ბელგია VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" "შავ ეშმაკებს" დააფრთხობენ

AutoSharing Option
2 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნები" ამ ქვეყნის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს ჩავიდნენ და 1 თებერვალს ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

ცოტა რამ ჩვენი მეტოქის, ბელგიის ნაკრებისა და იქაური რაგბის შესახებ. ამ ქვეყნის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი 1932 წლის 13 მარტს გამართა მეზობელი, ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეს გუნდები მხოლოდ ერთმანეთთან თამაშობდნენ. 1937 წელს ბელგიელებმა გერმანიისა
და იტალიის ნაკრებებთან ითამაშეს და ორივე მატჩში დამარცხდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბელგიელთა ასპარეზობის არეალი გაფართოვდა. მათ მეტოქეთა რიგებს დაემატნენ ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები. თუმცა დიდი მიღწევები "შავ ეშმაკებს" არ ჰქონიათ.

ბელგიური რაგბის აღმასვლა 2004 წლიდან დაიწყო. აქაური რაგბი ბოლო წლებში აშკარად პროგრესირებს.

ბელგიელებმა, როგორც ჩანს, სპორტის ამ სახეობის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს და მზერა, ისევე როგორც ჩვენ, საფრანგეთისკენ მიაპყრეს. იმ განსხვავებით, რომ იქაური მოთამაშეების ნატურალიზებას ეწევიან.

საგულისხმოა, რომ ბელგიელებმა განვითარებისთვის სწორი გეზი აიღეს. ჯერ ასაკობრივი ნაკრებების განვითარება დაიწყეს, რამდენიმე ტურნირს თვითონაც უმასპინძლეს. მათ ახალგაზრდულ ნაკრებებს სამი-ოთხი წელიწადი დასჭირდათ საიმისოდ, რომ რუმინელი და რუსი თანატოლები უკან მოეტოვებინათ.

რვა წლის წინათ ბელგიის ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში 55-ე ადგილზე იყო, ნელ-ნელა გუნდმა პროგრესის პარალელურად წინ წაიწია და წლეულს, ერთა თასის დაწყების წინ, 21-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდმა ერთა თასის ძველ ბინადარს პორტუგალიის ეროვნულ გუნდს გადაასწრო, რომელიც ამჟამად კლასიფიკაციაში 22-ეა.

საგულისხმოა, რომ ბელგიელებს ორი წელიწადია არ წაუგიათ. ერთა თასის B ჯგუფში მათ ათი თამაშიდან ათივე მოიგეს და ჩვენთან ხელმოცარული უკრაინის ნაკრები ჩაანაცვლეს.

"შავმა ეშმაკებმა" ნოემბერში დუბაიში ორი ტესტმატჩი გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს.

პირველ შეხვედრაში ბელგიელებმა ზიმბაბვეს ნაკრებს მოუგეს - 28:11, მერე კი ჰონგკონგი დაამარცხეს - 24:12.

ჩვენი დღევანდელი მეტოქის შოტლანდიური წარმოშობის ფრანგმა თავკაცმა რიჩარდ მაკლინტოკმა იმ 23 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

მათ შორის 14 ლეგიონერია, რომელთაგან 13 საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის გუნდებში ასპარეზობენ, ერთიც ავსტრალიური "მელბურნ ჰარლიქვინზის" წარმომადგენელია.

ცხადია, მათი სახელები არაფერს გვეუბნებიან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბელგიელებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ეცდებიან, ნებისმიერ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის შესახებ უკვე ვწერდით, შეგახსენებთ, რომ ბელგიელებთან მატჩში გუნდს მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე უკაპიტნებს.

2 თებერვალს გაიმართება პირველი ტურის კიდევ ორი მატჩი. რუსეთის ნაკრები სოჭში ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. პორტუგალიელები კი რუმინელებს ლისაბონში დაუხვდებიან.

ერთა თასზე ანუ 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე "ბორჯღალოსნების" უმთავრესი კონკურენტი ისევ რუმინეთის ნაკრები იქნება.

"მუხის ფოთლებმა" ერთა თასის შარშანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან სამი მოიგეს და ორში დამარცხდნენ, შედეგად სატურნირო ცხრილში წინ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები გაუშვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.

