რუმინეთი-საქართველო 13:19 - სტადიონი ამათ დიდგორზე აუშენეთ! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს ნაკრები მუდამ ქართველი ქომაგებისთვის, ქართველი ხალხისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

ცხადია, საინტერესოა ქომაგების რეაქცია. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც მთლიანად ასახავს "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს.

Novator: გილოცავთ, მთლიანად ვკანკალებ ემოციებისგან. ყველა ძალიან მაგარი მეომარია, მაგრამ განსაკუთრებით მინდა დუდუ ქუბრიაშვილი გამოვყო.

SGG: გენაცვალეთ, თავი გაწირეს ბოლო წუთებში.

PAPA-RACIO95: ჩა
ვედით, ვცემეთ, გავიმარჯვეთ!

სერიოზულად კი, რომ წაგვეგო, ვიტოს დაბრალდებოდა, მაგრამ გუნდმა დააზღვია, ისევე, როგორც ვიტო დააზღვევდა სხვას. არა მგონია, რომელიმეს ესაყვედურა შენ გამო, მეტი ჯაფა რად დამაწვაო. მოკლედ, სახიფათოდ გავრისკეთ და ბიჭების თავდადებით შეგვრჩა.
გუნდიც ამას ჰქვია. ამ თამაშიდან კი ყველას, ჩვენც და რუმინელებსაც
, საზიარო მოგონებად თავისსავე სტადიონზე ნაცემი ბებერი ტინკუ დაგვრჩება.

Baggio-ge: ვულოცავ ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ასეთ დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ათმაგად ფასობს.
გმირები არიან ეს ბიჭები და სტადიონო საძებარი გაუხდათ, სირცხვილია.

ამ კაცებს დიდგორზე უნდა ავუშენოთ სტადიონი, რათა მთელი ქვეყანა მივიდეს და მადლობა გადაუხადოს.

ერთა თასი. მესამე ტური.
რუმინეთი-საქართველო 13:19
საქართველო (15-9) შკინინი, მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე (ზიბზიბაძე 60), თოდუა, კვირიკაშვილი (მალაღურაძე 78), აბუსერიძე (ბეგაძე 74). (1-8) კაკოვინი (ნარიაშვილი 77), ნატრიაშვილი (ბელქანია 55), ქუბრიაშვილი, ჩხაიძე, ნემსაძე (ბასილაია 55), სუთიაშვილი, კოლელიშვილი, გორგოძე (გორგოძე 60).
ლ: კაჭარავა. 4ს,გ: კვირიკაშვილი.
სინბინი: მაჩხანელი
გაძევება: კოლელიშვილი.
რუმინეთი (15-9) დუმიტრაში (მანოლე 45), , ლემნარუ, გალი, დინიში (გეარა 74) , აპოსტოლი, ვლაიკუ, კალაფეტეანუ (სურუჯუ 60). (1-8) ლაზარი, ტინკუ, იონი (ა.ურსაკე 55), ვ.ურსაკე (კოსტე 60), პეტრე, მაკოვეი, ლუკაჩი, კარპო (გორჩოაია 60).
ლ: კარპო. 2ს: კალაფეტეანუ. გ: ვლაიკუ.
სინბინი: ლუკაჩი
გაძევება: ლუკაჩი

მსაჯი: ჯონ-პოლ დოილი (ინგლისი)

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული მატჩის მნიშვნელობაზე საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ გუნდებს შორის ბევრი ითქვა და დაიწერა. ყოველივე ამან, შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდის თამაშს გარკვეული დაღიც დაასვა, თუმცა "ბორჯღალოსნებისა" და "მუხის ფოთლების" დაპირისპირება მუდამ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს ხოლმე და არც ეს შეხვედრა გამოდგა გამონაკლისი.

საქართველოს ნაკრებმა ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, უწინარესად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. განსკუთრებით ეს ჩვენი გუნდის ახალ ახალზელანდიელ მწვრთნელებს ეხებათ. გამარჯვება მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, რათა აღებული კურსის სისწორეში კიდევ ერთხელ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ.

ცხადია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "ბორჯღალოსნებს" ყველაფერი იდეალურად გამოსდით. არა, ეს ნამდვილად ასე არ არის და ამის შესახებ თავადაც უკეთ უწყიან. წინ ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი რამაა დასახვეწი და, რაც მთავარია, გამოსასწორებელია სათამაშო დისციპლინა. თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ.

თამაშის დაწყებამდე გუნდებმა და სტადიონზე მისულმა მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის გურამ მოდებაძის ხსოვნას. ცხადია, ეს რუმინელთაგან სასიამოვნო დეტალია.

საწყისი 15 წუთი ჩვენი გუნდისთვის ურთულესი გამოდგა. დროის ამ მონაკვეთში "ბორჯღალოსნებს" ბურთი ხელიდან ექვსჯერ გაუვარდათ, ანუ საშუალოდ ყოველ ორწუთნახევარში - ერთხელ.

რუმინელებმა სათამაშოდ ძალიან მარტივი ტაქტიკა აირჩიეს. როგორც მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, მათ ორი მიზანი ჰქონდათ: პირველი - საქართველოს ნაკრების მძლავრი ირაღის, მამუკა გორგოძის განეიტრალება და თამაშიდან გათიშვა, რაც მასპინძლებმა როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით შეძლეს კიდეც.

საკმარისი იყო მამუკას ბურთი მიეღო, მასთან უმალ მინიმუმ სამი მეტოქე ჩნდებოდა და გასაქანს არ აძლევდა. ბოლოს იმდენი ქნეს, რომ ქართველი რაგბის ქომაგების "ჯილას" ნეკნი დუზიანეს და შესაცვლელი შეიქნა.

მეორე - ფეხით ტაქტიკური დარტყმებით ჩვენი მოედნის 22-მეტრიან ზონაში ბურთის გადატანა და იქ მეტოქის შეცდომების გამოყენება. ამ ხერხმა პირველ ტაიმში გაამართლა, რასაც ვერაფრით ვიტყვით მეორე ტაიმზე, რომელშიც სათამაშო უპირატესობას ჩვენი მორაგბეები ფლობდნენ.

ანგარიში რუმინელებმა მატჩის მე-8 წუთზე გახსნეს. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა მორაგბეებმა თამაში ვერაფრით დაალაგეს. რუმინელები, როგორც კი ბურთს ხელში მოიგდებდნენ, უმალვე ფეხით ჩვენს მოედანზე ურტყამდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ფულბეკმა გიორგი შკინინმა ბურთი ვერ დაიჭირა და მასპინძელთა ნადავლი გახდა.

მათ მარცხენა ფრთიდან მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე განაგრძეს შეტევა, სადაც ჩვენი დაცვა არეული იყო და მესამეხაზელმა დანიელ კარპომ ლელო გაიტანა. გარდასახვა მგეზავმა ფლორინ ვლაიკუმ დაარტყა - 7:0.

რუმინელთა მოძალებამ კიდევ რვა წუთს გასტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც მატჩის ინგლისელმა არბიტრმა განზრახ ბინძური თამაშისთვის გარემარბი ირაკლი მაჩხანელი გაასინბინა, "ბორჯღალოსნები" უფრო მობილიზებულნი, მეტად ორგანიზებულნი გახდნენ და მე-18 წუთზე კაცნაკლულებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს. საჯარიმოდან მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა - 3:7.

პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ვითარება მოედანზე ნელ-ნელა შეიცვალა. რამდენჯერმე შეტევის ორგანიზებაც ვცადეთ. ერთ-ერთ ეპიზოდში შუამარბმა დავით კაჭარავამ მეტოქეს ბოჭვისას ბურთი ხელიდან ამოაცალა და ლელოსკენ დაიძრა. თითქმის მარტო იყო და ხელსაც არავინ უშლიდა, მაგრამ გარემარბი მადალინ ლემნარუ წამოეწია. კაჭარავამ ბურთის თანაგუნდელისთვის გადაცემა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და რუმინელებმა საკუთარი დერეფნიდან ხიფათი აირიდეს.

