მუდამ თავმდაბალი, უპრეტენზიოდ ასრულებს მწვრთნელების მითითებას. უბრალო და უშუალო ურთიერთობაში, რადიკალურად უკომპრომისო და დაუნდობელია თამაშისას.
მისი ყველაზე გამოკვეთილი დადებითი თვისებები დაცვაში შესანიშნავი თამაში და შერკინებაში შეუდრეკელი დგომაა.
ხინჩაგიშვილი, ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ბრივში" თამაშობს, რომელიც პირველი დივიზიონიდან შარშან დაქვეითდა.
თუმცა ცოტა ხნის წინათ ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი სეზონიდან პირველდივიზიონელ "მეტრო რასინგში" გადაბარგდება. დათოს საფრანგეთში დავუკავშირდით და საუბარი სწორედ ამ ტრანსფერის თემით დავიწყეთ.
- "მეტრო
ერთ-ერთი მათგანი ასაკოვანი იყო და, ფაქტობრივად, თამაშიც არ უწევდა, მაგრამ კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი უნდა ყოფილიყო გუნდში. ამიტომ, მითხრეს, ეს სეზონი "ბრივში" ითამაშე და მომავალი წლისთვის აუცილებლად აგიყვანთო.
ასეც მოვიქეცი და დიდი ხანი არ არის, რაც "მეტრო რასინგთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ასე რომ, მომავალი სეზონიდან ისევ პირველ დივიზიონში ვითამაშებ.
- ახლა შუა სეზონია. რა მდგომარეობაშია ამჟამად "ბრივი", შეძლებს ის ელიტაში დაბრუნებას?
- ელიტაში დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. მეორე წრეში ცოტა გაგვიჭირდა, მარტო ჩვენ არა, ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი მიზანია, სულ მცირე, მესამე ადგილზე გავიდეთ, რათა პლეი ოფში შინ ვითამაშოთ. რატომაც არა, კარგი გუნდი გვყავს თუ თამაშის ეს დონე შევინარჩუნეთ, ყველაფერი შესაძლებელია.
- შარშან პირველი დივიზიონის დატოვების შემდეგ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. მეორე დივიზიონში გადაბარგების გამო პირობები ხომ არ გაუარესებულა?
- არა, კლუბის ბიუჯეტი მცირედით კი შემცირდა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მოთამაშეთა ხელფასებზე.
შარშან წლიური ბიუჯეტი 13 მილიონი ევრო იყო, ახლა 9 მილიონია და ამ მაჩვენებლით მეორე დივიზიონში მეორე ადგილზე ვართ.
ჩვენზე მეტი მხოლოდ "ლიონს" აქვს. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემები არ შეგვქმნია. აი, წლეულს თუ პირველ დივიზიონში დაბრუნება ვერ შევძელით, მომავალი სეზონისთვის კლუბის ხელმძღვანელებს ამოდენა თანხის მოზიდვა ძალიან გაუჭირდებათ.
- "ბრივი" ერთ-ერთი უძველესი, მდიდარი ტრადიციების გუნდია. წესით, ის ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს...
- გეთანხმებით, "ბრივს" მართლაც დიდი ტრადიციები და დიდი ისტორია გააჩნია. მის ტიტულებში "ჰაინეკენის თასის" მფლობელობაც კია.
ბრივიდან ორასი კილომეტრის რადიუსში მასზე დიდი სარაგბო კლუბი არ არის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის წამყვანი გუნდია.
რაგბი ძალიან პოპულარულია და რეგიონში სხვა სახეობებს, ფეხბურთს, კალათბურთს არც მისდევენ. სამწუხაროდ, დიდი ფინანსების მოზიდვა უჭირთ, რადგან ბრივი ინდუსტრიული ცენტრი არ არის. აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული.
რამდენიმე წლის წინათ, როცა "ბრივში" გადმოვედი, ძალიან კარგი გუნდი შეკრიბეს. მაღალი დონის მორაგბეები მოიწვიეს. გუნდების სიებისთვის რომ გადაგეხედათ, ჩვენზე სოლიდურად მხოლოდ "ტულუზი" გამოიყურებოდა.
მაგრამ, სამწუხაროდ, მწვრთნელი გვყავდა სუსტი. ვერაფრით შეძლო თამაშის დალაგება. პირველი დივიზიონი რომ დავტოვეთ, ყველა, ვინც "ბრივს" გამოეთხოვა, საფრანგეთის წამყვან გუნდებში გადავიდა.
- ბოლო მატჩებში არ გითამაშიათ, რა არის ამის მიზეზი?
- მხარი მქონდა დაშავებული. ახლა ყველაფერი წესრიგშია. ვარჯიში ერთი კვირაა, რაც დავიწყე და მომავალ უქმეებზე ვითამაშებ კიდეც.
- "ბრივში" თქვენ გარდა კიდევ ორი ქართველი, ირაკლი ნატრიაშვილი და გოდერძი შველიძე თამაშობს. დიდხანს აპირებენ ამ გუნდში დარჩენას?
- დარჩება თუ არა ირაკლი "ბრივში", ძნელი სათქმელია. მას სოლიდურ ინგლისურ გუნდში თამაშის შანსი გაუჩნდა და თუ გამოუვიდა იქ გადასვლა, ძალიან კარგი იქნება. გოდერძის კი უკვე შესთავაზეს "ბრივის" ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი წლით დარჩენა და მომავალი კვირის ბოლოს კონტრაქტის პირობებზე მოილაპარაკებენ.
- როგორ ხედავთ, თქვენს კარიერას მომავალ გუნდში, პარიზულ "მეტრო რასინგში"?
- გუნდს რომ იცვლი, ერთი მხრივ ცუდია. ერთსა და იმავე გუნდში რამდენიმე წელიწადი რომ თამაშობ, თავს დაცულად გრძნობ, გუნდში შენი ადგილი გაქვს. ახალ გუნდში რომ მიდიხარ, ყველაფერი თავიდან გაქვს დასაწყები, კვლავ უნდა დაამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ხარ.
"მეტრო რასინგში" რომ გადავალ ჩემს პოზიციაზე სამი-ოთხი ერთმანეთზე უკეთესი მოთამაშე დამხვდება. დიდი კონკურენციაა. ამას რომ გაუძლო და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვო, მეტი გარჯა, მეტი მონდომება იქნება საჭირო.
ამ მხრივ კარგია, რადგან ამას პროგრესი მოჰყვება. ამის დასტურად ვასილ კაკოვინის მაგალითი შეიძლება მოვიყვანო. ის "ბრივიდან" "ტულუზში" გადავიდა და სწორადაც მოიქცა. აქ რომ დარჩენილიყო, პროგრესი არ ექნებოდა.
იმ გუნდში კი, სადაც ლამის ყველა მორაგბე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მეტი შრომა დასჭირდა საკუთარ თავზე და შედეგიც აშკარაა.
- მოდით, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. ნოემბერში ჩვენმა გუნდმა ორი ტესტმატჩი ითამაშა და ორივეში დამარცხდა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?
- მარცხი, ცხადია, კარგი არ არის, მაგრამ თვითონ ასეთი მაღალი დონის გუნდებთან თამაშის ფაქტს პოზიტიურად ვაფასებ.
მეტსაც გეტყვით, იაპონიის ნაკრებთან ჩვენ მსაჯმა წაგვაგებინა. მან რამდენჯერმე არ დააჯარიმა იაპონელები შერკინებისას. ხოლო, რაც მატჩის ბოლო წამებზე მოხდა, იმის ახსნა უკვე შეუძლებელია.
ასეთი მაღალი დონის გუნდებს ხშირად უნდა ვეთამაშოთ, რათა მივეჩვიოთ თუნდაც იმ ტემპს, რომელშიც ისინი თამაშობენ.
ასეთ გუნდებთან თამაშისას უფრო ხედავ საკუთარ ნაკლოვანებებს, შეცდომებს, აფიქსირებ რა გაკლდა გამარჯვების მოპოვებისთვის.
იმედი მაქვს, რომ მწვრთნელები ყოველივეს სერიოზულ ანალიზს გააკეთებენ და შეცდომებს გამოვასწორებთ. მით უფრო, რომ მიმაჩნია, ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლები საუკეთესოები არიან მათ შორის, ვინც აქამდე გვყოლია.
- მალე ევროპის ერთა თასის გათამაშება დაიწყება, რომელიც იმავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა...
- ევროპის ერთა თასს ყოველთვის ვიგებდით და ამჯერადაც მოვიგებთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ უბრალოდ მოგება საკმარისი არ იქნება.
ამ გათამაშებაში გამოჩნდება, მოახერხეს თუ არა ნაკრების მწვრთნელებმა თამაშის ახალი სისტემის დანერგვა, აქვს თუ არა გუნდს პროგრესი.
ვფიქრობ, რომ მეტოქეები უბრალოდ კი არ უნდა დავამარცხოთ, არამედ დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად და ლამაზი ბურთაობით უნდა ვძლიოთ. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება, მსოფლიოს თასზე ორი თამაშის მოგების პრეტენზია გვქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"