ბათუმი-ლოკომოტივი 13:18 - ბექა წიკლაურმა "ლოკომოტივს" მოაგებინა

AutoSharing Option
გასავარდნი ფინალი, რომელშიც ერთმანეთს "ბათუმი" და თბილისის "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ, ფოთის ხელოვნურსაფარიან სარაგბო მოედანზე გაიმართა.

საინტერესო და დაძაბული შეხვედრის მთავარი გმირი თბილისელთა ფულბეკი ბექა წიკლაური გახდა, რომელმაც სამი საჯარიმო და ამდენივე არეკნი გაიტანა, საკუთარ გუნდს 18 ქულა მოუტანა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი შეიქნა.

მატჩის პირველი ტაიმი "ლოკომოტივის" უპირატესობით წარიმართა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდები ბურთს აკონტროლებდნენ, მეტოქეს დერეფანშიც სჯობდნენ და შერკინებაშიც. თამაშის დასაწყისშივე ზედიზედ რამდენიმე შერკინების ჩაშლის შემდეგ ბათუმელები დაჯარიმდნენ და ბექა წიკლაურმა ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა - 3:0.

ცოტა ხანში ზღვისპირელები კიდევ
დაჯარიმდნენ, მაგრამ ამჯერად წიკლაურის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. თბილისელთა "სნაიპერმა" შეცდომა მალევე გამოასწორა და საკმაოდ შორი მანძილიდან, მოულოდნელი დარტყმით არეკნი გაიტანა - 6:0.

ბათუმელებს ჯარიმიდან შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ ბახვა კობახიძეს მიზანმა უმტყუნა. ტაიმის შუაწელში ,,ლოკომოტივმა" მორიგი შერკინება მოიგო, რის შემდეგაც ბათუმელები ისევ დაჯარიმდნენ და წიკლაურმა ზუსტი დარტყმით ანგარიში 9:0 გახადა.

მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მათი პირველი ნომერი ზურა ერისთავი 10 წუთით გააძევეს. "ლოკომოტივმა" მწვავედ შეუტია, თანაგუნდელებმა წიკლაურს დერეფანი გაუთავისუფლეს, მანაც არეკნით ბურთი ძელებს შორის გაატარა და ანგარიში 12:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს, "ბათუმიც" გააქტიურდა, ზღვისპირელებმა მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან აუტის მოგების შემდეგ მძლავრად შეუტიეს და ჩათვლის მოედანსაც მიუახლოვდნენ, მაგრამ ბოლო წამს ბურთი წინ გადაუვარდათ და მწვავე შეტევაც ჩაეშალათ.

შესვენების შემდეგ "ბათუმი" გაცილებით მობილიზებული გამოვიდა და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლა. ბახვა კობახიძემ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა - 6:12. შეხვედრა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა.

საწყისი დაბნეულობის შემდეგ სტუმრებმაც დაალაგეს თამაში, თბილისელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს, გიორგი ბიწაძემ ფეხით გადაიკიდა ბურთი და კარგადაც შეჰყვა, მაგრამ ბოლო მომენტში შებოჭეს. შეტევა ფარნავაზ გასვიანმა გააგრძელა და ლელოს ხაზსაც მიუახლოვდა, მაგრამ ბათუმელებმა მიუსწრეს და ბურთიანად აუტში გადააგდეს.

სალელოვე შეტევა კი გაუცუდდათ, მაგრამ ცოტა ხანში შერკინების მოგების შემდეგ თბილისელებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და წიკლაურმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი ძელებს შორის გაატარა - 15:6.

მატჩის დამთავრებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა. მასპინძლებმა მარცხის საშიშროება იგრძნეს და მძლავრად შეუტიეს. ხუთფაზიანი იერიშის შემდეგ ბათუმელებმა ბურთი მარჯვნიდან კარისკენ წამოიღეს, სადაც წარმოქმნილი ზედახორიდან არჩილ ალიქაძემ დააღწია თავი და ჩათვლის მოედანში დაამიწა. კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:15.

მასპინძლებს მატჩის შემოტრიალების კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ლოკომოტიველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დაიბნენ და მეტოქეს ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცეს, წიკლაური კი ისე ცივსისხლიანად გაისარჯა, ბათუმელებთან ერთად მისი თანაგუნდელებიც გაოცებულნი დარჩნენ, როცა მან თითქმის მოედნის ცენტრიდან მეტად საჭირო არეკნი გაიტანა და სტუმრებს გამარჯვება მოაპოვებინა - 18:13. დარჩენილ დროში ბათუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ლელოს ხაზთან მიახლოება ვეღარ მოახერხეს.

"ლოკომოტივი" მცირე ფინალში ბოლნისის "ყოჩებს" დაუპირისპირდება. აქ გამარჯვებული დიდ ფინალში თბილისის "ლელოს" მეტოქე იქნება. "ბათუმი" კი საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ბათუმი-ლოკომოტივი 13:18
ბათუმი: (15-9) კობახიძე, ნინიძე, ჯიმშელაძე, გაგოშვილი, კვერნაძე (მიმინოშვილი 70), ნ. გიორგაძე, თუთბერიძე; (1-8) ერისთავი (ხოჭოლავა 65), ცხოვრებაშვილი (კელენჯერაძე 45), ბ. გიგაშვილი, სულაძე (კორტავა 57), აზალაძე, თხილაიშვილი, ალიქაძე, თხელიძე
ლ: ალიქაძე. 2ს,გ:კობახიძე.
სინბინი: ერისთავი
ლოკომოტივი: (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ძნელაძე (ჟამუტაშვილი 70), ჭინჭარაული, კალანდაძე, შკინინი, დავითაშვილი; (1-8) ბეჟიაშვილი (გასვიანი 59), კვანტიძე (ელოშვილი 61), ბურდული (ბეკოშვილი 45), ცუხიშვილი (ღუდუშაური 70), გასვიანი, ფოფხაძე, ბერიშვილი, ბიწაძე
3ს,3ა: წიკლაური
მსაჯი: კენ ინბუში (ირლანდია)

2 მაისი
მცირე ფინალი
ყოჩები-ლოკომოტივი

9 მაისი
დიდი ფინალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული