"პუმები" ბოლო ათწლეულია მსოფლიოს რაგბიში დიდი ნაბიჯებით მიიწევენ წინ. ამიტომ მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და ღირსეულად თამაში "ბორჯღალოსნებისთვის" დიდი პატივია.
არგენტინის ნაკრები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გუნდია. მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნები" პუმებს ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2007 წელს საფრანგეთში ჩვენი ეროვნული გუნდი 3:33 დამარცხდა.
შარშან კი ახალ ზელანდიაში პირველი ტაიმი 7:5 მოვუგეთ, თუმცა არგენტინელებმა მატჩის ბოლო ათ წუთში მაინც იძალეს და 7:25
ამასთან ერთად, 2009 წლის შემოდგომაზე, ქართული რაგბის 50 წლისთავთან დაკავშირებით, არგენტინის A ნაკრები სტუმრობდა. ის შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა.
2013 წელს საქართველოსა და არგენტინის ნაკრებები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ივნისში არგენტინის რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდი "პუმებთან" საასპარეზოდ დაპატიჟა.
საქართველოს ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შესაძლო მეტოქეებზე კომენტარისას თქვა:
"არგენტინის ნაკრებს ქართველი მორაგბეები კარგად იცნობენ. ივნისში ამ გუნდთან კიდევ ერთხელ ვითამაშებთ და იქ გამოჩნდება, რამდენად დიდია მანძილი გუნდებს შორის".
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა წლეულს პირველად იასპარეზა ოთხი ერის გათამაშებაში სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებთან ერთად და ექვსი თამაშიდან ერთი ფრედ დაასრულა, ხუთი წააგო. მიუხედავად ამისა, "პუმების" დებიუტი ერთხმად შეფასდა როგორც წარმატებული, ვინაიდან გუნდი ახალბედასავით სულაც არ გამოიყურებოდა.
მეტიც, შინ სამხრეთ აფრიკასთან ფრედ, 16:16 დასრულებული მატჩი სენსაციად იქნა აღქმული.
ნოემბრის ტესტებზე არგენტინელებმა პირველივე მატჩში უელსის ნაკრებს სძლიეს. მეორე და მესამე შეხვედრებში კი, შესაბამისად, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან, გუნდს აშკარად ეტყობოდა გადაღლა და ორივე მატჩში დამარცხდა.
ახლა კი ცოტა რამ არგენტინელების სამსოფლიოთასო ბატალიების შესახებაც ვთქვათ. ყველაზე დიდ წარმატებას "პუმებმა" 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე მიაღწიეს, სადაც მასპინძელთა გუნდი ორჯერ დაამარცხეს - ჯერ ჯგუფურ ტურნირში და მერე მესამე ადგილისთვის მატჩში.
შეგახსენებთ, რომ "პუმებმა" ჯგუფში საფრანგეთის ნაკრების ძლევის შემდეგ ნამიბიის, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებები დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მარსელო ლოფედას სამწყსო შესანიშნავად ირჯებოდა.
პუმების ლიდერები ავგუსტინ პიშო, ფელიპე კონტეპომი და "რაგბის მარადონად" შერაცხილი ხუან მარტინ ერნანდესი შეუჩერებელნი იყვნენ. თუმცა გუნდის ძლიერ მხარედ მაინც შერკინება მიიჩნეოდა, სადაც გამოირჩეოდნენ როდრიგო რონსერო, მარიო ლედესმა და ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
არგენტინის ნაკრებმა იმდენად აღაფრთოვანა თანამემამულეები, რომ საფეხბურთო სუპერკლასიკო ბუენოს აირესის "ბოკა ხუნიორსსა" და "რიველ პლეიტს" შორის, რამდენიმე დღით გადაიტანეს, რადგან ამ მატჩის გამართვის თარიღი არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების მეოთხედფინალურ მატჩს დაემთხვა.
"პუმებმა" შოტლანდიელებს სძლიეს, თუმცა მერე ნახევარფინალში მსოფლიოს თასის მომავალ მფლობელთან, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა - 13:37. მესამე ადგილისთვის მატჩში კი, როგორც უკვე ვთქვით, საფრანგეთის ნაკრებს აჯობეს და "პუმები" სამშობლოში გმირებივით მიიღეს. 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება არგენტინაში რაგბის განვითარების კატალიზატორად იქცა.
ელიტაში მოსახვედრად "პუმებმა" საკმაოდ გრძელი და ძნელი გზა განვლეს. მათი ასპარეზობა მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმებზე ყოველთვის როდი იყო შთამბეჭდავი.
1987 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ პირველ მსოფლიოს თასზე არგენტინის ნაკრები პირველივე შეხვედრაში ფიჯის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ამას მოჰყვა უიმედოდ წაგებული მატჩი მასპინძელთა გუნდთან. ბოლოს კი სანუგეშოდ არგენტინელებმა იტალიის ეროვნულ გუნდს სძლიეს - 25:16.
ოთხი წლის შემდეგ არგენტინელებმა ჯგუფურ ტურნირში სამივე შეხვედრა წააგეს, ისევე, როგორც 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში.
აღსანიშნავია, რომ "პუმებმა" აფრიკის კონტინენტზე ყველაზე სუსტად მიჩნეულ იტალიის ნაკრებსაც ვერ აჯობეს და გათამაშება თავჩაღუნულებმა დატოვეს.
არგენტინის ნაკრები გაცილებით უკეთ იყო ორგანიზებული 1999 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისას. პირველ მატჩში, რომელიც რეკონსტრუირებულ კარდიფის "მილენიუმზე" გაიმართა, "პუმებმა" მასპინძლებთან წააგეს, თუმცა მერე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს სამოასა და იაპონიის ეროვნულ გუნდებთან დაპირისპირებაში.
პლეი ოფში სამხრეთამერიკელებმა მოულოდნელად ირლანდიის ნაკრებსაც სძლიეს - 28:24, თუმცა მერე მეოთხედფინალში ვერას გახდნენ ფრანგებთან - 26:47. ამ ტურნირზე საუკეთესო მექულე არგენტინელი დამრტყმელი გონსალო კესადა გახდა, რომელმაც გუნდს 102 ქულა მოუტანა.
2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში, რომელიც ავსტრალიაში გაიმართა, არგენტინის ნაკრებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ნამიბიისა და რუმინეთის ნაკრებებთან გამარჯვების შემდეგ "პუმებმა" ავსტრალიისა და არგენტინის ნაკრებებთან წააგეს და პლეი ოფის მიღმა დარჩნენ.
2007 წლის ტურნირზე უკვე გიამბეთ. შარშან კი "პუმებმა" მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ახალი ზელანდიის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: მაქვს ამბიცია, ჩვენი ნაკრები ისე მოვამზადო, რომ ტონგელთა დამარცხება შევძლოთ
2015 წლის მსოფლიო თასის წილი ნაყარია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები