლოკომოტივი 11 8 0 3 +63 36
3. აია 10 8 0 2 +86 36
4. არმია 11 7 1 3 +102 36
5. ყოჩები 11 6 1 4 +34 30
6. ჯიქები 11 5 2 4 +57 29
7. არმაზი 10 6 0 4 -16 26
8. ხარები 11 1 0 10 -142 7
9. აკადემია 11 1 0 10 -177 7
10. ბათუმი 9 1 0 8 -148 6

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

არმია-ხარები 29:9

არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი, ჯიმშელაძე, შკინინი (ნუცუბიძე 67), ბაირამაშვილი, ღვინჯილია (ჯინაშვილი 44). (1-8) კაკოვინი, მამუკაშვილი (ქორიძე 48), გურგენიძე (ხარებავა 65), ჩიტიძე, სურგულაძე (აზალაძე 32), ბიწაძე, დარასელია (თავართქილაძე 61), მაისურაძე (კალმახელიძე 61).
4ლ: დარასელია, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (2). 3გ: კობახიძე. ა: ბაირამაშვილი.
სინბინი: ჯიმშელაძე.
ხარები (15-9) ბასილაია, მელიქიშვილი, ნათელაშვილი, ღამბარაშვილი, გულიტაშვილი, ხუციშვილი, ბუჯიაშვილი. (1-8) მაჭარაშვილი, ზურიკიშვილი, აღაშვილი, მჭედლიშვილი (ქუფრაშვილი 58), ქარუხნიშვილი (ივანიშვილი 75), გოგიაშვილი, ქვლივიძე, მღებრიშვილი.
3ს: ხუციშვილი.
სინბინი: გოგიაშვილი
მსაჯი: გიორგი ტრაპაიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული