საქართველოს ნაკრები, როგორც ყოველთვის, ფავორიტია და, ცხადია, მხოლოდ პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.
ჩვენი გუნდის მეტოქეები კარგად ნაცნობი რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან. ამათ დაემატება ჩვენს დივიზიონში წლეულს აღზევებული ბელგიის ეროვნული გუნდიც, რომელთანაც აქამდე არასდროს გვითამაშია.
შავი ეშმაკები
მომავალი მეტოქეების ავანჩავანის შესახებ საუბარიც სწორედ ახალბედა ბელგიელებით დავიწყოთ, რომლებსაც მეტსახელად "შავი ეშმაკუნები" აურჩევიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ აქაური რაგბი ბოლო წლებში აშკარად
თუმცა ერთი განსხვავებით - თუ ქართველი მორაგბეები "სიყვარულის ქვეყანაში" გადაბარგდნენ, ბელგიელებმა პირიქით, ფრანგი მოთამაშეებისა და მწვრთნელების იმპორტს მიჰყვეს ხელი და აგერ, ევროპული რაგბის ფსკერიდან ერთა თასამდე მიაღწიეს.
ცხადია, იმის ილუზია არავის აქვს, რომ "შავი ეშმაკუნები" ერთა თასის მუდმივ ბინადრებს პირველივე წელიწადს რამეს დააკლებენ, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ თუნდაც საკუთარ მოედანზე თამაშისას ბევრს "ცხოვრებას გაუმწარებს".
საგულისხმოა, რომ ბელგიელებმა განვითარებისთვის სწორი გეზი აიღეს. ჯერ ევროპულ ფერხულში ასაკობრივი ნაკრებები ჩააბეს, რამდენიმე ტურნირს თვითონაც უმასპინძლეს.
მათ ახალგაზრდულ ნაკრებებს სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდათ საიმისოდ, რომ რუმინელი და რუსი თანატოლები უკან მოეტოვებინათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბელგიის ნაკრებმა ერთა თასზე თამაშის უფლება წლეულს მოიპოვა. მან ხელმოცარული უკრაინის ეროვნული გუნდი შეცვალა.
ამ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში 24 გუნდი სამ დივიზიონშია განაწილებული, რომლებსაც სათადარიგო გუნდებიც ჰყავთ და მათ შორის გათამაშება ცალკე ტარდება.
აღსანიშნავია, რომ სამიოდე წლის წინათ ბელგიის ეროვნულ გუნდში ქართველი მორაგბე დავით ნემსაძე ირჯებოდა, რომელიც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ გიორგი ნემსაძის ძმაა.
"შავმა ეშმაკუნებმა" ახლახან დუბაიში ორი ტესტმატჩი გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ შეხვედრაში ბელგიელებმა ზიმბაბვეს ნაკრებს მოუგეს - 28:11, მერე კი ჰონგ-კონგი დაამარცხეს - 24:12.
შედეგად მსოფლიოს რეიტინგში ბელგიის ნაკრებმა 23-ე ადგილიდან ორი საფეხურით წინ წაიწია და უკან მოიტოვა პორტუგალიის ეროვნული გუნდი.
"ვფიქრობ, მეტოქეებზე უკეთესი რაგბი ვითამაშეთ. გუნდში ამ წარმატებამ კარგი საბრძოლო განწყობა შეგვიქმნა, მით უფრო, რომ ერთა თასის გათამაშებას ფავორიტთან, საქართველოს ნაკრებთან მატჩით ვიწყებთ" - თქვა ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ნეილ ენდრიუმ.
ერთი სიტყვით, ბელგიის ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში კარგად ასპარეზობას გვპირდება და, ცხადია, ყველასთვის მისაღები იქნება, თუ უკრაინის მსგავსად გამოკვეთილი აუტსაიდერის როლს არ დასჯერდება.
მუხის ფოთლები
ერთა თასზე, ანუ მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე "ბორჯღალოსნების" უმთავრესი კონკურენტი ისევ რუმინეთის ნაკრები იქნება.
"მუხის ფოთლებმა" ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან სამი მოიგეს და ორში დამარცხდნენ. შედეგად, სატურნირო ცხრილში წინ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები გაუშვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
"სტეჟარისთვის" წარუმატებელი გამოდგა ნოემბრის ტესტები. რუმინელებმა ბუქარესტში ჯერ იაპონიის ნაკრებთან წააგეს - 23:34, მერე კი აშშ-ის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ 3:34. ისიც აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე მოსახვედრად რუმინელებს შორი გზის, რეპეშაჟის გავლა მოუწიათ. ყოველივე ამის გამო მუსირებს აზრი, რომ ამ ქვეყნის რაგბიში კრიზისია.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი და ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი რიჩი დიქსონი, რომელსაც რუმინეთის რაგბის კავშირთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და იქაურ სამზარეულოსაც კარგად იცნობს.
"რუმინულ რაგბის კრიზისი არ აქვს. უბრალოდ, იქ დაიწყეს ახალი გუნდის შენება. შეკრიბეს ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც ძირითადად შინაურ ჩემპიონატში თამაშობენ. ეს გუნდი ბუქარესტის "მგლების" სახელით ევროთასებზე, "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ასპარეზობს.
ორი კვირის წინათ ფრანგული კლუბი "აჟენი" დაამარცხეს, ეთამაშებიან ასევე ბრიტანულ კლუბებს. ალბათ დამეთანხმებით, ეს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის დიდი გამოცდილებაა და ყოველივე ნაკრების თამაშზეც მალე აისახება."
ერთი სიტყვით, კრიზისი აქვთ თუ არა, რუმინელები ჩვენთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეები არიან. საგულისხმოა, რომ "მუხის ფოთლების" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულესმა გუნდში შერკინების ქართველი ბურჯი ოთარ ტურაშვილი იხმო, რომლის დებიუტიც ივნისში, ბუქარესტში გამართულ IRB-ის ერთა თასზე შედგა.
ტურაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და, შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.
თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ტურაშვილმა მომავალ ერთა თასზე ვერ ითამაშოს, რადგან "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა, ის და მეორეხაზელი ვალენტინ პოპილრანი დაშავდნენ.
ეს უკანასკნელი, ექიმების დასკვნით, აპრილამდე თამაშს ვერ შეძლებს. არანაკლები სიმძიმის ტრავმა აქვს ტურაშვილსაც და როდის მოახერხებს ვარჯიშის დაწყებას გარუმინელებული ქართველი, ჯერჯერობით უცნობია.
ცოტა რამ "მუხის ფოთლების" თავკაცის შესახებ: ლინ ჰოულესი 1999 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში უელსის ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელის, გრემ ჰენრის ასისტენტი იყო.
2001 წელს კი, როცა ჰენრი "ბრიტანელ ლომებთან" ერთად იმყოფებოდა ტურნეში, თვითონ ხელმძღვანელობდა "წითელ ურჩხულებს". 2006 წელს ის "ედინბურგის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ერთი წლის თავზე გაანთავისუფლეს. მერე, ბოლო დრომდე, "დონკასტერელ რაინდებს" წვრთნიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ტესტმატჩში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სათამაშოდ გუნდში დაბრუნდნენ ვეტერანები, მესამეხაზელები ოვიდიუ ტონიცა და ალექსანდრუ მანტა. თუმცა "სტეჟარის" ოკეანისგაღმელებთან ამანაც ვერ უშველა.
ესპანელი ლომები
წლევანდელი ერთა თასის გათამაშების შედეგების მიხედვით, 2015 წლის მსოფლიოს თასზე გასვლისთვის იბრძოლებს ესპანეთის ნაკრები.
"ლომებმა" წლეულს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დამარცხება შეძლეს, თუმცა მერე თვითონ ორჯერ წააგეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
იმ დროისთვის გუნდს ფრანგი რეჟის სონე წვრთნიდა, რომელიც ივნისში საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბორდომ" მიიწვია და ისიც სიხარულით დათანხმდა შეთავაზებას.
მის ნაცვლად ესპანელებმა ახალი ზელანდიიდან ბრაის ბევინი ჩაიყვანეს, რომელსაც იქაური მაორების ნაკრების თავკაცობის გამოცდილება აქვს.
"ლომებმა" ნოემბრის ტესტებზე აფრიკის სამხრეთში იმოგზაურეს. მათ ნამიბიისა და ზიმბაბვეს ნაკრებები დაამარცხეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მზარდი სარაგბო ერია. ესპანური რაგბი, ძირითადად, ფრანგი ბასკებისა და კატალონიელების ხარჯზე ვითარდება. ნაკრების წევრთა ნახევარი სწორედ ფრანგულ კლუბებში თამაშობს და პასპორტითაც ფრანგები არიან.
ერთი სიტყვით, ესპანეთის ნაკრები სერიოზულ ძალად გადაიქცა და მასთან თამაში იოლი გასეირნება სულაც არ იქნება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბორჯღალოსნებს" რევანში აქვთ ასაღები და თუ ჩვენმა ბიჭებმა ვინმე "მიზანში ამოიღეს", კარგ დღეს არ დააყრიან.
დაბოლოს, ქართველი მორაგბე ესპანეთის ნაკრებსაც ჰყავს. ის პირველხაზელი დავით გურგენიძეა, რომელიც ამჟამად საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" ღირსებას იცავს.
რუსი დათვები
წლეულს ჩავარდნა ჰქონდა რუსეთის ნაკრებს. მას შემდეგ, რაც ამ გუნდის თავკაცად უელსელი კინგსლი ჯოუნზი დაინიშნა, რუსთა ეროვნული გუნდი სულ უკან-უკან მიდის. ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში "დათვებმა" მეოთხე ადგილი დაიკავეს და მომდევნო ორი წლის ჯამშიც თუ იგივე შედეგი აჩვენეს, მსოფლიოს თასის გათამაშების მიღმა დარჩებიან.
ნოემბრის ტესტებზე რუსეთის ნაკრები ნეიტრალურ მოედანზე, ინგლისში ეთამაშა კანადისა და აშშ-ის ეროვნულ გუნდებს და ორივე მატჩში დამარცხდა. ქომაგები და რუსული სპორტული მედია დიდი ხანია, უელსელი მწვრთნელის გადაყენებას ითხოვს, თუმცა რუსეთის რაგბის კავშირი მათ მუდარას ჩირადაც არ აგდებს.
კინგსლი ჯოუნზის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მწვავე მას შემდეგ გახდა, რაც რუსებმა თბილისში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:46 წააგეს.
ასე სამარცხვინოდ მათ საქართველოს ნაკრებთან აქამდე არ წაუგიათ და დამნაშავე ვინ არის? ცხადია, გუნდის მთავარი მწვრთნელი. არადა, ჯოუნზი თამაშამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რუსეთის ნაკრები ჯერ მზად არ არის, საქართველოს ეროვნულ გუნდს მოუგოსო.
მოკლედ, როგორც უნდა იყოს, რუსებთან კიდევ ერთი დაძაბული მატჩის გადატანა მოგვიწევს. შეხვედრა 23 თებერვალს სოჭში გაიმართება, სადაც "ბორჯღალოსნებმა" შარშან ერთხელ უკვე ითამაშეს და მეტოქეს მორიგი მარცხი აგემეს.
ქართველი მორაგბეების გარეშე ვერც რუსთა მთავარი გუნდი ახერხებს არსებობას. ნოემბრის ტესტებზე ამ ქვეყნის ნაკრებში პირველხაზელმა ძმებმა, ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებმა ითამაშეს.
პორტუგალიელი ლობუშები
წლევანდელ სეზონში ერთობ უფერულად გამოიყურებოდა პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელიც ერთა თასზე მეხუთე ადგილს დასჯერდა. ეს, ერთი მხრივ, გასაგებიცაა, "ლობუშების" შემადგენლობაში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გუნდში ძველი და კარგად ნაცადი მორაგბეც უხვადაა.
პორტუგალიის ნაკრები ერთადერთი გუნდია ერთა თასზე, რომლის შემადგენლობაშიც ქართველ მორაგბეს არ უთამაშია. ლუზიტანელები ამას არც აპირებენ, მით უფრო, რომ ფრანგულ კლუბებში უკვე ბევრი იქაური მორაგბე თამაშობს.
"ლობუშებმა" ნოემბრის ტესტებზე სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურეს. იქ მათ ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებებს სძლიეს, რითაც ახალზელანდიელი მწვრთნელის, ეროლ ბრაიანის პოზიციები საგრძნობლად გაამყარა. რამდენად სწორია მის მიერ აღებული კურსი, მალე გამოჩნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს სოჭში შეებრძოლებიან