ახლახან ესპანეთის რაგბის კავშირის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია, დევიზით - "ესპანური რაგბის წარსული, აწმყო და მომავალი", სადაც სიტყვით "ლომების" თავკაცი ბრაის ბევინი გამოვიდა.
დარბაზში საკმაოდ მრავალფეროვან აუდიტორიას მოეყარა თავი. იქ იყვნენ ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ხუან ანტონიო ორენგა, მსოფლიოს ჩემპიონი ხორხე გარბახოსა, ლოს ანჯელესის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ფერნანდო რაომაი; ასევე, ჟურნალისტების ძალიან დიდი ჯგუფი, ყოფილი მორაგბეები, მწვრთნელები,
"ესპანეთში ოცი წლის წინათ, 1993 წელს ჩამოვედი. მაშინ ესპანეთის რაგბის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოვაწყვეთ, რომელსაც სულ სამი კაცი დაესწრო. დღეს კი პირთამდე სავსე დარბაზის წინაშე მომიწევს ლაპარაკი.
მაშინ ახალი ზელანდიიდან ვიდეოკასეტებით სავსე ჩანთა ჩამოვიტანე, რათა მესწავლებინა რაგბის თამაში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და მათ შორის ნიჭიერი სპორტსმენები აღმომეჩინა. ამჟამად ესპანეთში ბევრი სარაგბო კლუბია, რომლებსაც საბავშვო სკოლებიც აქვს, რაგბის თამაშობენ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
ამჟამად ესპანეთში 15 ათასი ლიცენზირებული მორაგბე გვყავს. მათთან ერთად ბავშვების უდიდესი რაოდენობაა დაკავებული სპორტის ამ სახეობით. ჩვენი მიზანია, მესამე დონის ქვეყნებიდან მეორეში უახლოეს მომავალში გადავბარგდეთ.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში ამჟამად მე-18 ადგილზეა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2015 წლის მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე თამაშის უფლების მისაღებად არ ვიბრძოლებთ.
ყველანაირად ვეცდებით, რომ 1999 წელს მიღწეული შედეგი გავიმეოროთ. თუმცა მაშინ მსოფლიოს თასზე 24 გუნდი ასპარეზობდა. ამჟამად მათი რიცხვი ოცამდეა შემცირებული, რაც მდგომარეობას საგრძნობლად გვირთულებს.
ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ ნოემბერში აფრიკულ ტურნეში. იქ ნამიბიისა და ზიმბაბვეს ნაკრებები დავამარცხეთ და, ისედაც, შარშანდელი სეზონი შესანიშნავი გვქონდა. ვეცდებით, აკრეფილი სიჩქარე არ შევანელოთ", - თქვა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ბრაის ბევინმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"