საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. ფინალები: ისევ ფოთსა და ავჭალაში

AutoSharing Option
16 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, დასკვნით ეტაპზე შესარჩევი ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები, შესაბამისად, ბოლნისის "ყოჩები" და თბილისის "ლელო" დაუპირისპირდებიან.

"ლელო" საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულია. მიმდინარე ტურნირში, როგორც უკვე ვთქვით, ამ გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და პირველადგილოსან "ყოჩებს" ორი ქულით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ "ყოჩებმა", სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ბოლომდე ილიდერა და ერთი ხანობა უახლოეს მდევარს 12 ქულითაც უსწრებდა.

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება "ყოჩების" გამარჯვებით დასრულდა - 21:12. საპასუხო შეხვედრაში კი "ლელომ" 22:9 მოიგო.
ამდენად, მათ შორის გამარჯვებულის გამოცნობა შეუძლებელია.

თამაში დაძაბული და ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. საგულისხმოა, რომ წაგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ ტოვებს და წინასწარ ფინალში, გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"ლელოსა" და "ყოჩების" მატჩი "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება.

ფოთში კი, გასავარდნ ფინალში, ერთმანეთის პირისპირ "ბათუმი" და თბილისის "ლოკომოტივი" წარდგებიან.

ბათუმელები წლეულს შეუდარებლად კარგად ასპარეზობენ და რკინიგზელებს მათი წინააღმდეგობის დასაძლევად დიდი ჯაფა დაადგებათ. ეს მატჩი 18 აპრილს გაიმართება.

ამასობაში, სტატისტიკის მოყვარულებს ვაცნობებთ, რომ საუკეთესო მექულე ამ დროისთვის "ყოჩების" მგეზავი თემურ სოხაძეა, რომელმაც გუნდს 181 ქულა შესძინა. მას ცხრა ქულით "ბათუმის" ფულბეკი ბახვა კობახიძე ჩამორჩება.

საუკეთესო მელელოვეც "ყოჩების" მორაგბეა. გარემარბ ირაკლი გეგენავას ანგარიშზე ცხრა ლელოა. მასზე ერთი ლელოთი ნაკლები აქვს გატანილი "ბათუმის" მესამეხაზელ ლევან თხელიძეს. "ლელოს" შერკინების კვაჭმა გიორგი ლომთაძემ კი შვიდი ლელო მიითვალა.

საუკეთესო მექულეები
1. თემურ სოხაძე (ყოჩები) - 181 ქულა; 2. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 172; 3. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 160; 4. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 128; 5. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 120

საუკეთესო მელელოვეები
1. ირაკლი გეგენავა (ყოჩები) - 9 ლელო; 2. ლევან თხელიძე (ბათუმი) - 8; 3. გიორგი ლომთაძე (ლელო) - 7; 4. გიორგი აბრამიძე (აია), გიორგი ფრუიძე (აია), გელა შალამბერიძე (აია), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 6; 5. გიორგი ბებიაშვილი (ხარები), გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), ბექა გიგაშვილი (ბათუმი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), ოთარ მინაშვილი (არმაზი) - 5; 6. თორნიკე გოგლიძე (თიბიესი), დიტო კალანდაძე (ლოკომოტივი), იოსებ კიკვაძე (აია), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), გიორგი სოსელია (არმაზი), არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თხოვნა

აუცილებლად მოგვაწოდეთ ინორმაცია ტრავმირებულ ბორჯღალოსნებზე

ჯაბა ბრეგვაძე
ვიტო კოლელიშვილი
თედო ზიბზიბაძე
ვასილ კაკოვინი
შალვა მამუკაშვილი
support
16:23 15-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული