"ბორჯღალოსნები" ახალ კლასიფიკაციაში მე-17 ადგილზე არიან. თუმცა რეიტინგში ადგილზე მეტად რაგბის ქართველ ქომაგს სათაყვანებელი გუნდის თამაშის ხარისხი აინტერესებს. განვლილი ბატალიების შეფასება რაგბის სპეციალისტებს მივანდეთ.
ნიაზ მამრიკიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე:
"უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ ფიჯის ნაკრები იაპონიისგან რადიკალურად განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდი იყო. ფიჯელები ორივე ტაიმის განმავლობაში სრული იმპროვიზაციით ირჯებოდნენ.
შეტევისას თითქმის ყველა სიტუაციაში პოულობდნენ ლოგიკურ გაგრძელებას. თუმცა ვერ ვიტყვი,
საწყის ექვს წუთში ცივი შხაპი მივიღეთ. ფიჯი ძალიან სწრაფად დაწინაურდა 10 ქულით. ამან, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი გამოაფხიზლა და პირველი ტაიმის დარჩენილ დროში უფრო აგრესიული დაცვა ითამაშეს.
შეტევაში კი ზუსტად ისე გაისარჯნენ, როგორადაც გვინდა, საქართველოს ნაკრები ორი ტაიმის განმავლობაში რომ თამაშობდეს.
მაგრამ საუბედუროდ, ეს მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაგრძელდა, რასაც მოჰყვა მეორე ტაიმი, სადაც მონაგარს ვეღარაფერი მივუმატეთ.
მატჩის მეორე ნახევარში დაცვის ტაქტიკა შევცვალეთ. იმის შიშით, რომ ფიჯელებს შუაში არ გაეჭრათ ხაზი, ჩვენმა მორაგბეებმა ამჯობინეს ჩარეკვის ხერხით თამაში.
ეს არაფრით გულისხმობს იმას, რომ დაცვაში, როცა ერთი კაცით მეტი რჩები, ისევ ჩარეკვაზე უნდა ითამაშო და არ შეუზღუდო მეტოქეს შეტევის არეალი.
ფიჯელებს რაც უნდა ცუდი გადაცემა გაეკეთებინათ თნაგუნდელისთვის, ჩვენი მოთამაშეები იმდენად შორს იდგნენ მათგან, რომ მეტოქე ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებდა ბურთის დამორჩილებას და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.
მეორე ტაიმის განმავლობაში ჩვენი გუნდის ლოიალურმა დაცვამ ფიჯელებს ხელ-ფეხი გაუხსნა, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
აღსანიშნავია პირველი ტაიმის ის 30-წუთიანი მონაკვეთი, რომლის დროსაც საქართველოს ნაკრებმა სწორედ ის თამაში აჩვენა, საითაც მილტონ ჰეიგს მიჰყავს გუნდი.
თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ, ჩვენ ნამდვილად ვადგავართ სწორ გზას, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს სათამაშო კლასის ამაღლებამდე."
სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს ნაკრების თამაშთან დაკავშირებით ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "არმიას" ერთ-ერთ მწვრთნელს ლევან ცაბაძეს:
"ფიჯიმ ბევრით ვერაფრით გვაჯობა. იაპონიამ სისწრაფეში დაგვჯაბნა. სამწუხაროდ, მათთან ჩვენი თამაშის ძლიერი მხარე ვერ გამოვიყენეთ.
ფიჯისთან მატჩში დასაწყისში რაც მოხდა, იმან ჩვენი გუნდი შოკში ჩააგდო და მერე იქიდან გამოსვლას დიდხანს მოუნდა. შესამჩნევი იყო წყვეტა თამაშში.
ძალიან ბევრი ჩავარდნა ჰქონდათ. მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთი ბურთს მეტოქეს აძლევდნენ და შესაბამისად, შეტევის ორგანიზებას ვერ ვახერხებდით. არადა, ფიჯის ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც ჩვენებმა ვერ გამოიყენეს.
ნამატჩევს მოთამაშეები ამბობდნენ, მწვრთნელის დავალების 30 პროცენტიც ვერ შევასრულეთო. ძნელი სათქმელია, რა დავალებას აძლევდა ჰეიგი. გამოდის, გუნდს ისეთ რამეს აკეთებინებს, რისი შესრულებაც არ შეუძლიათ.
რასაც ბოლო წლებში ვუყურებთ, ნაკრები ბიჭების თავდადების, ათლეტიზმისა და ბრძოლის ჟინის ხარჯზე აღწევს წარმატებას. სხვა ჩვენს გუნდს არაფერი ეტყობა.
პრობლემები არის შერკინებაშიც. მისი თამაში არასტაბილური გახდა. ამ გუნდს ბევრად უკეთესად შეუძლია გაისარჯოს. უბრალოდ, როგორც ჩანს, აქცენტები არის არასწორად გაკეთებული. იაპონიას შერკინებასა და დერეფანში ვჯობდით, მაგრამ მერე ამას ვეღარ ვიყენებდით.
მწვრთნელის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მორაგბეები თავდადებით იბრძვიან, მაგრამ საერთო სურათი, რისი გაკეთება უნდათ, ხომ უნდა ჩანდეს, ტაქტიკური მონახაზი ხომ უნდა გამოიკვეთოს?!
თამაშს რომ ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი, რის გაკეთებას ცდილობდნენ. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