"ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ნაკრებისთვის მზადებას იწყებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშება, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, მძიმედ დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად, ბრიუსელში, ბელგიის ნაკრები გაჭირვებით დაამარცხეს - 17:13.

ცხადია, არავინ ელოდა, ჩვენს ნაკრებს ბელგიაში ამდენი სირთულე თუ შეექმნებოდა. ამიტომ იმის გასარკვევად - ბრიუსელური ბრძოლა დროებითი ჩავარდნა იყო თუ გუნდის რეგრესი, მომავალ უქმეებს უნდა დაველოდოთ.

საქართველოს ნაკრები 9 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კარგად ნაცნობ პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

ბელგიელებთან მატჩის დასაწყისში ატეხილი გუნდური ჩხუბის გამო არბიტრმა ჩვენი შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი გააძევა.

FIRA AER-ის სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტის შესახებ იმსჯელა და მას ათდღიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შესაბამისად, ქუბრიაშვილი პორტუგალიის ნაკრებთან თამაშს ვერ შეძლებს.

ნაკრების რიგები დატოვა და კლუბს დაუბრუნდა პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა ("ტულონი"). მათ ნაცვლად საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა დავით ზირაქაშვილს და ირაკლი მირცხულავას უხმო.

ზირაქაშვილის შესახებ არაფერს ვიტყვით - ის დიდი ხანია, "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერია და პორტუგალიასთან დაპირისპირებაში ჩვენს შერკინებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მირცხულავა კი საქართველოს A ნაკრების წევრია და შარშან ერთა თასის გათამაშებაში ეროვნული ნაკრების კვართიც მოირგო.

საგულისხმოა, რომ მატჩის შემდეგ ბელგიური საინფორმაციო საშუალებები თამაშის ხარისხს და მათი გუნდისთვის ამ შეხვედრის მნიშვნელობას, ფაქტობრივად, არ განიხილავენ.

იქაური მედია ძირითად აქცენტს თამაშის დასაწყისში მომხდარ გუნდურ ჩხუბზე აკეთებს. არადა, "შავ ეშმაკებს" ქართველმა მორაგბეებმა მუშტი-კრივშიც აჯობეს. ბელგიელებს, ფაქტობრივად, არც უჩხუბიათ, ძირითადად, სახეზე ხელებს იფარებდნენ.

საქართველოს ნაკრები ბრიუსელიდან 4 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდა და 5 თებერვალს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 16 საათიდან ღია ვარჯიშს გამართავს.

"ბორჯღალოსნების" მომავალი მეტოქე ბელგიის ნაკრებზე ბევრად გამოცდილი და ძლიერიცაა. ამიტომ, სავარაუდოდ, "ლობუშებთან" უშეღავათო ბრძოლა გველის.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე გამართულ ერთა თასის პირველ ტურში პორტუგალიელებმა ლისაბონში რუმინეთის ნაკრებთან წააგეს 13:19 და მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ.

სარეიტინგო ცვლილება არ შეხებია საქართველოს ნაკრებს. "ბორჯღალოსნები" 66,59 ქულით ისევ მე-17 ადგილზე არიან.

მსოფლიოს კლასიფიკაცია
1. ახალი ზელანდია - 90,08 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა - 86,94 3. ავსტრალია - 86,87 4. ინგლისი - 83,90 5. საფრანგეთი - 83,49 6. ირლანდია - 81,33 7. სამოა - 78,71 8. არგენტინა - 78,71 9. იტალია - 77,82 10. უელსი - 77,27 11. ტონგა - 76,10. 12. შოტლანდია - 75,83 13. ფიფი - 71,52 14. კანადა - 71,41 15. იაპონია - 70,09 16. აშშ - 68,32 17. საქართველო - 66,59 18. რუმინეთი - 63,17 19. რუსეთი - 62,35 20. ესპანეთი - 62,23 21. ბელგია - 59,67 22. ურუგვაი - 59,37 23. პორტუგალია - 58,58

საქართველო
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ირაკლი მირცხულავა (ტაბი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლელო), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

პორტუგალია
შერკინება: ფრანსისშკუ ფერნანდესი, ჟოაო კორეია, ჟიან მურე, დავიდ რიესი, გონსალო უვა, ჟაკ ლე რუ, ჟუან სოუსა, ჟუან სევერინო, ლიონელ კამპერო, ჟორჟე სეგურადო, ტონი მარტინსი, ტიაგუ ჟირაუ, ვაშკუ უვა
უკანა ხაზი: ნუნო კოსტა, ადერიტო ეტევეში, ფედერიკო ოლივეირა, კარლ მურეი, გონსალო ფორო, პედრო ლეალი, ფრანსიშკუ მაგალიაეში, ლორან ბელანჟე, ფრანსისკო აპელტონი, ჯოზე ლიმა.
მსაჯი: ვენსან ბლასკო (საფრანგეთი)

Sportall.Ge

II ტური. 9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
დროზე შეცვალეთ მილტონ ჰეიგი,გონზე არ არის რას აკეთებს.ერთი წელი გავიდა და თუ რამე წინსვლას ხედავთ ჩვენც გვითხარით,კი უნდა ვაცალოთ მწვრთნელს რაღაც დრო მაგრამ მგონი უკან მივდივართ.აბუსერიძეს რომ აღარ იძახებს მსოფლიოზე რომელი 9 ნომრის იმედზე უნდა ვიყოთ? დროა ფრანგი ჩამოვიყვანოთ ვინმე,უკეთესი იქნება ყველანაირად.თუ აბუ მაინც არ იქნება გორგოძე დააყენონ კაპიტნად,ჩხაიძე ძაან კარგი ბიჭია მაგრამ კაპიტნად რო არ ივარგებს ბელგიასთანაც ჩანდა,გორგოძე აწყნარებდა ისე ნერვიულობდა.
sandro samkharadze
11:09 06-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული