საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]

AutoSharing Option
"ძალიან ვწუხვართ, რომ შინ ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ. პასუხისმგებლობას ამის გამო მთლიანად მოთამაშეები ვიღებთ. მწვრთნელმა რა დავალებაც მოგვცა, იმის 70 პროცენტიც ვერ შევასრულეთ.

ჩვენ მიჩვეულნ
ი ვართ გამარჯვებებს. სამწუხაროა, რომ ამჯერად ქომაგების გახარება ვერ შევძელით, მაგრამ ახლა განვითარების იმ ეტაპზე ვართ, რომ აუცილებლად გვჭირდება ასეთი დონის გუნდებთან ხშირად თამაში.

ეს აუცილებლად გამოიღებს სამომავლოდ შედეგს. ყველაფერს ვიღონებთ, რომ განვვითარდეთ და მსოფლიოს თასისთვის სათანადოდ მოვემზადოთ"
- თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან 19:24 წააგო.

"ბორჯღალოსნები" შინ ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ, არადა, თბილისიდან ორივე მეტოქის გაწბილებული გასტუმრება სრულიად შესაძლებელი იყო.

ძნელია, როცა ოფიციალურ ტესტმატჩებში 2004 წლის შემდეგ შინ არ წაგიგია და უეცრად, ერთბაშად, ზედიზედ ორ თამაშს თმობ.

ფაქტია, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ფიჯისა და იაპონიის ნაკრებების დონის გუნდებთან, რაც შეიძლება, მეტი შეხვედრა სჭირდება.

მარცხის მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ ესაა. ცხადია, ცალკეულ მოთამაშეებს უფრო ძლიერი და მაღალი დონის მორაგბეების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდში ისეთებიც არიან, რომლებსაც ევროპის ერთა თასის გუნდებზე უკეთეს ნაკრებებთან არასდროს უთამაშიათ.

მაგალითად, ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა სულაც პირველად ითამაშა ორჯერ ზედიზედ ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში; თანაც, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების წინააღმდეგ.

ის, რომ ერთა თასი ჩვენი გუნდის სიძლიერის ინდიკატორად აღარ გამოდგება, რუმინელების ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან შინ წაგებაც ადასტურებს - 3:34.

ფიჯის ნაკრები დიდი ტრადიციების გუნდია. "მფრინავ ფიჯელებს" მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში უასპარეზიათ და ორჯერ მოწინავე რვაშიც გააღწიეს.

2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში კი უელსის ნაკრები ჯგუფში ჩატოვეს. მაშინ ფიჯელებმა "წითელ ურჩხულებს" 38:34 მოუგეს.

ეს ლირიკული გადახვევა იმისთვის დაგვჭირდა, რომ ცხადად წარმოვიდგინოთ, რა დონის გუნდთან გვქონდა საქმე.

მოედანზე გამოსულმა სტუმართა ნაკრებმა თავისი ტრადიციული მისალმება შეასრულა, რამაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელზე შთაბეჭდილება მოახდინა.

VideoSportall.Ge
ფიჯის ნაკრების მისალმება


თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მე-2 წუთზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს.

ოთხი წუთის შემდეგ კი უკვე 10:0-ს გვიგებდნენ. მგეზავის, ჯონეთანი რალულუს ზუსტ საჯარიმოს ფიჯელებმა მალე მრავალფაზიანი შეტევა მიაყოლეს.

მანამდე კი იერიში "ბორჯღალოსნებმა" წამოიწყეს. ხელდახელ ბურთაობას მორკინალების დარტყმები ცვლიდა, თუმცა მეტოქის 22-მეტრიან ხაზთან მისულებმა რაკში ბურთი დაკარგეს და ფიჯელები კონტრიერიშზე გადმოვიდნენ; ჯერ მარცხნიდან სცადეს ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის გაჭრა, მერე ბურთი მარჯვნივ გამოათამაშეს. აქაც რომ არაფერი გამოუვიდათ, შეტევის მიმართულება შეცვალეს. შედეგად რამდენიმე მეტრი მოიგეს და ბურთი ისევ მარჯვნივ წამოიღეს.

აქ შერკინების ბურჯმა სტეფანო სამოსამ იყოჩაღა, რომელმაც 22-მეტრიან ზონაში შეაღწია და გარღვევაზე მესამეხაზელი ილიესა რატუვა გაიყვანა.

მის წინ დაზღვევაზე გადმოსული გარემარბი ალექსანდრე თოდუა აღიმართა, თუმცა ჩვენებურმა მომხვდურის შეჩერება ვერ შეძლო. რაულულუმ ზუსტად გარდასახა - 10:0.

დასაწყისი შოკისმომგვრელი იყო, თუმცა საქართველოს ნაკრებზე ამან გავლენა არ იქონია. ჩვენმა მორაგბეებმა თამაშის დალაგება სცადეს და შვიდ წუთში ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს. პირველი საჯარიმო "ბორჯღალოსნების" მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა მე-10 წუთზე გაიტანა, სამ წუთში კი მანვე 53 მეტრიდან დაარტყა ზუსტად - 6:10.

თითქოს გარდატეხის მომენტი დადგა, მაგრამ მე-17 წუთზე ფიჯელებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მოედნის საკუთარ ნახევარზე, ათმეტრიან ხაზთან საკუთარ შერკინებაში თამაშის წესი დავარღვიეთ.

ფიჯელებმა თავისუფალი დარტყმა სწრაფად გაათამაშეს და მარცხენა ფრთიდან შეუტიეს. მერე ბურთი მარჯვნივ წამოიღეს და ჩვენი დაცვის ხაზი უკნიდან შეტევაში ჩართულმა ფულბეკმა მეტუსეილა ტალემბულამ გაჭრა.

ფიჯელი ზედ ჩათვლის მოედნის ხაზთან შუამარბმა მერაბ შარიქაძემ შეაჩერა. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მეტოქის შუამარბმა ვერენიკი ნგონევამ აიტაცა და ლელოში გადადო. რალულუმ გარდასახვა ვერ გაიტანა - 15:6.

"ბორჯღალოსნებს" ყურები არც ამის შემდეგ ჩამოუყრიათ და შეტევა, რომელიც ლელოთი დასრულდა, სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან შვიდ მეტრში მოვიგეთ, მოლი შევკარით და ლელოს ხაზთან მისულები ვიყავით, როცა თამაში რაკში გადავიდა. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ ბურთი ხაზზე გაიტანა.

მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა თავად შეუტია, მეტოქეს ხელიდან გაუსხლტა და ლელომდე ცოტა დააკლდა. ისევ რაკი და ამჯერად ბურთი წინ გაგვივარდა.

მეტოქეს შერკინებაში თამაშის წესის დარღვევა ვაიძულეთ. საჯარიმო მამუკა გორგოძემ სწრაფად გაათამაშა და მარჯვნივ შეუტია. ფიჯელებმა მისი შეჩერება შეძლეს, თუმცა არბიტრმა ისევ საჯარიმო დანიშნა.

"ბორჯღალოსნებმა" შერკინება მოითხოვეს, ფიჯელები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, საჯარიმო ისევ გორგოძემ გაათამაშა სწრაფად. ლელომდე სანტიმეტრებიღა რჩებოდა.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ირაკლი აბუსერიძემ აიტაცა და მარჯვნივ დაიწყო მოძრაობა, თუმცა დაფარული პასით ბურთი უკან პირველხაზელ დავით ხინჩაგიშვილს გადააწოდა, რომელიც მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიჭრა. გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა - 13:15.

ოთხ წუთში საქართველოს ნაკრები მატჩში პირველად დაწინაურდა. მორიგი იერიშისას ფიჯელები ისევ რაკში თამაშის დროს დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი კარის ძელებს შორის გაატარა - 16:15.

სტუმრებმა დაწინაურება მალევე მოახერხეს. "ბორჯღალოსნები" სრულიად უწყინარ ვითარებაში, საკუთარ მოლში თამაშისას დაჯარიმდნენ და რალულუმ ფიჯი ისევ ორი ქულით დააწინაურა - 18:16.

მატჩის პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენმა ნაკრებმა მორიგი შეტევა რომ წამოიწყო, რომლის დროსაც ფიჯელებმა თამაშგარეს წესი დაარღვიეს. საჯარიმო ახლო მანძილიდან კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით წავედით - 19:18.

მეორე ტაიმის დასაწყისი ჩვენი ნაკრების უპირატესობით აღინიშნა, თუმცა მერე ფიჯელებმა თამაშის დალაგება შეძლეს.

მეტიც, შერკინება რამდენჯერმე დაგვიძრეს კიდეც და იქიდან ბურთის გამოტანა გვიჭირდა. "ბორჯღალოსნები" ბურთის შენარჩუნებას ვერ ახერხებდნენ და, შესაბამისად, შეტევის ორგანიზებაც არ გამოსდიოდათ.

ანგარიში 67-ე წუთამდე უცვლელი იყო. ფიჯელებმა ჩვენი დაცვის შეცდომით ისარგებლეს. ჯერ რაულულუს მორიგი საჯარიმოთი დაწინაურდნენ - 21:19, მერე კი, თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, ანგარიშში სხვაობა მანვე ხუთ ქულამდე გაზარდა - 24:19.

შეხვედრის მიწურულს საქართველოს ნაკრებს მატჩის მოგების შანსი გაუჩნდა. საჯარიმოდან "ბორჯღალოსნებმა" ბურთი აუტში გადაიტანეს. დრეფანი მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში სუფთად მოიგეს, მოლის შეკვრა სცადეს, მაგრამ მეტოქემ არ დაანება.

თამაში რაკში გადავიდა. მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმით ოდნავ წინ წაიწიეს. მერე აბუსერიძემ ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე გაიტანა, რომელიც ბოლომდე, კიდემდე ჩაათამაშეს. გარემარბი ირაკლი მაჩხანელი ფიჯელებმა ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში შებოჭეს. რაკში თამაშისას კი მაჩხანელი დაჯარიმდა. სტუმრებმა ბურთი აუტში გადაიტანეს და თამაშიც დასრულდა.

მატჩის შემდეგ
ინოკი მალე, ფიჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე შერკინება იყო. ამიტომ ვეცადეთ, სწორედ აქ შეგვექმნა პრობლემები მეტოქისთვის.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრების შერკინების არა მარტო განეიტრალება შევძელით, არამედ ვდომინირებდით კიდეც მასზე. ამიტომაც მოვიგეთ.

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. ჩვენც თითქმის იგივე პრობლემები გვაქვს, რაც თქვენს
გუნდს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი თამაში გვქონდეს წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან.

თბილისში ჩამოვედით, რათა გვეთამაშა ჩვენი დონის ნაკრებთან. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან წაგვადგება, რათა მსოფლიოს თასისთვის კარგად მოვემზადოთ".


მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"საწყის ათ წუთში გუნდმა ვერ შეძლო დაცვის ხაზის აწევა, რაც ფიჯელებმა კარგად გამოიყენეს. მერე ეს კომპონენტი დავალაგეთ.

ჩვენი მეტოქე არაორდინარ
ული გუნდია. მათთან თამაშის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა დაცვის აწყობა მაინც შევძელით.

ვცდილობდით, მეტოქისთვის თამაშის სხვადასხვა სტილი შეგვეთა
ვაზებინა. ხელდახელაც ვიბურთავეთ, მოლითაც მივაწექით.

სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს მოლის აგორება ვერ შევძელით. მეორე ტაი
მში მეტოქეს ბურთი დავუთმეთ. ასეთ პირობებში, როცა შეტევის ორგანიზებას ვერ ახერხებ, ძნელია, მოწინააღმდეგე წნეხში გყავდეს.

შეკითხვა, თამაში მწვრთნელმა წააგო თუ მოთამაშეებმა, ვფიქრობ, უადგილოა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როცა ვიგებთ, ყველა ერთად ვიგებთ და პირიქით.

მარცხზე ყველა ერთად იღებს პასუხისმგებლობას. ამ ორ შეხვე
დრაში ჩვენ არ ვიყავით ისეთი კარგები, რომ მოგვეგო, თუმცა ორივე თამაშში გამარჯვება მაინც შეიძლებოდა.

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, თავიდანვე ვთქვი, რომ ვაპირებ ნაკრებში ახალი სათამაშო სტილის დანერგვას. არ ვაპირებ დავთმო ის, რაც აქამდე გვიკეთებია.

ახლა ისეთი დონის გუნდებს ვხვდებით, რომ ზოგიერთთან წავაგებთ კიდეც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებთ და ძალიან ნათლად ვხედავ, რასაც მივაღწევთ."


დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"იაპონიის ნაკრები უფრო ორგანიზებული გუნდი იყო. ფიჯი ცნობილია ინდივიდუალური, შემტევი მოთამაშეებით. ამ კუთხით მათ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ.

მეორე ტაიმში მეტოქეს ბურთი დავუთმეთ. ეს დიდი შეცდომა იყო. თუ ფიჯელებს ბურთით თამაშის საშუა
ლება მიეცი, ვერასდროს მოუგებ".

საქართველო-ფიჯი 19:24
საქართველო (15-9) ყიასაშვილი (ხმალაძე 60), მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, კვირიკაშვილი, აბუსერიძე. (1-8) ხინჩაგიშვილი (ნარიაშვილი 60), ნატრიაშვილი (მამუკაშვილი), ქუბრიაშვილი (ზირაქაშვილი 51), დათუნაშვილი, მიქაუტაძე (მაისურაძე 65), სუთიაშვილი (ბიწაძე 68), კოლელიშვილი, გორგოძე.
ლ: ხინჩაგიშვილი. 4ს,გ: კვირიკაშვილი
ფიჯი (15-9) ტალემბულა, ნატონგა (მბოლა 53), რანდინდი (ვარა 65), ნგონევა, ვოტუ, რალულუ, მატავალუ. (1-8) იანუტავა (ტუაპატი 71), ვეიკოსო (ნურეურე 71), სომოსა (საულო 78), ნაკარავა, რატუნირავა, ნაიკატინი (ნდომოლაილაი 53), რავულო (ვოლაუ 62), რატუვა (ნანგუსა 62).
2ლ: რატუვა, ნგონევა. 4ს,გ: რალულუ.
სინბინი: ნაიკატინი.
მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

VideoSportall.Ge
საქართველო - ფიჯი 19:24


რუმინეთი-აშშ 3:34
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ, 13. იონელ კაზანი, 12. ჩაბა გალი, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. ანდრეი ფილიპი, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. პეტრუ ტამბა, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. მიჰაიტა ლზარი, 4. კოზმინ რატიუ, 5. ალინ კოსტე, 6. ვასილი რუსი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. ოვიდიუ ტონიცა.
ს: ფილიპი.
16. ანდრეი რადოი, 17. ჰორაციო პუნეგა, 18. ვლად ბადალიჩესკუ, 19. ალექსანდრუ მანტა, 20. ვიორელ ლუკაჩი, 21. გრიგორას დიაკონსეკუ, 22. იონუც ფლორეა, 23. კონსტანტინ გეარა.
აშშ: 15. კრის ვოლესი, 14. ტაკუძავა ნგვენია, 13. პოლ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. ლუკ ჰუმე, 10. ტობი ლესტრანჟი, 9. მაიკ პეტრი. 1. შონ პიტმანი, 2. კრის ბაილერი, 3. ერიკ ფრეი, 4. სკოტ ლავალა, 5. ლუის სტანფილი, 6. ჯონ ქუილი, 7. პეტერ დაჰლი, 8. ტოდ კლევერი.
16. დერეკ ასბუნი, 17. ნიკ ვოლესი, 18. ზეჩერი ფენოლიო, 19. გრემ ჰარიმენი, 20. ინაკი ბასაური, 21. რობი შოუ, 22. როლანდ სუნიულა, 23. ზეჩერი პენგელინანი.
5ლ: ვოლესი (3), ე.სუნიულა, ნგვენია. 3გ,ს: ვოლესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველად ითამაშა ყიასაშვილმა? 10 წელია უმაღლეს ლიგაში თამაშობს,რა ვიცი რაც კი საცემ ნაკრები იყო ახალგაზრდულიდან დაწყებული ყველგან ეს მიყავდათ და ეხლა იმაზე ლაპარაკობთ ლამის 30 წლის კაცი გამოუცდელიაო?! .. უბრალოდ არასათანადო კადრია, და ამ 'ლელოს' სასტავს ნუ ტენით ნაკრებში !
Qartveli !
13:28 27-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული