ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა", რომლებმაც საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს, ბრიუსელში, "მომცრო ეიზელზე" ბელგიის ნაკრებს 31:6 მოუგო. 
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამ შეხვედრაში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბის გამოცდა გადაწყვიტა. შედეგად, მოედანზე ოთხმა ისეთმა მორაგბემ ითამაშა, რომლებმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი კეპი მოიხვეჭეს. ესენია: შერკინების ბურჯები თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, შერკინების კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ასეთი შემადგენლობით არასდროს უთამაშია. შესაბამისად, მისგან შეთამაშებულ, ზედმიწევნით დაწყობილ-დალაგებულ თამაშს არავინ
ელოდა. მით უფრო, რომ სათამაშო მინდორი და ამინდი სულაც არ იყო ხელსაყრელი მთელი ტექნიკური არსენალის გამოსავლენად.

პირველ ხაზზე ახალს ვერაფერს ვიტყვით. ეს ის რგოლია, სადაც პრობლემა ქართულ რაგბის კიდევ დიდხანს არ ექნება. ვისაც უნდა ეთამაშოს საქართველოს ნაკრები და რა შემადგენლობაც უნდა იდგეს პირველ ხაზში, ჩვენი შერკინება ყოველთვის ჩაგრავს მეტოქეს.

ეს მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა. შერკინება მე-4 წუთზე მასპინძელთა ლელოდან ხუთ მეტრში დაინიშნა. მსაჯმა მეტოქე ორჯერ დააჯარიმა, რამდენჯერმე, ბელგიელთა დასაწყისშივე შეცვლაზე შესული შერკინების ბურჯი ზეპ დებაკერი მიწოლისას შეგნებულად ჩავარდა, მაგრამ არბიტრი რატომღაც ვერ ამჩნევდა. საბოლოოდ, ბელგიელი ჯერ სინბინში გაუშვა უელსელმა რეფერიმ, მერე, მატჩის მიწურულს, წითელი ბარათიც აუფრიალა თვალწინ.

შერკინებაში მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ყველაზე გამოცდილი მორაგბე იყო. მესამე ხაზიდან ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს 2015 წლის მსოფლიოს თასზე ნათამაშები აქვთ და, ცხადია, ახალბედებად ვერ ჩავთვლით. ნელ-ნელა უშინაურდება ნაკრებს შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე.

მეტეოროლოგიური პირობები უკანახაზელებისთვის ხელსაყრელი არ იყო, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ხაზზე რამდენჯერმე სცადეს ბურთის გატანა. ყველაზე მწვავე იერიში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 3:0-ს ვიგებდით, სწორედ ახალგაზრდა შუამარბის, გიორგი კოშაძის გარჯას მოჰყვა. მან ხაზი გაჭრა, მერე იერიში ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ განაგრძო, რომელიც ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. ბელგია ლელოს გადაურჩა.

20 წლის კოშაძემ ეროვნულ გუნდში მეორედ ითამაშა. ის ნოემბრის ტესტებზე, სამოასთან მატჩშიც არ გამოიყურებოდა ცუდად. ბელგიასთან შეხვედრაში კი ლელოც გაიტანა. ვფიქრობთ, ჰეიგი უფრო თამამად უნდა ენდოს ახალგაზრდა უკანახაზელებს, რადგან კოშაძის დარი ნიჭიერი მორაგბე ბევრია.

ნამატჩევს ჰეიგმა თქვა, რომ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები დომინირებდა. ეს ასეც იყო, ბელგიელები ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში მხოლოდ 39-ე წუთზე შევიდნენ და ისიც უშედეგოდ.

ანგარიში მე-12 წუთზე საჯარიმო დარტყმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, რომელმაც ამ შეხვედრაში 99-ე კეპი მიითვალა. ათ წუთში საჯარიმო, ამჯერად, კვირიკაშვილმა აუტში დაარტყა. დერეფანი სუფთად მოვიგეთ და მოლი შევკარით. ბელგიელებმა წინააღმდეგობა ვერ გასწიეს და მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:0.

38-ე წუთზე ჩვენ სასარგებლოდ მორიგი შერკინება დაინიშნა. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ისევ გადათელეს, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა. ბეგაძემ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ხმალაძეს გადააწოდა. ამან შეტევაში კოშაძე ჩართო, რომელმაც ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. კვირიკაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 17:0.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და შეცვლაზე შესულმა მათმა საუკეთესო მექულემ, ალენ ვილიამსმა, ორი საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა - 6:17.

დასკვნით 20 წუთში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა. 63-ე წუთზე ისევ შერკინებამ იყოჩაღა. ბელგიელები, ის იყო, საკუთარ ლელოში უნდა შეგვეყვანა, რომ შერკინება ჩაიქცა და არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა.

მატჩის მიწურულს, დერეფნიდან დაწყებული შეტევა "ბორჯღალოსნებმა" მოკლე დარტყმებით განაგრძეს და ლელო მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ გაიტანა. გარდასახვა ზუსტად შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ დაარტყა - 31:6.

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მახსოვს ბელგიაში პირველი სტუმრობა. მაშინდელთან შედარებით, უკეთესად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები დომინირებდა. მეორე ნახევრის დასაწყიში ოდნავ მოვდუნდით, მაგრამ მალევე დავბრუნდით თამაშში.

ამჯერად წამყვანი მოთამაშეები დავასვენეთ. ბევრ ახალგაზრდას მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. ჩვენ ამ ტურნირის ჩემპიონები ვართ და, ცხადია, რომ ტიტულის შენარჩუნება გვინდა.

ბელგიას ბოლო სამ წელიწადში საგრძნობლად მოუმატია. ფიზიკურად ღონიერი გუნდია და თუ სტრუქტურულად განვითარდება, სერიოზულ გუნდად გადაიქცევა".

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
ბელგია-საქართველო 6:31
ბელგია (15-9) მიუსი, (ა. ვილიამსი 41), პირონი, ბრებონი, რეინარი, ქ. ვილიამსი (კოკიუ 73), ბერჟე. (1-8) სოტო, დე ბაკერი (დებატი 53), დინსტი (დიუბუა 71), დე კლერკი (დე ბაკერი 64), კორადი (ბილი 41), ფერფურტი (ბენუა 53), კუპე, ლესკარბურა, დე მოდერი.
2ს: ა. ვილიამსი.
სინბინი: დე ბაკერი
გაძევება: დე ბაკერი
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, (წიკლაური 78), ფრუიძე, კოშაძე (მალაღურაძე 78), შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 78). (1-8) თეთრაშვილი (მატარაძე 53), ალხაზაშვილი (ჭყოიძე 77), მელიქიძე (ბეკოშვილი 53), ნემსაძე, ჭეიშვილი (გიორგაძე 53), ლომიძე, თხილაიშვილი (ცუცქირიძე 78), გორგაძე.
4ლ: თხილაიშვილი, კოშაძე, საჯარიმო, გორგაძე. 4გ: კვირიკაშვილი (3), მალაღურაძე.
სინბინი: კვირიკაშვილი
მსაჯი: ბენ ვაითჰაუსი (უელსი).

სხვა მატჩები
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველივე ტურში სენსაცია მოხდა. გერმანიის ნაკრებმა ფავორიტი რუმინეთი 41:38 დაამარცხა. არადა, "სტეჟარი" მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ დაწინაურდა 18 ქულით. ბოლოს გერმანიის ნაკრებს რუმინელებთან 70 წლის წინათ მოუგია.

ესპანელებმა კი შინ, დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს რუსების დამარცხება - 16:6.

გერმანია-რუმინეთი 41:38
ესპანეთი-რუსეთი 16:6

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 1 1 0 0 +25 5 1
2. ესპანეთი 1 1 0 0 +10 4 0
3. გერმანია 1 1 0 0 +3 4 0
4. რუმინეთი 1 0 0 1 -3 1 1
5. რუსეთი 1 0 0 1 -10 0 0
6. ბელგია 1 0 0 1 -25 0 0

II ტური
საქართველო-გერმანია
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უსახელოს,ცოტა "ბრტყლად" ნათქვამი გამომივა,და საერთოდ სიტყვების არ მჯერა,საქმით ჩანს ურთიერთდგომა,მინდა ვიქართველოთ,სიმღერითაც და საქმითაც-მხარში დგომით,ეროვნულად.გარდაცვლილ დედას მაფიცებ! და გაგცემ...! "ჩაკრულოს" რომ ისმენთ,ევროვიზიაზე გვგონია თავი თუ ბრძოლის ველზე? რაგბიც,როგორც საერთოდ ცხოვრება ,მისი "თავაწეულად" გავლის მცდელობით,ურთიერთგატანით,არა მარტო ახლობლების-ეროვნულად,ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის, "ბრძოლის ველია".ეროვნული ანთემი კი , შემსრულებლის"სულის" სიძლიერის გადამომცემი მყესების, ამოძახილია,და სიყალბეს,ევროვიზიების შოუების დონეზე, ვერ ეგუება.დიდ ერს ანთემიც ომებში "გამობრძმედილი-სისხლნაღვარი"დიადი აქვთ,და როცა თავმოყვარე ფრანგი მაღშონ მაღშონს! "გაჰყვირის ომახიანად" ან ამაყი ბრიტანელი "გოდ სევ ზე ქვინს! "კბილებს შუა ცრის",როგორ გგონია,სად წარმმოუდგენიათ თავთავიანთი თავები, @ლე ბლუ-ლაონზ" რაგბის გეიმზე, თუ ერთს აუსტერლიცზე და მეორეს ტრაფალგარზე,ჩვენც "იქ ვართ მათთან" უძლეველ ქართველთა "იმ" ბრძოლის ველზე მხარ და მხარ მდგომნი,სიმღერითაც და მარჯვენათიც.
Oxfordis universiteti.
14:29 13-02-2017
0
raginda gapiceb dedas?evroviziaze wer tu ragbze???
MZ.-GB-S
13:23 13-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული