ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი "ევროპა რაგბის ჩემპიონატი" მეორე ადგილზე დაასრულა. ახლა გუნდის მენეჯმენტი და საქართველოში მოთამაშე ნაკრების წევრები ივნისის ტესტებისთვის ემზადებიან.

ცხადია, "ბორჯღალოსნების" მიერ წლეულს ტრადიციულ მეტოქეებთან მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდა მორაგბეებმა. თუმცა, საყოველთაო აზრით, ტურნირი მაინც უნდა მოგვეგო.

თუ რა მოხდა განვლილ შეჯიბრებაში და რა გეგმები აქვს გუნდს სამომავლოდ, ყველაზე უკეთ, რა თქმა უნდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გვიამბობს, რომელსაც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შევხვდით.

- 2016 წელს ექსპერიმენტებისგან თავი შევიკავეთ. ძალიან კარგი, აღმავლობის პერიოდი
გვქონდა და არ გვინდოდა, რამეს ხელი შეეშალა. წლეულს კი "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ეს გათამაშება ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად გამოვიყენეთ. ეს იყო ერთადერთი შანსი, სადაც მათი შესაძლებლობები უნდა გვენახა. სამომავლოდ, ამის საშუალება აღარ გვექნება, რადგან უკვე 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ.

მიუხედავად ყველაფრისა, ეს ტურნირი მაინც უნდა მოგვეგო. მიზანი ეს გვქონდა. ვერ შევასრულეთ.

- რუმინეთის ნაკრებთან მარცხი ტურნირის წაგების ფასად დაგვიჯდა, რატომ მოხდა ასე?
- რუმინეთთან მარცხს ორი მიზეზი აქვს: ერთი მსაჯის უცნაური გარჯაა, როგორც მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას, ისე თამაშის დასკვნით მონაკვეთში; მეორე კი ჩვენ მიერ შექმნილი ხელსაყრელი მდგომარეობების გამოუყენებლობაა. რამდენჯერმე შეგვეძლო ანგარიშში დაწინაურება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ექსპერიმენტს ატარებდით და გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე იხმეთ. ცოტა უცნაურია, მაგრამ, თუ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას გადავხედავთ, ყველაზე "მოშიშვლებული" ათი და თხუთმეტი ნომრის პოზიციებია. ძირითადმა მოთამაშეებმა ტრავმა რომ მიიღონ, მათი სრულფასოვანი შემცვლელი, ფაქტობრივად, არ გვყავს...
- ათი ნომრის პოზიციაზე რეზო ჯინჭველაშვილი გამოვცადეთ გერმანიის ნაკრებთან. ფულბეკს რაც შეეხება, გერმანიასთან მატჩში მერაბ კვირიკაშვილი ცენტურიონი გახდა. მერე ესპანეთთან და რუსეთთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვქონდა და მისი სხვა მორაგბით შეცვლა არ გავრისკეთ. ასე იყო რუმინეთთანაც. თან ის სულ უფრო და უფრო უმატებდა.

ისე, ფულბეკის პოზიციაზე ბექა წიკლაური და ლაშა მალაღურაძე გვყავს სათადარიგოდ, რომლებიც ასევე დამრტყმელები არიან.

- კარგით, მაშინ ასე ვთქვათ: იმ ახალგაზრდა მორაგბეებიდან, ვინც გასულ ტურნირზე გამოსცადეთ, ვინ გაამართლა იმედები და რომელი მათგანი შეიძლება ვიხილოთ უახლოეს ტესტებში ეროვნულ გუნდში?
- ძალიან მომეწონა პირველხაზელები თორნიკე მატარაძე და ლაშა ტაბიძე. ორივეს უდავოდ კარგი მომავალი აქვს. ასევე - გიორგი ცუცქირიძე, სოსო მათიაშვილი, გელა აფრასიძე და ირაკლი სვანიძე. აფრასიძე ჯერ ასაკით პატარაა და მას ცოტა უფრო შორეული მომავლისთვის განვიხილავთ.

მათიაშვილი და სვანიძე სწრაფი მორაგბეები არიან, ისეთები, როგორიც საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აკლია. გიორგი კოშაძე, ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე ახალბედებად აღარც განიხილებიან. შესანიშნავი მორაგბეები არიან. მიხარია, რომ რვა ნომრის პოზიციაზე ერთნაირად კარგი ორი მოთამაშე გვყავს, ბექა გორგაძე და ბექა ბიწაძე.

