საქართველო-რუმინეთი 25:9 - გამარჯვება, რომელიც უკეთესი მომავალის საწინდარია

AutoSharing Option
"მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, მინდა კრიტიკულად შევაფასო ჩვენი გუნდის თამაში. წინა ორ შეხვედრაში ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებთან გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობდა, მეტს ვაქტიურობდით. ამჯერად ასე არ იყო. გაცილებით ნელა ვთამაშობდით და ეს მომავალი მატჩისთვის უნდა გამოვასწოროთ", - თქვა მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა.

რუმინეთის ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც "ბორჯღალოსნებს" აუცილებლად უნდა მოეგოთ. თუმცა, ჩვენი მეტოქისგან განსხვავებით, ამის თაობაზე არც მატჩის წინ და არც მანმადე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. "სტეჟარი" კი ლამის სამი თვის განმავლობაში გაიძახოდა, ახალ ზელანდიაში
საქართველოს ნაკრებთან მოსაგებად მივდივართო.

ცხადია, მატჩის წინ საკმაოდ დაძაბული ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა. ნერვიულობა ბიჭებს თამაშშიც გადაჰყვათ და პირველ ტაიმში მეტოქის წინააღნდეგობა ვერ გატეხეს, თუმცა "მუხის ფოთლებზე" ნაკლები შეცდომა დაუშვეს და ტაიმი ექვსი ქულის სხვაობით - 12:6 მოიგეს.

საერთო აზრით, ორივე გუნდის თამაშის ძლიერი მხარე შერკინებაა და გამარჯვებაც მას უნდა დარჩენოდა, ვინც ამ კომპონენტში უფრო იყოჩაღებდა. დასაწყისში რუმინელთა შერკინებამ სტატიკურ მდგმარეობაში ჩვენსას ორჯერ აჯობა, ერთხელ დავჯარიმდით კიდეც, მაგრამ რუმინელთა დამრტყმელმა დანუც დუმბრავამ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, "ბორჯღალოსანთა" მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა პირველივე შანსი გამოიყენა და, საკამოდ შორიდან, 48 მეტრიდან მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა - 3:0. რუმინელებს ანგარიშის გასათანაბრებლად სამიოდ წუთი დასჭირდათ. ჩვენი გუნდი მოედნის საკუთარ ნახევარზე რაკში თამაშისას დაჯარიმდა და დუმბრავამ გაათანაბარა - 3:3.

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას მთლიანად საქართველოს ნაკრები დაეუფლა. 24-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმოთი ისევ დააწინაურა გუნდი - 6:3. ოთხ წუთში კი, რუმინელთა ლელოს მისადგომებთან ახლოს მივედით, სწრაფი, მოკლე დარტყმებით წინ მივიწევდით, მაგრამ მეტოქემ, ისევე როგორც არაერთხელ, წესის დარღვევით შეაჩერა ჩვენი მორაგბეების შეტევა, კვირკაშვილმა ისევ ზუსტად დაარტყა საჯარიმო - 9:3.

პირველი ნახევრის დასკვნით ათ წუთში კვირიკაშვილმა და დუმბრავამ კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს და "ბორჯღალოსნები" შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 12:6. აღსანიშნავია, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში რუმინელები ჩვენს 22-მეტრიან ზონაში ერთხელაც არ შესულან. მეორეში ეს ორჯერ შეძლეს, თუმცა ერთი სალელოვე შეტევაც არ განუხორციელებიათ.

შესვენების შემდეგ, საწყის ხუთ წუთში ისევ რუმინელები გააქტიურდნენ. თუმცა დაცვაში ჩვენმა მორაგბეებმა შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს ლელოს მისადგომებთან მიახლოების ყველანაირი იმედი გადაუწურეს.

მატჩის კულმინაცია 57-ე წუთზე დადგა, როცა საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მრავალფაზიანი, თითქმის ორწუთიანი შეტევა ლელოთი დაასრულეს. მოედნის ცენტრში, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მეტოქის ხაზი მარცხენა ფრთაზე შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ გაჭრა, მან ათიოდე მეტრი გაიარა და შებოჭეს, რაკიდან გამოტანილი ბურთი ირაკლი აბუსერიძემ "მეკოს" გაატანა. მან ცრუ მოძრაობით ორ მეტოქეს აურა გვერდი, კიდევ უფრო წინ, მარჯვენა ფრთისკენ წაიწია და შეტევაში შუამარბი თედო ზიბზიბაძე ჩართო, რომელიც იქვე შებოჭეს. "აბუმ" შეტევის მიმართულება შეცვალა. მორკინალებმა მოკლე დარტყმებით ზედ კარის წინ ლელოდან ათ მეტრამდე მიაღწიეს.

