საქართველო და ერთა თასი - რა არის მილტონ ჰეიგის მთავარი მიზანი

AutoSharing Option
ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში 25 თებერვალს მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. თუმცა უჩვეულოდ ცივმა ზამთარმა კალენდარი ისე არია, რომ, მაგალითად, თუ პორტუგალიის ნაკრები მესამე თამაშს გამართავს, უკრაინის ნაკრები სულაც პირველად ითამაშებს.

უკრაინელებს, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა თავკაცობს, ორი მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებთან მოგვიანებით, ზაფხულში ექნება გასამართი. ორივე შეხვედრაში, ცხადია, რომ ფავორიტი ლეჟავას სამწყსო არ არის.

უკრაინის ეროვნული გუნდი გათამაშების ორწლიანი სისტემით ბოლო ადგილზეა და, ვფიქრობთ, გასავარდნად განწირულია. იმისთვის, რომ ერთა თასის გათამაშებაში მომავალ წელსაც იასპარეზოს, ლეჟავამ და კომპანიამ მინიმუმ
სამი შეხვედრა უნდა მოიგოს, თანაც ისე, რომ სამივეში პრემიალური ქულები მოიპოვოს.

ლეჟავამ ახლახან ის რაზმი დაასახელა, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. განცხადში ერთი ქართველია, ცხრა ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი. შეხვედრა აქამდე დნეპროპეტროვსკში იყო დანიშნული, თუმცა უამინდობის გამო შავიზღვისპირა პატარა ქალაქ ალუშტაში გადაიტანეს.

საბრძოლო რაზმი დაასახელა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა რეჟის სონემ. გუნდში აღარ არის "პერიგოს" სამი მოთამაშე. სამაგიეროდ, "ლომებს" დაემატათ ბოროდელი ფრენკ ლები. აღსანიშნავია, რომ მადრიდში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებამ ესპანელებს ფრთები შეასხა და მათ დამრიგებელს ისიც კი განუცხადებია, წლეულს ერთა თასი უნდა მოვიგოთო. თუ ესპანეთის ნაკრების თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ცხადია, ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

სრულიად განსხვავებული მიზნები აქვს საქართველოს ნაკრებს. რა თქმა უნდა, ერთა თასის დათმობას არავინ აპირებს, თუმცა წელს ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა სამომავლოდ სწორი საფუძველის ჩაყრაა, რომელზეც სრულიად განსხვავებულად მოთამაშე ნაკრები უნდა დაშენდეს.

საამისოდ, ცხადია, დრო, შრომა და მოთმინებაა საჭირო. თუ საესპანეთოდ მზადების პროცესში მყოფ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გადავხედავთ, მეტ-ნაკლებად ექსპერიმენტული მხოლოდ პირველი ხაზია. ექვსი პირველხაზელიდან ორი ვასილ კაკოვინი და დავით ქუბრიაშვილი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობდა. ნაკრებში ხშირად არ თამაშობდა, თუმცა გამოუცდელი სულაც არ ეთქმის შერკინების კვაჭ რეზო ბელქანიას.

მეორე და მესამე ხაზში ყველა ნაცნობი, მრავალ ბრძოლაში გამოცდილია. არც ცხრა და ათი ნომრები არიან ახალბედები. თუმცა აქ ძნელი სათქმელია, ცხრა ნომრის პოზიციაზე მილტონ ჰეიგი ძირითადში ვის დააყენებს, ბიძინა სამხარაძეს თუ გიორგი ბეგაძეს, რომელმაც ეროვნულ გუნდში მხოლოდ შარშან, ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე ითამაშა.

უკანა ხაზში ყველაზე პრობლემური ფულბეკის პოზიციაა. გაფართოებული შემადგენლობიდან ამ პოზიციაზე თამაში ირაკლი ყიასაშვილს და ბექა წიკლაურს შეუძლიათ, თუმცა გამორიცხული არ არის, ჰეიგმა იქ რომელიმე გარემარბი, მაგალითად, გიორგი შკინინი დააყენოს.

ერთი სიტყვით, უკანა ხაზი მაინც ყველაზე მეტადაა არეული და იმედი გვაქვს, ახალზელანდიელი გურუ მალე ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ერთი ნიშანდობლივი დეტალი. ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის ხუთი მეტოქიდან, სამში (ესპანეთის, რუსეთისა და უკარიანის ნაკრებებში), რამდენიმე ქართველი მორაგბე თამაშობს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ბრივი), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე - ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე - არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).
№9 ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV)
№10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
№12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (ნიცა),
№11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი შკინინი, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე - არმია).
№15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (გდინია).

უკრაინის ნაკრები
უკანა ხაზი: სერგეი სუხიხი, მიკოლა კირსანოვი, ევგენი ჩაიკა, ვიაჩესლავ კრასილნიკი, რუსლან რადჩუკი, ოლექსანდრ ლომაკინი, დმიტრო ფედიშინი, ოლექსანდრ ცაპენკო, ზურაბ კიკაჩეიშვილი, სერგეი ცერკოვნი.
შერკინება: ოლეგ კოსარევი, დენის მასიუკოვი, სეგეი გარკავი, სერგეი მონასტირიოვი, ვიაჩესლავ პონომარენკო, ვიტალი კრამარენკო, ოლექსანდრ პოლიანსკი, ედუარდ ვერტილეცკი, დენის მილოვი, იური პიდგანიაკი, მაქსიმ კრავჩენკო, მიკოლა დელიერგიევი, ტარას მარჩენკო, არტემ ლულიკი.

ესპანეთის ნაკრები
ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი) ხესუს რეკუერდა (ლილი), არტეა დელ გეტხო (ბიარიცი), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), ჯო ჰატჩინსონი (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი), ფრენკ ლები (ბორდო).

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4
2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4
3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4
4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2
5.საქართველო 1 0 0 1 -7 1
6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 6 5 0 1 +126 23
2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20
3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16
4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15
5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14
6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ გავიგე მეორეზ ხაზში ვინ იქნება. აქ წერია სუთიაშვილი იქნებაო და და მსოფლიო სპორტში წერია ჩხაიძე;) ბინგოს თამაში არ მინახავს მეორე ხაზში და სუთიაშვილმა ამერიკასთან და კანადასთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 4ნომერზე:)
karlsoni
17:05 22-02-2012
0

სიახლეები პოპულარული