მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა გააცხადა - ირაკლი აბუსერიძე კვლავ ნაკრებს მიღმაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც იმავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, 2 თებერვლიდან ჩაერთვება.

"ბორჯღალოსნები" სტუმრად, ბრიუსელში შეჯიბრების დებიუტანტს, ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ერთი კვირის თავზე კი თბილისში ჩვენი გუნდი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 29 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 27 იანვრიდან საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში საწვრთნელ შეკრებაზე ჩავლენ.

სავარაუდოდ, სწორედ ამ კონტინგენტით აპირებს ჰეიგი საწყის ორ მატჩში ასპარეზობას.

ნაკრების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გამოძახებულთა შორის არ არის გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე
(ოსერი).

ცხრა ნომრის პოზიციაზე ჰეიგმა გიორგი ბეგაძესთან (ბათუმი) ერთად ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ვაჟა ხუციშვილს (ხარები) უხმო.

ამასთან ერთად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება გუნდის კაპიტანი. მისი ვინაობა სავარაუდოდ ფრანგული შეკრების დროს გაირკვევა.

პირველ ხაზში ნოემბრის ტესტებთან შედარებით ერთი ცვლილებაა. შერკინების კვაჭის ირაკლი ნატრიაშვილის (ბრივი) ნაცვლად ლელოელი რეზო ბელქანია გამოიძახეს.

ასევე, ტრავმა მოიშუშა და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი (ტულუზი).

უცნაურად შეიძლება მივიჩნიოთ მეორე ხაზში ლევან დათუნაშვილის (ორიაკი) არგამოძახება. ამ რგოლში გამოცდილ ვახტანგ მაისურაძესთან (ალბი) და გიორგი ჩხაიძესთან (ტარბი) ერთად ჰეიგმა ახალგაზრდები კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) და ლაშა ლომიძე (მონპელიე) იხმო.

მიქაუტაძემ ნოემბერში ფიჯის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. იმ შემადგენლობიდან ამჯერად გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდა გიორგი ნემსაძეც (ტარბი).

მესამე ხაზში ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდა დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი). მწყობრში არიან მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) და შალვა სუთიაშვილი (მასი). ჰეიგმა ერთი ახალგაზრდა ამ რგოლშიც გაურია, ეს არმიელი ბექა ბიწაძეა.

ცხრა ნომრებზე უკვე ვთქვით. უკნა ხაზში კვლავ არ არის გამოძახებულთა სიაში ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე). იმ შემადგენლობას კი, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე ითამაშა ჰეიგმა შუამარბი თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გარემარბი გიორგი ფრუიძე (აია) და ფულბეკი ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) დაამატა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლელო), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

ერთა თასი 2013
I ტური
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
პორტუგალია-რუმინეთი
რუსეთი-ესპანეთი

II ტური
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი

III ტური
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმიენთი
პორტუგალია-ბელგია

IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

V ტური

16 მარტი

რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პოტუგალია
რუსეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება თუ ამ სპორტის შესახებ უფრო მეტს დაწერთ და სხვა კლუბებსაც გაგვაცნობდით. ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ. ყოველთვის მახარებს ქართველების წარმატებები.
cicqna
14:12 20-01-2013
0

სიახლეები პოპულარული