ტაიმის მიწურულს "ბორჯღალოსნებმა" მოლის აგორება სცადეს. გამოუვიდათ კიდეც, რამდენიმე მეტრი გაიარეს, მაგრამ მასპინძელთა მესამეხაზელმა ვიორელ ლუკაჩიმ ლელოსთან მიახლოებაში წესის დარღვევით შეგვიშალა ხელი. არბიტრმა ისიც სინბინში გაუშვა. ჩვენმა მორაგბეებმა შერკინება მოითხოვეს და მარჯვენა, მოკლე ფრთაზე ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციის გათამაშება სცადეს. არ გამოუვიდათ და ტაიმიც დასრულდა.

მანამდე კი 34-ე და 36-ე წუთებზე კვირიკაშვილმა და რუმინელთა ცხრა ნომერმა ვალენტინ კალაფეტეანუმ თითო საჯარიმო გაცვალეს - 10:6.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო შემართული და მობილიზებული ჩანდა მოედანზე. მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ლელოზე მიიტანეს იერიში, თუმცა ის გამოვიდა, რომ რუმინელმა კალფეტეანუმ 44-ე წუთზე საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები - 13:6.

სულ ეს იყო. მატჩის დასრულებამდე 36 წუთი იყო დარჩენილი და რუმინელებმა ამ დროის განმავლობაში მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. "ბორჯღალოსნებმა" კი 48-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

დერეფანში ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში გაჭირვებით მოვიგეთ. ის მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა შემთხვევით დაიჭირა და შეუტია. "ვიტო" იქვე შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ირაკლი აბუსერიძემ მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე პირველხაზელ ვასილ კაკოვინს გაატანა ბურთი. ისიც შეაჩერეს. ისევ რაკი და აბუსერიძემ სწრაფად, ისევ მარჯვნივ განაგრძო შეტევა. ამჯერად ბურთი მგეზავ მერაბ კვირიკაშვილს გადააწოდა, რომელმაც რამდენიმე მეტრი გაირბინა, ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქე უკან მოიტოვა და იქვე მიმყოლ შუამარბ დავით კაჭარავას გაატანა.

"კაჭის" შეჩერება მასპინძლებმა ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შეძლეს, თუმცა ლელოს ვერ გადაურჩნენ, კვირიკაშვილმა გარდასახა - 13:13.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში დაწინაურება 59-ე წუთზე შეძლო. ერთ-ერთი იერიშისას რუმინელთა მესამეხაზელმა ვიორელ ლიკაჩიმ წაქცეულ გიორგი ჩხაიძეს ფეხი ჩაარტყა. არბიტრმა ეს დროულად შენიშნა, მეტოქე დააჯარიმა და რადგან მისთვის მატჩში მეორე ყვითელი ბარათი იყო, მოედანი მატჩის ბოლომდე დაატოვებინა. კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა - 16:13.

რიცხობრივ უპირატესობაში მხოლოდ ოთხი წუთი ვიყავით. "ბორჯღალოსნების" მორიგი შეტევისას მასპინძელთა კაპიტანმა მარიუს ტინკუ ჩვენს მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს თმებში სწვდა და ძირს დასცა. "ვიტომ" სიმწრისგან ვეღარ მოითმინა და რუმინელს მუშტები დასცხო. რუმინელი პროვოკატორი ძირს მოცელილივით ისე დავარდა, კაცი იფიქრებდა, ვეღარ ადგებაო (იხილეთ ვიდეო).

კოლელიშვილს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. ცხადია, მის საქციელს გამართლება არ აქვს. რაგბი გუნდური თამაშია და გუნდისთვის მისი ყოფნა მოედანზე უფრო უკეთესი იქნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრიც შეცდა, მას ტინკუ მინიმუმ სინბინში უნდა გაეშვა.

ერთი სიტყვით, სამწუხაროა, მაგრამ კოლელიშვილი გუნდს რუსეთთან მატჩში ვეღარ დაეხმარება. რუმინელებთან მატჩში კი რიცხობრივი თანაფარდობა აღსდგა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმოდან კიდევ ერთხელ გაიტანა და საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით დააწინაურა - 19:13.

დასკვნით ხუთ წუთში რუმინელებმა ჩვენი ლელოს მისადგომებთან შტურმი მოაწყვეს. მათ ჯერ მოლით, მერე შერკინებითა და მორკინალთა მოკლე დარტყმებით სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ ქართველი მორაგბეები მტკიცედ, გაუვალი კედელივით იდგნენ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

რუსეთი-უკრაინა 38:19
რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. დენის სიმპლიკევიჩი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზირ გასანოვი, 3. ევგენი მატვეევი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. პაველ კვერნაძე, 8. ანტონ სინიცინი.
16. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 17. კირილ კოპეშკინი, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ ბუტენკო, 20. გერმან გოდლიუკი, 21. ანდრეი ოტროკოვი, 22. ევგენი ტიტოვი.
5ლ: ანტონოვი, ბაბაევი, სიმპლიკევიჩი, ოტროკოვი, ტიტოვი, 5გ: რიაბოვი (4), კუშნარივი. ს: რიაბოვი.
უკრაინა: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო, 14. ოლეგ კოსარევი, 13. სერგეი გარკავი, 12. დენის მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ოლეგ ლიტვინენკო, 2. ნიკოლაი კირსანოვი, 3. ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ალექსანდრ ცაპენკო, 6. რუსლან რადჩუკი, 7. ალექსანდრ ლომაკინი, 8. ჯაბა მალაღურაძე.
3ლ: კოსრევი, ლომაკინი, კრამარენკო. 2გ: კოსრევი.
16. ვიტალი კრამარენკო, 17. ალექსანდრ პოლიანსკი, 18. ედუარდ ვერტლიცკი, 19. დიმიტრი ფედშინი, 20. ნიკოლაი დელეგიევი, 21. სერგეი მონასტირიოვი, 22. ტარას მარჩენკო.

პორტუგალია-ესპანეთი 23:17
პორტუგალია (15-9) ლეალი, ოლივიერა, მურეი, აპელტონი, ფორო. როკარდო, მაგალიაეში. (1-8) მურე, ტაჯერი, სეგურადო, გ.უვა, პენალვა, ვ.უვა, დორეი, სევერინო.
(16-22) მარკესი, და კოსტა, დოს რეისი, სოუსა, კადოში, ლიმა, აგილარი.
2ლ: გ.უვა, ტაჯერი. 2გ,3ს: ლეალი.
ესპანეთი (15-9) პელუკონი, ობენალი, გარსია, ბლანკო, ბელსუნსე, სემპერე, აისტარანი. (1-8) პრადალი, ოსქუი, მორენო, რეკუერდა, პარკერი, გერერო. როჩა, გიბუნი.
(16-22) ფიპსი, ჰატჩინსონი, ლაიონზი, ბარერა. ლოპესი, ნავა, ლე რუ.
ლ: ოსქუი. 4ს: პელუკონი.

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.ესპანეთი 3 2 0 1 +36 10
2.საქართველო 3 2 0 1 +24 10
3.რუმინეთი 3 2 0 1 +27 10
4.რუსეთი 3 2 0 1 -5 9
5.პორტუგალია 4 1 0 3 -28 6
6.უკრაინა 2 0 0 2 -54 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 8 7 0 1 +157 32
2.რუმინეთი 8 5 0 3 +124 26
3.ესპანეთი 8 4 0 4 -47 20
4.რუსეთი 8 4 0 4 -3 20
5.პორტუგალია 9 4 0 5 -13 20
6.უკრაინა 7 0 0 7 -218 0

ერთა თასი
V ტური, 17 მარტი
საქართველო-რუსეთი
ესპანეთი-რუმინეთი
უკრაინა-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარი ბევრ რამეს წყვეტს.ჩვენდა სასიხარულოდ ეს რაგბისტებს არ აკლიათ.
bondo
12:24 12-03-2012
0
მაგარია მაგრად გამიხარდა , ვუყურე და ბოლო წუთები მართლაც რომ , დაძაბული იყო ...
ის ,,ჩავედით ვცემეთ გავიმარჯვეთ ,, მაგარი იყო:D

მოკლედ მგონი ამ წელს ისევ ვიგებთ ...
davit
17:38 12-03-2012
0

სიახლეები პოპულარული