ივნისის ტესტებზე ყველა მათგანს გამოვიძახებთ, ტაბიძისა და აფრასიძის გარდა, რადგან მათ წინ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ელით. გვეყოლება ერთი ახალი მორაგბეც - "ენისეის" მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

- მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდით, გუნდში თამაშის ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობთ. მორაგბეებს და ქომაგებსაც თამაშის ეს სტილი მოსწონთ. გუნდსაც, შეიძლება ითქვას, რომ ხშირად გამოსდის კიდეც ახალი სისტემით თამაში, მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ. კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რა აკლია ჩვენს ნაკრებს საიმისოდ, რომ თამაშის ხარისხი შედეგს შეესაბამებოდეს?
- დიახ, ეს ახალი სისტემა მოქმედებაშია. რუმინეთთან მატჩისას, როცა ბურთი ხელიდან ხელში გადადიოდა, ბოლო პასს ვეღარ ვაკეთებდით. ეს იყო მიზეზი, რომ შეტევას შედეგი არ მოჰქონდა. როცა გუნდში ახალი მოთამაშეები შემოდიან, ფაქტობრივად, თავიდან გვიხდება ყველაფრის დაწყება. ძველებმა იციან, რა როგორ აკეთონ. ახლებს რომ გავუზიაროთ, დრო გვჭირდება.

ეს მუშა პროცესია. მოვა დრო, ყველას ეცოდინება თავისი ადგილი და ფუნქცია. ანგარიშიც, შესაბამისად, იქნება ისეთი, როგორიც თამაშის ხარისხია.

ერთ დეტალზე უნდა გავამახვილო ყურადღება. წინათ, უკანა ხაზი შეტევისას სიღრმიდან თამაშობდა. ახლა გადავწყვიტეთ, ხაზი ამოვწიოთ და სიბრტყიდან ვითამაშოთ. ვიცი, რომ პირველ შემთხვევაში შეტევა იოლია, მაგრამ ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია ნამიბიას და ურუგვაის მოვუგოთ. მაღალი დონის გუნდებთან კი შანსი არ გვექნება.

სიბრტყიდან თამაში ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავამუშავოთ და 2019 წლის მსოფლიოს თასზე შეტევის ეს მეთოდი ჩვენი იარაღი უნდა იყოს. ყველა დიდი გუნდი ახლა ასე თამაშობს. მას ბევრი უპირატესობა აქვს. დაცვას უჭირს ასე მოთამაშე გუნდის იერიშის მოგერიება.

მესმის, რომ სიღრმიდან თამაში უფრო კომფორტულია. ახალი პრინციპით თამაში კი, არაკომფორტული. თუმცა, უნდა ვეცადოთ, რომ ის კომფორტული გახდეს ჩვენი გუნდისთვის.

- ივნისის ტესტებამდე ბევრი აღარ დარჩა. რამდენად შესაძლებელი იქნება ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება?
- ვისაც ტრავმა არ აქვს, ყველა ითამაშებს ივნისის ტესტებზე. შარშან, ოკეანეთში, ბევრი ძირითადი მოთამაშე გვაკლდა. ამჯერად, ასე არ იქნება. ამასთან ერთად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები საფრანგეთის ჩემპიონატში. თუ ჩვენი მორაგბეების კლუბები ფინალში გააღწევენ, მათ პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევთ, რომელსაც კანადის ნაკრებთან გავმართავთ. მომდევნო ორ თამაშში კი აუცილებლად იასპარეზებენ.

- ჩვენი მეტოქეები კანადა, აშშ და არგენტინაა. დაგვიხასიათეთ ისინი...
- კანადამ ნოემბრის ტესტებზე ირლანდიის, ტონგასა და რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა. გამოჩნდა, რომ გაუმჯობესებული აქვთ უკანა ხაზის თამაში. შერკინება საშუალო დონეზეა.

აშშ-ის ნაკრებს ახალზელანდიელი მწვრთნელი ჰყავს. კარგი ათლეტებით დაკომპლექტებული გუნდია. სწრაფად დარბიან და არასდროს იღლებიან. თამაშის სტილით იაპონიის ნაკრებს ჰგავს.

არგენტინაზე კი, აბა, რა გითხრათ. ყველამ კარგად იცის, რა დონის გუნდიცაა.

- ახლახან "მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტმა ავგუსტინ პიშომ ისევ ექვსი ერის გაფართოებაზე ისაუბრა...
- ეს ძალიან კარგია. პიშო პატარა სარაგბო ქვეყნების "ადვოკატია", რადგან ერთი ხანობა არგენტინაც პატარა გუნდი იყო და კარგად იცის, ეს რას ნიშნავს. ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა შეწყდეს. ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.

- "ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"