აქ წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ჯერ მამუკა გორგოძემ აიტაცა, მას დავით ზირაქაშვილი წამოეშველა. ისევ რაკი და ამჯერად ჯაბა ბრეგვაძემ შეუტია ბურთით, ასე მისხალ-მისხალ მიძალებით ხუთი მეტრი მოვიგეთ. მერე აბუსერიძემ იქვე, მარჯვნივ მყოფ გორგოძეს მიაწოდა ბურთი, რომელმაც ერთბაშად რამდენიმე მეტოქეს, ოვიდიუ ტონიცას, მარიუს ტინკუსა და პაულიკა იონს აჯობა. ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა - 19:6.

ამის შემდეგ მოედანზე მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. რუმინელები ყველა ხერხით ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას, მაგრამ ჩვენი დაცვის ხაზი გაუვალი კედელივით იდგა. მატჩის დამთავრებამდე დარჩენილ დროში კვირიკაშვილმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა, რაზეც შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა ფლორინ ვლაიკუმ მხოლოდ ერთით უპასუხა - 25:9.

მატჩის საუკეთსო მოთამაშედ, ისევე როგორც ინგლისის ნაკრებთან მატჩში, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს თასზე მეექვსედ ასპარეზობდა, აქამდე ჯგუფში ბოლო ადგილზე არასდროს გასულა.

მსოფლიოს თასი. ახალი ზელანდია
საქართველო-რუმინეთი 25:9
საქართველო: (15-9) ხმალაძე, გიგაური (ჩხიკვაძე 70), კაჭარავა, ზიბზიბაძე, თოდუა (ურჯუკაშვილი 75), კვირკაშვილი, აბუსერიძე (სამხარაძე 75). (1-8) ხინჩაგიშვილი (კაკოვინი 68), ბრეგვაძე (შველიძე 63), ზირაქაშვილი, ზედგინიძე (დათუნაშვილი 65), მაისურაძე, ჩხაიძე, გორგოძე (ბერიშვილი 74), ბასილაია.
ლ: გორგოძე. 6ს: კვირიკაშვილი (5), ურჯუკაშვილი. გ: კვირიკაშვილი
რუმინეთი: (15-9) დუმიტრაში (ვლაიკუ 54), ჩუნტუ (გეარა 41), გალი, დიმოფტე, ლემნარუ, დუმბრავა, სურუჯუ (კალაფეტეანუ 65). (1-8) ლაზარი, ტინკუ, იონი (ფლორეა 63), ურსაკე (პოპარლანი 63), პეტრე, მაკოვეი, ტონიცა (იანუსი 63), კარპო.
3ს: დუმბრავა (2), ვლაიკუ
მსაჯი: დეივ პეარსონი (ინგლისი)

მატჩის შემდეგ
რომეო გონტინიაკი, რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი:
"პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მეორეში. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია და შესანიშნავად იასპარეზა. ამასთან, მეტოქემ ჩვენზე ნაკლები შეცდომა დაუშვა და ამიტომაც გაიმარჯვა."

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"ამ მატჩში იყო ისეთი ეპიზოდები, როცა გუნდი ზუსტად ასრულებდა იმას, რაც დავავალეთ, მაგრამ იყო ისეთი მონაკვეთები, როცა თამაში ჩააგდეს. ახლა დავსხდებით და გავაანალიზებთ, რატომ მოხდა ასე, რათა მომდევნო მატჩში შეცდომები აღარ განმეორდეს.

ლაშა ხმალაძე ამპლუით მგეზავია, მაგრამ ამჯერად ფულბეკად ვათამაშეთ. ვფიქრობ, მან გაგვიმართლა იმედი. ასეთ ექსპერიმენტს იმიტომ მივმართავთ, რომ გვინდა, უკანა ხაზში თამაში მრავალფეროვანი, უფრო ეფექტური გავხადოთ. ეს გუნდის განვითარებისთვის, პროგრესისთვის აუცილებელია".

ილია ზედგინიძე, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი:
"მატჩის დასაწყისში მეტოქის შერკინებასთან გამკლავება გაგვიჭირდა, თუმცა დაახლოებით მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს, შევძელით მდგომარეობა გამოგვესწორებინა. ამასთან მატჩის წინ საკმაოდ ბევრჯერ ვნახეთ ვიდეოჩანაწერში რუმინელთა თამაში დერეფანში. ამიტომ, მეტოქეზე ცოტა უკეთ ვითამაშეთ.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჩვენ მხოლოდ რუმინეთთან მატჩის მოსაგებად ჩამოვედით. ეს ასე არ არის, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და მხოლოდ ამ გზით ვაღწევთ პროგრესს".

გიორგი ჩხაიძე: "მინდა ეს გამარჯვება მთელ საქართველოს მივულოცო. ძალიან გვიხარია, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე პირველი თამაში მოვიგეთ. კიდევ ერთ, საკამოდ რთულ მეტოქესთან დაგვრჩა სათამაშო. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, როგორ მოვახერხებთ ძალების აღდგენას, ტრავმების მოშუშებას"

მერაბ კვირიკაშვილი: "ეს სრულიად საქართველოს გამარჯვება იყო, ვულოცავ ყველას. ვეცდებით ახლა ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და არგენტინასთან თამაშს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ. გვინდა კიდევ უფრო დავალაგოთ, გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ყველაფერს ვიღონებთ, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ხალხი".

ილია მაისურაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე:
"დასაწყისში გუნდი დაძაბული იყო და რაღაცნაირად შებოჭილი თამაშობდა, რადგან ბიჭები დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდნენ. ამის გამო პირველ ნახევარში ვერ ავაწყვეთ თამაში. მეორე ნახევარში უფრო თამამად გავისარჯეთ და რაგბის თამაშიც გამოგვივიდა.

ამ გუნდის დამარცხება უფრო მეტი სხვაობითაც შეგვეძლო, თუმცა, ეს გამარჯვება, ქართული რაგბისთვის უდავოდ ძალიან დიდი წარმატებაა."

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: 
"მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ყალიბდებოდა და ასპარეზზე გამოდიოდა, რუმინეთის ნაკრებთან ხშირად ვაგებდით, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მაგრამ, ის რომ ქართულმა რაგბიმ ძალიან მოკლე ხანში დიდი პროგრესი განიცადა და ჩვენს ყველაზე მრისხანე მეტოქეს ერთ თასის გათამაშებაში გავუსწარით, ეს საბოლოოდ დღეს დამტკიცდა.

ჩვენ გაცილებით უკეთესი გუნდი გვყავს. ბიჭებს კარგად ჰქონდათ გააზრებული ამ მატჩში მოგების ფასი და ამიტომ ზედმეტად ნერვიულობდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რუმინელებს გაცილებით დიდი ანგარიშით დავამარცხებდით.

რუმინელებს არა მარტო ეროვნული ნაკრების, არამედ ყველა ასაკობრივი ნაკრებების შეჯიბრებაში ვუგებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ეს უნდა განვამტკიცოთ და ზუსტად ამისთვის იყო საჭირო ეს გამარჯვება.

სკეპტიკოსებს, რომლებიც იტყვიან, რომ კი მოვიგეთ, მაგრამ არ იყო ლამაზი თამაშიო, ვეტყვი, რომ - იყო. ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, საქმეს პრაგმატულად მიუდგენენ და მიაღწიეს გამარჯვებას, რომლის შედეგებსაც ქართული რაგბი წლების განმავლობაში მოიმკის".

B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. შოტლანდია - 10, 4. საქართველო - 4, 5. რუმინეთი - 0.

1 ოქტომბერი
ინგლისი-შოტლანდია
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
didi madloba bichebo rom gagvimartlet imedi da usazRvrot gagvaxaret.gisurvebt shemdeg warmatebebs.
eduardi
20:51 29-09-2011
0
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო ასეთი დიდი სიხარული რომ გვაჩუქეთ .
bondo
12:03 29-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული