"ბორჯღალოსნები" ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ ტურში, "ეიზელზე" ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლებიც ტურნირის დებიუტანტები არიან.
ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გამგზავრების წინ საბრძოლო რაზმი დაასახელა.
ძირითად შემადგენლობაში ორი სიახლეა: გარემარბის პოზიციაზე ტრავმირებული ირაკლი მაჩხანელის (არმაზი) ნაცვლად ითამაშებს საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონ დე მარსანის" შუამარბი თამაზ მჭედლიძე, რომელიც ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.
მართალია, დებიუტანტი არ არის, მაგრამ ჰეიგმა პირველად ანდო ადგილი ძირითად
ცხრა ნომრის პოზიციაზე, რომელზეც აქამდე ირაკლი აბუსერიძე თამაშობდა, გიორგი ბეგაძე (ბათუმი) იასპარეზებს.
მისი დუბლიორი კი ახალგაზრდული ნაკრების წევრი, რუსთავის "ხარების" ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი იქნება, რომელიც ბელგიელებთან დაპირისპირებაში პირველ კეპს მოიხვეჭს.
კიდევ ერთი დებიუტანტია ქუთაისის "აიას" და ახალგაზრდული ნაკრების გარემარბი გიორგი ფრუიძე, რომელიც ჩვენი გუნდის სათადარიგოთა შორის იქნება.
ჩვენი ეროვნული გუნდი აბუსერიძის ნაკრებიდან წასვლის გამო უკაპიტნოდ იყო დარჩენილი.
მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ბელგიელებთან მატჩში გუნდს მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე (ტარბი) წარუძღვება.
მას მეორე ხაზში ტულონელი კონსტანტინე მიქაუტაძე შეუწყვილდება.
ყველაზე სოლიდურად მაინც მესამე ხაზი გამოიყურება. ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), მამუკა გორგოძე (მონპელიე) და დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი) - ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრების მესამე ხაზს 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ აღარ უთამაშია.
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურებში "მონპელიეს" შემადგენლობაში რეგულარულად უწევს თამაში პირველხაზელ მიხეილ ნარიაშვილს. სწორედ ამიტომ მან ჰეიგის ნდობაც დაიმსახურა და ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
გამოცდილი და მრავლისმნახველი დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი) კი სათადარიგოთა შორის იქნება.
პირველ ხაზში ნარიაშვილს პარტნიორობას შალვა მამუკაშვილი (არმია) და დავით ქუბრიაშვილი (ტულონი) გაუწევენ.
საბრძოლო რაზმში ტრავმის გამო ვერ მოხვდა მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ალბი); ასევე - გამოცდილი მოთამაშეები თედო ზიბზიბაძე (პერიგო) და ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
ამათ გარდა, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდა მორაგბეები ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) და თორნიკე ლომიძე (მონპელიე).
ამასობაში საქართველოს ნაკრებთან საბრძოლველად ემზადება ბელგიის ნაკრებიც, რომელსაც 2015 წლის მსოფლიოს თასის ვებგვერდმა www.rugbyworldcup.com-მა სპეციალური წერილი მიუძღვნა, სათაურით "ბელგიას ცეცხლში გამოწრთობა ელოდება".
პუბლიკაციაში ერთი უცნაური დეტალია: ბელგიელთა შოტლანდიური წარმოშობის ფრანგი თავკაცი რიჩარდ მაკლინტოკი ამბობს, რომ 2002 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა.
იმ პერიოდში ჩვენს ეროვნულ გუნდს ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი ჰყავდა, რომელიც, ცხადია, ფრანგ ასისტენტებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ რიჩარდ მაკლინტოკის შესახებ აქამდე არავის სმენია.
გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:
"შავი ეშმაკები" ევროპის ერთა თასზე წლეულს პირველად იასპარეზებენ. ცხადია, ბელგიელებისთვის ეს უდიდესი გამოცდილება იქნება, თუმცა ნოემბრის ტესტებზე ჰონკონგისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებში გამარჯვების შემდეგ, მათი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ მაკლინტოკი ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა კარგად ესმის, რომ პირველივე შეხვედრაში სულ სხვა, გაცილებით მაღალი დონის გუნდთან, საქართველოს ნაკრებთან უწევს თამაში.
"უწინარესად, ჩემმა მოთამაშეებმა იმაზე უნდა იზრუნონ, რომ კარგი გამოცდილება მიიღონ და სათამაშო დონე აიმაღლონ. ჩვენი მეტოქე გუნდების მორაგბეთა უმრავლესობა ხომ პროფესიონალია.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესია. მათ დიდი გამოცდილება აქვთ. 2002 წელს ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებს ვწვრთნიდი. ისინი ღირსეული კაცები არიან, უსაზღვროდ უყვართ სამშობლო და ყველა მატჩში თავდადებით, ბოლომდე იბრძვიან.
იმისთვის, რომ მათ კონკურენცია გაუწიო, ასეთივე თვისებებით უნდა იყო შემკული. ვეცდებით, მათ მივბაძოთ.
მოგებაზე არ ვფიქრობთ, ამაზე, უბრალოდ, არც ვოცნებობთ. სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ უშეღავათო ბრძოლა გვიწევს ადგილობრივ სპორტულ მედიასთან და სპონსორებთან.
ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ და მსოფლიოს რეიტინგში 58-ე ადგილიდან 21-ეზე გადავბარგდით.
მიუხედავად ამისა, პრესა არ ჩქარობს, მხარდაჭერა გამოგვიცხადოს და ჩვენს თავგადასავლებს მწირი მასშტაბებით აშუქებს. შესაბამისად, გვიჭირს სპონსორებთან ურთიერთობაც".
საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი ყოფილი მორაგბეა. "ბრიტანელი ლომების" ლეგენდარული შუამარბი ჯონ რაფაელი კი ბრიუსელში დაიბადა.
შეგახსენებთ, რომ თამაში ბრიუსელში 2 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
სამწუხაროდ, ბელგიის ტელევიზია მატჩის რეპორტაჟს არ გადასცემს, რის გამოც ტრანსლაციას ვერც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახერხებს.
საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი ფრუიძე.
ერთა თასი
I ტური
ბელგია-საქართველო
რუსეთი-ესპანეთი
პორტუგალია-რუმინეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი აბუსერიძე კარიერას ასრულებს - ვინ უკაპიტნებს "ბორჯღალოსნებს"?