"სტეჟარისთვის" წარუმატებელი გამოდგა ნოემბრის ტესტები. რუმინელებმა ბუქარესტში ჯერ იაპონიის ნაკრებთან წააგეს 23:34, მერე კი აშშ-ს ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ 3:34.

რუმინელთა უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჰოულსმა, როგორც ჩანს, აქცენტი ახალი გუნდის შენებაზე გადაიტანა და ნაკრებში ძირითადად ახლგაზრდა მოთამაშეებს უხმო.

გამოცდილთაგან ძირითად შემადგენლობაში უკანახაზელები კატალინ ფერკუ და ფლორინ ვლაიკუ არიან. ოდესღაც რუმინელთა ლიდერი და ლამის ერთადერთი საერთაშორისო დონის მორაგბე ოვიდიუ ტონიცა კი სათადარიგოთა შორისაა.

ჰოულსმა ნდობა გამოუცხადა ძმებს ვალი და ანდრეი ურსაკეს, პირველი მეორეხაზელია, მეორე კი შერკინების ბურჯი გახლავთ. კაპიტანი კი ისევ მესამეხაზელი მიჰაი მაკოვეი იქნება.

პირველ ტურში რუმინელთა მეტოქე პორტუგალიის ნაკრები მომავალი ბატალიებისთვის გამალებით ემზადება და ორი საწვრთნელი შეხვედრის გამართვაც მოასწრო.

"ლობუშებმა" საფრანგეთისა და ინგლისის სტუდენტურ ნაკრებებთან ითამაშეს და ორივეში დამარცხდნენ, თუმცა ამის გამო უარყოფითი დასკვნის გამოტანა ნაადრევი იქნება, რადგან პორტუგალიელთა შემადგენლობაში ლეგიონერები არ იყვნენ.

ნამდვილი ძალის დემონსტრირებას ეს გუნდი სწორედ ერთა თასზე მოახდენს. მით უფრო, რომ "ლობუშებმა" ნოემბრის ტესტებზე სამხრეთ ამერიკაში იმოგზაურეს, სადაც მათ ურუგვაისა და ჩილეს ნაკრებებს სძლიეს, რამაც ახალზელანდილი მწვრთნელის, ეროლ ბრაიანის პოზიციები საგრძნობლად გაამყარა. რამდენად სწორია მის მიერ აღებული კურსი, მალე გამოჩნდება.

საინტერესო ბრძოლა იქნება სოჭში, სადაც რუსეთის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

რუსთა უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა საესპანეთო მებრძოლ რაზმში ქართული წარმოშობის პირველხაზელები გრიგორი და ვალერი ცნობილაძეები ძირითად შემადგენლობაში დააყენა, პაველ კვერნაძე კი განაცხადში ვერ მოხვდა.

ესპანელები სოჭს ჯერ კიდევ სამშაბათს ეწვივნენ და საბრძოლველად ემზადებიან. ქართველი მორაგბე მათ შორისაცაა. "არმიას" შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე სათადარიგოთა შორის გაამწესეს.

გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ერთა თასზე დებიუტი ექნებათ.

ბელგია-საქართველო
ბელგია: 15. ალან ვილიამსი, 14. ელიოტ ფან ტრაპენი, 13. ტობი ანდრე, 12. გიომ ბრებანი, 11. გიომ პირონი, 10. კარლოს პიერო, 9. ჟულიან ბერჟე. 1. ჟულიან მასიმი. 2. ნორმან ვენდე, 3. მაქსიმ ჟადო, 4. მატიო ფერსხელდენი, 5. სირილ ნანა, 6. ტომას დე მოლდერი, 7. ენდრიუ ნილი, 8. ჟულიან მორელი.
16. ალენ მირიალაკისი, 17. ალექსის კუფოლო, 18. რაფაელ ოლივიე, 19. ბერნარ ბილი, 20. მიკა დე მოლდერი, 21. ჩარლი ფურნო, 22. სებასტიან ხუნსი, 23. კევინ ადამსი.

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი ფრუიძე.
მსაჯი: მატეო ლიპერინი (იტალია)

ერთა თასი
I ტური
ბელგია-საქართველო
რუსეთი-ესპანეთი
პორტუგალია-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: ქართველები მსოფლიო ჩემპიონები ხართ... სტუმარ-მასპინძლობაში
ბმული ბელგია-საქართველოს მატჩის საყურებლად
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია
giorgi
20:48 02-02-2013
0

სიახლეები პოპულარული