ლეგიონი: ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" ტური მარცხით გახსნა

AutoSharing Option
ევროთასების ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურით გამოწვეული შესვენების შემდეგ განახლდა შეჯიბრება საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში.

მე-16 ტური ქართველი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" მატჩით გაიხსნა, რომელიც ლიდერთა შორისაა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. მის გარდა მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას კიდევ ოთხი "ქართული გუნდი" ცდილობს.

კასტრელებმა მე-16 ტურის მატჩი სტუმრად გამართეს ბასკურ "ბაიონთან" და 12:22 წააგეს. ანტონ ფეიქრიშვილის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა მეტნაკლებად პირველ ნახევარში გაუწია, თუმცა ოთხი ქულით მაინც დამარცხდა - 16:12.

შესვენების შემდეგ "კასტრმა" მონაგარს ვეღარაფერი შემატა. ბასკებმა კი კიდევ
ორი საჯარიმოს გატანა შეძლეს.

ჩვენებურის გუნდს ახლა 44 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

გათამაშების ლიდერი57 ქულით დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონია", რომელიც მე-16 ტურში შინ ეთამაშება აუტსაიდერს, თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანს".

ტულონელებს ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე აკლიათ, ესენია მეორეხაზელები, ინგლისელი საიმონ შოუ და სამხრეთაფრიკელი ბაკის ბოთა, არ ითამაშებს დავით ქუბრიაშვილიც.

საზარდულზე ოპერაცია გაიკეთა და ერთი კვირით დაისვენებს ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი.

ჩილაჩავა და მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის არიან, მჭედლიძე "მონ დე მარსანის" განაცხადში არ არის.

"ტულონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც სტუმრად ეთამაშება "პერპინიანს". საინტერესოა, ვინ შეძლებს წლეულს "ვულკანების" შეჩერებას.

"პერპინიანმა" "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პლეი ოფში გააღწია, თუმცა რანგით უფრო მაღალი დონის ტურნირში კლერმონელებმა იმავეს ტრიუმფალური სვლით მიაღწიეს.

თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელ ჩემპიონატში, პერპინიანში სტუმრობისას ჩვენებურთა გუნდმა დამაჯერებლად მოიგო - 39:3.

"კლერმონს" საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს, ტრავმირებულნი არიან დავით ზირაქაშვილი და ცხრა ნომერი მორგან პარა, პორტუგალიელი ჟულიენ ბარდი და ლი ბირნი კი თავიანთი ეროვნული ნაკრებების საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან.

"პერპინიანთან" არ ითამაშებს ვიქტორ კოლელიშვილიც. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდნენ ვესლი ფოფანა, სიტივენი სივივატუ და ტომას დომინგო.

"კლერმონს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონი, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი", რომელიც შინ ეთამაშება ბასკურ "ბიარიცს".

ტულუზელები "ჰეინეკენის თასის" გათამაშებას გამოეთიშნენ და ახლა მთელ ყურადღებას ტიტულის დაცვაზე გადაიტანენ.

ჩვენებურთა გუნდს მიმდინარე სეზონში შინ არ წაუგია. "ბიარიცს" სტუმრად "ტულუზისთვის" ბოლო ათწლეულში ერთხელაც არ მოუგია.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცუდი სტარტის შემდეგ, ბასკებმა თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესეს, ზედიზედ ოთხი თამაში მოგეს, 36 ქულა დააგროვეს და ახლა მეშვიდე ადგილზე არიან, რაც საშუალებას აძლევთ პლი ოფში გასვლისთვის იბრძოლონ.

კაკოვინი ტრავმირებულია და არ ითამაშებს, განაცხადში არ არის ბრეგვაძეც.

"ბიარიცს" ხუთი ქულით უსწრებს და მე-6 ადგილზეა მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე", რომელიც სტუმრად ეთამაშება ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე მყოფ "აჟენს".

მონპელიელებს ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებათ, რათა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

გუნდში დაბრუნდნენ ტრავმამოშუშებული მარტინ ბუსტოს მოიანო და ჟულიენ ტომა.

დაშავებულნი არიან და არ ითამაშებენ გიორგი ჟღენტი და გუნდის კაპიტანი ფლუჟანს უოდრაოგო, ამ უკანასკნელის მოვალეობას ისევ გორგოძე შეასრულებს, ძირითად შემადგენლობაშია ნარიაშვილიც.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელიც 32 ქულით მე-10 ადგილზეა, შინ ეთამაშება გათამაშების დებიუტანტ "გრენობლს". ეს გუნდები მიმდინარე სეზონში სამჯერ უკვე ეთამაშნენ ერთმანეთს, აქედან ორჯერ "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში. ჟვანია განაცხადში არ არის.

I დივიზიონი
XVI ტური
ბაიონი-კასტრი 22:12, პერპინაინი-კლემონი, სტად ფრანსე-გრენობლი, აჟენი-მონპელიე, ტულონი-მონ დე მარსანი, ბორდო-მეტრო რასინგი, ტულუზი-ბიარიცი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 57 ქულა, 2. კლერმონი - 53, 3. ტულუზი - 50, 4. კასტრი - 44, 5. გრენობლი - 42, 6. მონპელიე - 41, 7. ბიარიცი - 36, 8. მეტრო რასინგი - 34, 9. პერპინიანი - 34, 10. სტად ფრანსე - 32, 11. ბაიონი - 30, 12. ბორდო - 18, 13. აჟენი - 18, 14. მონ დე მარსანი - 8.

ელიტურ, მეორე დივიზიონში XIX ტურის წინ მოწინავე ხუთეულში, ქართველ მორაგებთა ორი გუნდი დარჩა "ორიაკი" და "ბრივი". თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს კიდევ სამი, "ტარბი", "ლიონი" და "ალბი" ინარჩუნებს.

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო სატურნირო მდგომარეობა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკს" აქვს, რომელმაც 57 ქულა დააგროვა და ახლა მეორე ადგილზეა.

ორიაკელები მე-9 ტურში სტუმრად ეთამაშებიან გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბს".

მატჩში, სავარაუდოდ, ნემსაძის გარდა, რომელიც ტრავმირებულია, ყველა ქართველი ითამაშებს.

ტარბელებს 47 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან. გამარჯვების შემთხვევაში ისინი დაწინაურებულებს საგრძნობლად დაუახლოვდებიან, "ორიაკი" კი, სავარაუდოდ, ორი საფეხურით დაქვეითდება.

ორიაკელებს ექვსი ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილზეა გოდერძი შველიძის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი", რომელსაც რთული მატჩი ელის სტუმრად "ნარვბონთან".

ბრიველები, რომლებიც ელიტური, პირველი დივიზიონიდან შარშან ჩამოქვეითდნენ, წლეულს არასტაბილურად თამაშობენ.

ამ გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა და მომავალი სეზონიდან ითამაშებს ტარბელი კარლენ ასეიშვილი. შესაძლოა, მის კვალს გაჰყვეს გიორგი ნაცარაშვილიც.

გურამ კავთიძის "ლიონი", რომელიც სეზონის წინ, ყველასთვის ძალზედ სახიფათო გუნდად ჩანდა, 44 ქულით მე-8 ადგილზეა. თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსი მაინც აქვს. ლიონელები შინ ეთამაშებიან ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, კახა კობერიძისა და ვახტანგ ახობაძის "ალბის", რომელიც "ლიონს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა.

სამწუხაროდ, სატურნირო ცხრილის ბოლო სამი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "დაქსს", "ბეზიეს" და "მასის" უკავიათ.

მე-19 ტურში ერთმანეთთან ურთიერთობას, სწორედ ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" და შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასი" გაარკვევენ.

პარიზელები, რომლებიც ბოლო ადგილზე იმყოფებიან და სტუმრად თამაშობენ, წაგების შემთხვევაში საბოლოოდ გადაიწურავენ იმედს, სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიონ.

ორივე გუნდზე შედარებით უკეთესი მდგომაროება აქვს ტარიელ რატიანიძის "დაქსს", რომელიც 28 ქულით მე-14 ადგილზეა და სტუმრად ეთამაშება "კოლომიეს".

II დივიზიონი
XIX ტური
ოში-ლა როშელი, კოლომიე-დაქსი, ოიონაქსი-ექსი, კარკასონი-პო, ლიონი-ალბი, ნარბონი-ბრივი, ბეზიე-მასი, ტარბი-ორიაკი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 73 ქულა, 2. ორიაკი - 57, 3. პო - 56, 4. ლა როშელი - 54, 5. ბრივი - 51, 6. კარკასონი - 48, 7. ტარბი - 47, 8. ლიონი - 44, 9. ალბი - 39, 10. ნარბონი - 36, 11. კოლომიე - 35, 12. ოში - 32, 13. ექსი - 29, 14. დაქსი - 28, 15. ბეზიე - 21, 16. მასი - 18.

* * *

"კელტთა ლიგაში", სადაც 14 ტურია გამართული, წარუმატებლად ასპარეზობს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი".

ეს შოტლანდიური გუნდი შარშანდელთან შედარებით უაღრესად ცუდად ასპარეზობს. თავად განსაჯეთ, ედინბურგელებმა ერთი წლის წინათ "ჰაინეკენის თასზე" ნახევარფინალში გააღწიეს, წლეულს კი ჯგუფურ ტურნირში ექვსი თამაშიდან ექვსივე წააგეს.

"კელტთა ლიგაში" შარშან ლიდერთა შორის იყვნენ, ამჟამად კი 22 ქულით, 12 გუნდში მე-9 ადგილზე არიან.

"ედინბურგი" მომდევნო ტურში სტუმრად ეთამაშება ირლანდიურ "მანსტერს" და, სავარაუდოდ, ამ მატჩშიც დამარცხდება.

გათამაშებას კი დამაჯერებლად ლიდერობს ირლანდიური "ალსტერი", რომელსაც 52 ქულა აქვს და 11 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან შოტლანდიურ "გლაზგოს", რომლის ბრწყინვალე ასპარეზობაც იმდენად მოულოდნელია, რამდენადაც "ედინბურგის" ჩავარდნა.

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ედინბურგი სარაგბო ქალაქია, გლაზგო კი საფეხბურთო. ამიტომ ედინბურგელი მორაგბეები "იერარქიაში" მუდამ გლაზგოელებზე მაღლა იდგნენ.

ძნელი სათქმელია, ეს შოტლანდიური რაგბის კრიზისზე მიანიშნებს, თუ პირიქით. ამაზე პასუხს, ალბათ, ექვსი ერის მომავალი გათამაშება გაგვცემს, რომელიც სტარტს 2 თებერვალს აიღებს.

კელტთა ლიგა
XIV ტური
მანსტერი-ედინბურგი, კარდიფი-ლენსტერი, ჰლანეჰლი-ქონოთი, ნიუპოტი-ბენეტონი, ალსტერი-ოსფრიზი, ზებრე-გლაზგო.
სატურნირო მდგომაროება
1. ალსტერი - 52 ქულა, 2. გლაზგო - 41, 3. ლენსტერი - 40, 4. ჰლანეჰლი - 38, 5. მანსტერი - 37, 6. ოსფრიზი - 35, 7. კარდიფი - 28, 8. ბენეტონი - 27, 9. ედინბურგი - 22, 10. ქონოთი - 20, 11. ნიუპორტი - 14, 12. ზებრე - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული