საქართველო-ინგლისი 10:41
საქართველო: (15-9) გიგაური, თოდუა (დათუნაშვილი 67), კაჭარავა, ზიბზიბაძე, მაჩხანელი (ხმალაძე 41), კვირკაშვილი, აბუსერიძე (სამხარაძე 62). (1-8) ხინჩაგიშვილი (შველიძე 57), ბრეგვაძე, ქუბრიაშვილი (ზირაქაშვილი 24), ზედგინიძე, მაისურაძე, სუთიაშვილი (ჩხაიძე 31), გორგოძე, ბასილაია (ბერიშვილი 60).
ინგლისი: (15-9) ფოდენი, ეშტონი, ტუილაგი (ბანაჰანი 67), ჰაპი, არმითიჯი, ფლუდი, იანგზი (სიმპსონი 67). (1-8) სტივენსი (ტომსონი 49), ჰართლი, კოლი (კორბშეირო 65), შოუ, პალმერი, ვუდი, მუდი (კროფტი 61), ჰესკელი.
"გორგოძე დიდი მორაგბეა, "აბუ" დღეს შეუდარებელია, საქართველოს
საქართველოს ნაკრებმა მართლაც ძალიან კარგად ითამაშა, მეტოქესთან, რომელიც წინა ორი მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალში იყო. "პომებმა" ერთი მოიგეს, ხოლო მეორეში უსამართლოდ დამარცხდნენ.
პირველი ტაიმის სტატისტიკა შთამბეჭდავია, ტერიტრიული უპრატესობა - 75 პროცენტი მეტოქის 25 პროცენთან. ბურთის ფლობა - საქართველოს ნაკრები 56 პროცენტი, ინგლისი - 44. "პომები" თერთმეტჯერ დაჯარიმდნენ, აქედან ერთ შემთხვევაში არბიტრმა ინგლისელთა შერკინების კვაჭი დილან ჰართლი სინბინში გაუშვა. ქართველმა მორაგბეებმა კი მხოლოდ სამჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.
მაგრამ ეს ყოველივე ამაო გამოდგა, ტაიმი ინგლისის ნაკრებმა მოიგო 17:10. არადა, "ბორჯღალოსნების" მგეზავ მერაბ კვირიკაშვილს სამი საჯარიმო რომ არ აეცილებინა მიზანს, ანგარიშშიც ჩვენი უპირატესობა დაფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, "მეკომ" ვერც მეორე ტაიმში იყოჩაღა და ორი საჯარიმოდან, ორივე არაზუსტად დაარტყა.
თამაში ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. ინგლისელებმა, ისე, რომ დიდად არ გარჯილან, მე-4 წუთზე ლელო გაიტანეს და მატჩის დებიუტშივე შვიდი ქულით დაწინაურდნენ. სულ კი "პომებმა" ექვსი ლელო გაგვიტანეს და ექვსივე უკანახაზელების ანგარიშზეა. ორ-ორი ლელო კრის ეშტონმა და შონთაი ჰაპიმ მიითვალეს, თითო კი - დელონ არმითიჯმა და მანუ ტუილაგიმ.
საოცარი გუნდია ინგლისის ნაკრები, პირველ ნახევრში ორჯერ შემოგვიტიეს და ორივეჯერ ლელო დაგვიდეს, რასაც ზედ ერთი საჯარიმოც მიაყოლეს. დანარჩენი დროის განმავლობაში მუდამ საქართველოს ნაკრები უტევდა. შოტლანდიასთან წინა მატჩისგან განხვავებით, "ბორჯღალოსნებს" მრავალფაზიანი შეტევების ორგანიზება ამჯერად უკეთ გამოსდიოდათ.
ერთ-ერთ ეპიზოდში ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ იყოჩაღა. დაცვაში, საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში თამაშისას ინგლისელებს შეცდომა დააშვებინა და კონტრიერიში წამოიწყო, ორი გადაცემის შემდეგ მეტოქის ლელოში გარემარბი ირაკლი მაჩხანელი შეიჭრა. არბიტრმა ვიდეო რეფერის დახმარება მოითხოვა. ვიდეოზე გამოჩნდა, რომ სანამ ბურთს დაამიწებდა, მაჩხანელმა ფეხით გვერდით ხაზს მიღმა დააბიჯა და, ცხადია, ლელო არ ჩაითვალა.
ტაიმის დასრულებას აღარაფერი უკლდა, როცა მორიგი იერიშისას ინგლისელები საკუთარი ლელოდნ ხუთ მეტრში დაჯარიმდნენ. "ბორჯღალოსნებმა" შერკინება მოითხოვეს. მართალია, ჩვენმა მორკინალებმა მეტოქეს ძვრა ვერ უყვეს, მაგრამ რვა ნომერმა დიმიტრი ბასილაიამ შერკინებიდან გამოსული ბურთი აიტაცა, სწრაფად შეუტია და ლელო კარის ძელთან ახლოს დადო. არბიტრს ამჯერადაც ვიდეო რეფერის დახმარება დასჭირდა, თუმცა ბასილაიას ვერაფერში მოედავნენ. კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და პირველი ტაიმიც დასრულდა - 10:17.
მეორე ნახევარი პირველის მსგავსად დაიწყო. ოთხი წუთიც არ იყო გასული, როცა "პომებმა" მესამე ლელო გაგვიტანეს და 22:10 დაწინაურდნენ. ინგლისელები შესვენების შემდეგ საგრძნობლად გააქტიურნდნენ. მართალია, "ბორჯღალოსნები" ისევ აგრძელებდნენ იერიშებს, მაგრამ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. მეორე ტაიმში, როგორც უკვე ვთქვით, კვირიკაშვილმა ორი საჯარიმო დაარტყა და ორივე უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელები, საბოლოოდ თოთხმეტჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო ქართველები რვაჯერ. ბურთის ფლობის პროცენტი გათანაბრდა, ორმაცდაათ-ორმოცდაათზე, ტერიტორიული უპირატესობა კი ისევ ჩვენსკენ იყო, 57 პროცენტი, 43-ის წილ.
დანიდინის ახლახან აშენებულ, შესანიშნავ "ოტაგო სთედიუმზე", ინვერქარგილის "რაგბი პარკ სთედიუმისგან" განსხვავებით, აშკარად იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს თასზე ვართ. თამაშს 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო, აქედან თითქმის ნახევარი საქართველოს ნაკრებს ქომაგობდა. მათ ინგლისის ეროვნული გუნდის გულშემატკივართა ნაწილთან ერთად "ბორჯღალოსნებს" მატჩის შემდეგ ოვაციები მოუწყვეს.
კიდევ ერთი, რაც, ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალია - მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე აღიარეს. ხშირად არ ხდება, როცა მოედანზე ყველაზე უკეთესს წაგებული გუნდიდან ირჩევენ.
შეიძლება თუ არა საქართევლოს ნაკრებს ეს თამაში აქტივში ჩავუთვალოთ? თუ გავიხსენებთ, რომ რვა წლის წინათ, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ამავე ნაკრებთან 6:84 ანუ 78 ქულის სხვაობით დავმარცხდით, ამჯერად 31 ქულით წაგება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და, რაც მთავარია, ჩვენი გუნდი ახლა სრულიად სხვა, გაცილებით მაღალი ხარისხის რაგბის თამაშობს.
მამუკა გორგოძე: "ძალიან რთული თამაში იყო, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ. საჯარიმოები რომ გაგვეტანა, თამაში სულ სხვა ხასიათს მიიღებდა. თუმცა, ამას მერაბ კვირიკაშვილს ვერ დავაბრალებთ. ერთი კვირის წინათ ამავე სტადიონზე მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მექულემ ჯონი ვილკინსონმა ექვსი საჯარიმო ვერ გაიტანა. დახურული სტადიონი რაღაც გავლენას ახდენს დამრტყმელებზე.
შეიძლებოდა, ეს მატჩი ბევრად მცირე სხვაობით წაგვეგო. საქრთველოს ნაკრებმა მართლაც აჩვენა კარგი თამაში, ანგარიში კი არადამაკმაყოფილებელია.
ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუდია და მასთან თამაშში, მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელება, ვფიქრობ, ნებისმიერი მორაგბისთვის ძალიან სასიხარულოა."
გოდერძი შველიძე: "ამ უძნელეს თამაშში თითოეული მორაგბე მაქსიმალურად დაიხარჯა. ანაგარიში ნამდვილად არ შეესაბამება მოვლენებს, რაც მინდორზე ვითარდებოდა. კმაყოფილები, ცხადია, არ ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია."
ირაკლი აბუსერიძე: "კმაყოფილი ვარ იმით, რომ ის სათამაშო სისტემა, რაზეც აქამდე ვარჯიშებზე ვმუშაობდით, ამ მატჩში ავამოქმედეთ. კარგი იქნებოდა და შესაძლებელიც იყო, რომ უფრო ნაკლები სახვაობით წაგვეგო. მაგრამ ამ ანგარიშითაც კმაყოფილი ვარ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთმაშეთ, რომელიც გამორიცხული არ არის, ფინალშიც გავიდეს.
ამასთან, კარგად მახსოვს, 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ამაზე ორჯერ მეტი სხვაობით დაგვამარცხეს და ლელოც ვერ გავუტანეთ. ამჟამად ამაყები ვართ, რადგან ასეთ ძლიერ გუნდთან შესანიშნავად ვითამაშეთ. თანაც, მამუკა გორგოძე, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე სავსეა ვარსკვლავებით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მინდა მივულოცო "გულივერას" ეს აღიარება"
რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "ინგლისელები ნამდვილად არ ელოდნენ ჩვენგან ასეთ აქტიურ თამაშს. ინვერქარგილის მატჩისგან განსხვავებით, გუნდმა შეძლო იერიშების ორგანიზება, ის კი არა და, გარკვეულ ტერიტორიულ, სათამაშო უპირატესობასც ვფლობდით.
მერაბ კვირიკაშვილი ყოველთვის საიმედო დამრტყმელი იყო. ძნელია ახლა იმის ახსნა, რა მოუვიდა. ეს ხომ პირველი შეთმთხვევა არ არის, მსგავსი რამ ბევრ სახელოვან მორაგებეს დამართნია".
მარტინ ჯონსონი, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი: "თუ ასე გავაგრძელეთ, შინ გამგზავრება ნაადრევად მოგვიწევს. არ შეიძლება ასე უბრალოდ არიგო ჯარიმები. საქართველოს ნაკრების შერკინების სიძლიერის შესახებ ცხადია, ვიცოდით, მაგრამ იმას, რასაც ჩემი მორაგბეები აკეთებდნენ, უბრალოდ, გულუბრყვილობა ჰქვია".
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "თამაშს თვალს გივი ჭიჭინაძესთან ერთად VIP-ლოჟიდან ვადევნებდი, სადაც მატჩის დასრულების შემდეგ ოვაციები მოგვიწყვეს. ახლა ჩამოგითვლით, ვინ იყვენენ ეს ხალხი: IRB-ს ვიცე-პრეზიდენტი ბილ ბომონდი, რომელიც უახლოეს კონგრესზე პრეზიდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად განიხილება. მაიკ მილერი - IRB-ს გენერალური მდივანი, ინგლისისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირების პრეზიდენტები, "ოლ ბლექსის" ექვსი თუ შვიდი თაობის წარმომადგენლები, ოტაგოს მხარის რაგბის კავშირის პრეზიდენტი.
თამში რომ დამთავრდა, ყველა მათგანი ცალ-ცალკე მოვიდა და ნაკრების კარგი თამაშისთვის მადლობა გადაგვიხადა. ბილ ბომონდმა კი პრივატული საუბრისას გვითხრა - ვხედავთ, რომ ქართული რაგბი პროგრესს განიცდის, ელიტიდან შორს აღარ ხართ, ამიტომ საჭიროა ახალი ფორმატის ტურნირები მოვიფიქროთ.
აღსანიშნავია, რომ IRB-ის დიდმოხელეები კარგად არიან ინფორმირებულნი იმ დახმარების შესახებ, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორი გვიწევს. ცალკე აღნიშნეს, გაზაფხულზე თბილისში გამართული "ახალგაზრდული ალაფას" მაღალი საორგანიზაციო დონე.
მუშაობენ პროქტზე, რომლის მიხედვითაც, ჩვენ, რუმინეთმა, რუსეთმა, კანადამ, იაპონიამ და ნამიბიამაც წელიწადში ერთხელ რაღაც სახის ტურნირში უნდა ვიასპარეზოთ. ნოემბერში კი ელიტარული ქვეყნების გუნდებს ტესტები ვეთამაშოთ. ამის გარდა, კიდევ რამდენიმე პროქეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის შესახებაც ზუსტი ინფორმაცია, მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებისას გვექნება."
B ჯგუფი
არგენტინა-რუმინეთი 43:8
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 9 ქულა, 2. შოტლანდია - 9, 3. არგენტინა - 6, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0.
C ჯგუფი
ავსტრალია-ირლანდია 6:15
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 5 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. აშშ - 4, 4. რუსეთი - 1, 5. იტალია - 0.
D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა-ფიჯი 49:3
სამოა-უელსი 17:10
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 9 ქულა, 2. სამოა - 6, 3. უელსი - 5, 4. ფიჯი - 5, 5. Nამიბია - 0.
ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"