ნოემბრის ტესტები: იაპონიამ საქართველოს რეიტინგში გაასწრო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 17 და 24 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ტესტ-მატჩს გამართავს, შესაბამისად, იაპონიისა და ფიჯის ეროვნულ გუნდებთან.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილები უკვე თბილისში არიან და მატჩისთვის "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ემზადებიან. იაპონელებმა, რომლებსაც საყოველთაოდ ცნობილი ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯონსი წვრთნის, გასულ უქმეებზე ერთი შეხვედრა უკვე გამართეს ჩვენთვის კარგად ნაცნობ რუმინეთის ეროვნულ გუნდთან და 34:23 მოიგეს.

რა შეიძლება ითქვას ჩვენი მომავალი მეტოქის თამაშის თაობაზე. აშკარა იყო, რომ იაპონელები თამაშის სწრაფი ტემპით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ და ყველა
ასაკობრივ ნაკრებს თამაშის ერთნაირი სტილი აქვს, რაც იაპონელებისთვის დამახასიათებელი მუყაითი შრომით მიიღწევა.

ხაზგასმით გამოსაყოფია, შეტევისას უწყვეტი, თითქმის ურღვევი, მწყობრი თამაში. ფეხმარდი "საკურები" ხშირად ქმნიან რიცხობრივ უპირატესობას, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში, შედეგიანად ასრულებენ.

ერთადერთი მინუსი შერკინებაში თამაშია. სტატიკურ მდგომარეობაში იაპონიის ნაკრების მორკინალები ვერ ყოჩაღობენ, თუმცა დინამიკაში მათი შეჩერება ძალიან ძნელია და ჩვენს ბიჭებს დაცვაში დიდი ყურადღებით გარჯა მართებთ.

ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნებს" საკმაოდ საინტერესო და ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ ასპარეზობა. ჩვენი გუნდი ტრადიციულად "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა და მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტესტებისთვის მისი თანამემამულე, მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა დაეხმარება.

ჰეიგმა ოცდათორმეტ მორაგბეს უხმო. ჩვენმა გუნდმა ერთი კვირის წინათ საფრანგეთის ქალაქ ტულუზში მოკლევადიანი შეკრება გაიარა. იმ შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა. ტესტებზე არ ითამაშებენ პირველხაზელები: ვასილ კაკოვინი (ტულუზი) და ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი). ჰეიგმა მათ სანაცვლოდ "ტულონიდან" უხმო შერკინების ბურჯს ლევან ჩილაჩავასა და მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს.

ტრავმების გამო ჩვენს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ასევე ფრანგული "ტარბის" მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე და შოტლანდიური "ედინბურგის" მორკინალი დიმიტრი ბასილაია.

რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ იაპონელებმა მსოფლიოს რეიტინგში გაგვასწრეს. ახლა ისინი 68,89 ქულით მე-15 ადგილზე არიან, საქართველოს ნაკრებს კი 67,95 ქულა აქვს და მეთექვსმეტეა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ლევან ჩილაჩავა (ტულუზი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი)
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი (ორივე-არმია).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხლამაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართფურის კოლეჯი), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (მონლუსონი)
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), გიორგი ფრუიძე (აია), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), საბა ნიკოლავა (არმია).

იაპონიის ნაკრები
შერკინება: ჰისატერუ ჰირაშიმა, იუსუკე ნაგაე, იუსუკე აოკი, შოთა ჰორი, კენსუკე ჰატაკეიამა, ჰიროში იამასიტა, ტაკუმა ასაჰარა, ჰიტოში ონო, შოჯი იტო, ტოშიძუმი კიტაგავა, მაიკლ ბროდჰორსტი, ჰენდიკ ტუი, მაიკლ ლიტჩი, დაიკი ჰაშიმირო, ტაკაში კიკუტანი, რიუ ჰოლანი.
უკნა ხაზი: ფუმიაკი ტანაკა, აცუში ჰივასა, კოსეი ონი, ჰარუმიჩი ტატეკავა, იუტა იმამურა, აკიჰიტო იამადა, ტომოჰირო სენბა, იუ ტამურა, გო არუგა, იასუკი ჰაიაში, ჰიროტოკი ონოზავა, ტოშიაკი ჰიროსე, აიუმუ გორომარუ, აცუში ტანაბე.

ნოემბრის ტესტები
17 ნოემბერი
საქართველო-იაპონია

24 ნოემბერი
საქართველო-ფიჯი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: იაპონიამ მოიგო, ფიჯიმ წააგო
მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ტანა უმაგა საქართველოთი აღფრთოვანდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული