"ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმებიან, რომელიც, ამავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა. შეჯიბრება მომავალ უქმეებზე დაიწყება.
ოდნავ მოგვიანებით საქართველოს ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპიც განახლდება.
საქართველოს რაგბის კავშირი ახალ სეზონს რამდენიმე სიახლითა და ძველი პრობლემებით ხვდება.
ახლახან ქართული რაგბის ხელმძღვანელები ვიზიტით დუბლინში, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საჭირბოროტო საკითხი განიხილეს და, რაც მთავარია, დადებითად გადაწყვიტეს ის.
იმ სიახლეებზე, რაც ამ ვიზიტს მოჰყვება და დღემდე გადაუჭრელ პრობლემებზე საქართველოს
- სანამ დუბლინში გავემგზავრებოდით, შევიტყვეთ, რომ IRB-ის აღმასკომმა განვითარებული რაგბის კავშირების რიგებში საქართველოს შეყვანა გადაწყვიტა.
თუმცა აქ ერთი პირობაა - ამ სტატუსს ატარებ მანამ, სანამ მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე ხარ. მეორენაირად, თუ 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზური ვერ მოვიპოვეთ, უმაღლესი რანგის ქვეყნებს შორის ყოფნის უფლებას დავკარგავთ.
- რა სიკეთე მოაქვს ჩვენი რაგბის კავშირისთვის უმაღლესი რანგის სტატუსის მინიჭებას?
- ამის შედეგად გაიზრდება IRB-დან რაგბის კავშირის დაფინანსება. თუ აქამდე გრანტის სახით 300 ათას გირვანქა სტერლინგს ვიღებდით, ამიერიდან 450 ათას გირვანქას მივიღებთ.
- ცნობილია, რომ ეს თანხა გრანტის სახით გამოიყოფა და ის მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. რას მოხმარდება გაზრდილი დაფინანსება?
- დიახ, თანხა მიზნობრივია და რაგბის საერთაშორისო საბჭომ თავად განგვისაზღვრა მისი დასახარჯი მიმართულებები. ამ ფულით უკვე ჩამოვიყვანეთ ფიზმომზადების ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში "შევარდენის სარაგბო აკადემიაში" იმუშავებს. ის ასაკობრივ ნაკრებებს გაწვრთნის, პარალელურად თავის ცოდნას გადასცემს სპეციალურად შერჩეულ მწვრთნელთა ჯგუფს.
ამავე თანხით უნდა ჩამოვიყვანოთ ფიზიოთერაპევტი. ეს დარგი საქართველოში ჩავარდნილია.
სპეციალისტს თავად რაგბის საერთაშორისო საბჭო შეგვირჩევს. ისიც "შევარდენის სარაგბო აკადემიაში" იმუშავებს და იმავე ფუნქციებით იქნება დატვირთული.
განზრახული გვაქვს უცხოელი მსაჯების საქართველოში მოწვევა. ჩემპიონატის მეორე ეტაპის განახლებისთანავე გვეწვევა ახალზელანდიელი მსაჯი, რომელიც სეზონის დასრულებამდე დარჩება საქართველოში.
ამის შემდეგ IRB და ირლანდიის რაგბის კავშირი ერთობლივად დაგვეხმარებიან მსაჯთა განვითარების პროგრამის განხორციელებაში.
ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში ათ-ათი დღით ჩამოვა ექვსი ერის ქვეყნების ორ-ორი მსაჯი, რომლებიც მატჩების განსჯასთან ერთად, ადგილობრივ არბიტრებს სემინარებს ჩაუტარებენ. ეს ხარჯებიც ამ გაზრდილი დაფინანსებიდან უნდა გავიღოთ.
ამასთან ერთად, უნდა შევიძინოთ ულტრათანამედროვე ვიდეოანალიზისა და მოთამაშეთა საინფორმაციო ბაზის მართვის პროგრამები. ეს უკანასკნელი საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვაკონტროლოთ დაახლოებით 250 ახალგაზრდა მოთამაშის მდგომარეობა, მათი ფიზიკური კონდიციები, უნარ-ჩვევები, პროგრესი ან რეგრესი.
დავიქირავებთ ვიდეოანალიზის სპეციალისტს. ასევე, ამ გრანტის მეშვეობით შეგვეძლება, მოკლევადიანი ვიზიტით მოვიწვიოთ სპეციფიკური მიმართულების მწვრთნელები, მაგალითად - ფეხით თამაშის, დერეფანში თამაშისა და სხვადასხვა პოზიციის სპეციალისტები.
IRB-მ გამოგვიყო დამატებითი თანხა - 250 ათასი გირვანქა სტერლინგი, რომლითაც მარტყოფის სარაგბო ბაზისთვის ხელოვნურსაფარიან მოედანს შევიძენთ.
- დიდი ხანია, ლაპარაკობენ თბილისში საერთაშორისო ტურნირის გამართვის შესახებ...
- თბილისში ტურნირის გამართვა უკვე გადაწყვეტილია. ამ შეჯიბრებას "თბილისის თასი" დაერქმევა და ის ტრადიციულად, ყოველი წლის ივნისში გაიმართება. წლეულს ტურნირი სტარტს 7 ივნისს აიღებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ჯერ მხოლოდ ორია ცნობილი. ირლანდიისა და იტალიის A ნაკრებები აუცილებლად გვეწვევიან, მესამე გუნდს კი IRB მოგვიანებით შეარჩევს.
ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო IRB-ის რეგულირების მე-11 პუნქტში შეტანილი ცვლილება, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით მოხდა. აქამდე ნაკრებ გუნდებს მხოლოდ ერთი სპონსორის ლოგოს განთავსების უფლება ჰქონდათ.
ჩვენ წინადადებით მივმართეთ - მოეცათ სპონსორების რიცხვის გაზრდის უფლება. IRB-მ ინიციატივა განიხილა და გადაწყვიტა - გუნდებს ნება დართოს, სათამაშო ფორმაზე ექვს ადგილას განათავსოს სპონსორის ლოგო. ეს რეგულაცია არ ეხება მსოფლიოს თასის გათამაშებას.
იქ სპონსორის რეკლამა მხოლოდ სავარჯიშო ფორმაზეა ნებადართული. ეს ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი სპონსორი მოვიზიდოთ.
- ივნისის ტურნირის გარდა, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, თუმცა თქვენ მესამეს ჩატარებაც მოითხოვეთ...
- მინდა გამოვეხმაურო "თბილისის ფორუმზე" მწერალ რაგბის ქომაგებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ჩვენი ნაკრების ტესტ-მატჩების რაოდენობითა და მეტოქეთა ხარისხით.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაკრებებს, რომლებსაც, სხვათა შორის, ნოემბერში თბილისში ვუმასპინძლებთ, აქამდე არ ჰქონდათ რეგიონული ტურნირი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩვენი ერთა თასია.
ისინი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ ტესტებს და მერე "ჩერჩილის თასზე" წამყვანი სარაგბო ქვეყნების A ნაკრებებს ეპაექრებოდნენ.
ეს ტურნირი IRB-მ გააუქმა და კანადისა და აშშ-ის ნაკრებები "წყნარი ოკეანის ერთა თასზე" დაუშვა. ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, გეოგრაფიული პრინციპითაა განპირობებული.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით გამართული ტურნირების ხარჯებს ეს ორგანიზაცია თავად ფარავს და ამიტომ ამ ორი ქვეყნის "წყნარი ოკეანის ერთა თასზე" დაშვება მისთვის ფინანსურად ხელსაყრელია.
ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება. ზაფხულში გავემგზავრებით არგენტინაში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ. ნოემბერში გვექნება სამი ტესტ-მატჩი მაღალი დონის გუნდებთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი რაგბის პროგრესისთვის ეს ძალიან კარგია.
ამასთან ერთად, მაისში ჩამოდის სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელსაც ზე რაგბის გათამაშებაში ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს. "ლაიონზს" საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეთა ნაკრებს დავუპირისპირებთ.
- ირლანდიაში Emerelad Cultural Institute-თან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ. რამდენად ნაყოფიერი გახდება ის სამომავლოდ?
- Emerelad Cultural Institute განათლების სფეროში საქმიანობს. მისი ინიციატივით, ირლანდიის ექვსი თუ შვიდი კოლეჯი დავათვალიერეთ, სადაც სწავლა და რაგბი უმაღლეს დონეზეა.
ჩვენი ურთიერთობის პირველი შედეგი ის იქნება, რომ ოქტომბერში St.Michael's College-ის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები გვეწვევა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება. ჩვენი გუნდისთვის ეს შესანიშნავი საკონტროლო მატჩი იქნება ევროპის ჩემპიონატის წინ.
გარდა ამისა, თუ შევძლებთ სპონსორის მოძიებას, გვინდა, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ამ კოლეჯში ორი კვირით მივავლინოთ.
მორაგბეები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "ლენსტერის" მწვრთნელების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ.
ცხადია, გუნდთან ერთად გაემგზავრებიან მწვრთნელებიც, რომლებიც დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ. ჩვენი 15-წლამდელთა ნაკრები იქვე ორ მატჩს გამართავს თანატოლთა გუნდებთან.
- ეროვნულ ნაკრებს საკუთარი მოედანი არ აქვს. სად უნდა ითამაშონ "ბორჯღალოსნებმა"?
- თბილისში სულ ორი სტადიონია - მიხეილ მესხის სახელობის და "დინამო არენა". ჩვენ გადავუგზავნეთ ნაკრების თამაშების კალენდარი ფეხბურთის ფედერაციას და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი და ფეხბურთის მატჩების უმრავლესობა ერთმანეთს ემთხვევა.
ჯერჯერობით გადაწყვეტილია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ სამ მატჩს: 9 თებერვალს პორტუგალიასთან და ორ ტესტს ნოემბერში.
9 მარტს, როცა ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება და "დინამო არენა" დაკავებულია.
ამიტომ იძულებულნი ვართ, ეს შეხვედრა ავჭალის სტადიონზე გავმართოთ. რუსთავის სტადიონი უფრო მეტ მაყურებელს იტევს, მაგრამ იქ მინდორი ჯერ ისევ არ არის სათანადო მდგომარეობაში.
პრობლემები გვაქვს ივნისის ტურნირთან დაკავშირებით. 11 და 16 ივნისს "დინამო არენა" თავისუფალია, მაგრამ სტადიონის დირექციის თხოვნით, იქ დღეში მხოლოდ თითო მატჩის გამართვაა შესაძლებელი. პირველი ტურის მატჩებს კი სად ვითამაშებთ, წარმოდგენა არ მაქვს.
ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ჩვენი აღიარება მრავალ დეტალთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ქვეყანაში რაგბის პოპულარობასთანაც.
საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენი ნაკრების თამაშზე თბილისში 18 ათასი მაყურებელი დადის. ამ მაჩვენებლის ორ ათასამდე ჩამოვარდნას, ცხადია, კარგი რეაქცია არ მოჰყვება.
არაფერს ვამბობ იმ გულშემატკივრებზე, რომლებიც საყვარელ გუნდს უშუალოდ სტადიონზე ვერ უქომაგებენ და ამ სიამოვნებას მოვაკლებთ.
გამოსავალი არის ერთი - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უნდა აუშენონ 25-30-ათასიანი სტადიონი.
საქართველოში არ მეგულება არავინ, ვინც იტყვის, რომ ქართული რაგბის თემმა ეს არ დაიმსახურა. უფრო მეტიც, თუ ეროვნულ ნაკრებს თავისი სტადიონი არ ექნება, ქართული რაგბი ვერ განვითარდება. ეს არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხი.
მინდა, რომ თავისი აზრი ამ საკითზე რაგბის ქომაგებმაც გამოთქვან. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი.
- ეროვნული ნაკრების მატჩებს საქართველოს ჩემპიონატის განახლებაც მოჰყვება. რა მდგომარეობაში არიან დღეს ქართული კლუბები?
- მდგომარეობა საგანგაშოა. უმაღლესი ლიგის ათი გუნდის ბიუჯეტი საშუალოდ 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე მერყეობს და ისიც სახელმწიფოს განვითარების პროგრამის მიხედვით გაცემული პრემიალური თანხებია.
გუნდები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. თუ ასე გაგრძელდა, მალე დაიწყება მასობრივი მიგრაცია. რაც ყველაზე სამწუხაროა, მორაგბეების უმრავლესობა მიაშურებს დაბალგანვითარებულ სარაგბო ქვეყნებს, სადაც ჩვენთან შედარებით გაცილებით მეტს გადაუხდიან.
ვითარების გაუმჯობესებისთვის საწყის ეტაპზე სასწრაფოდ მოსაზიდია 3 მილიონი ლარი, რომელსაც უმაღლესი ლიგის გუნდებს თანაბრად გავუნაწილებთ.
ეს თანხა, ცხადია, საკმარისი არ იქნება ფუფუნებაში საცხოვრებლად, თუმცა გუნდებს საშუალებას მისცემს, მორაგბეები შეინარჩუნონ. თუ კლუბები თავადაც მოიძიებენ სპონსორებს, ცხადია, ეს მათ პროგრესს შეუწყობს ხელს.
საერთოდ, სპონსორების მოძიება საქართველოში ძალიან გართულდა. რაგბის კავშირი სულაც ორი სპონსორის ამარა დარჩა. მინდა მივმართო იმათ, ვისაც ეს ხელეწიფება - მოგვეხმარეთ ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი აბუსერიძე კარიერას ასრულებს - ვინ უკაპიტნებს "ბორჯღალოსნებს"?