"ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურის მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც რამდენიმე ცვლილებაა.

ბელგიასთან მატჩის შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჰეიგმა ხუთი მორაგბე შეცვალა.

დისკვალიფიცირებული პირველხაზელის, დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად დავით ზირაქაშვილი ითამაშებს. მესამე ხაზში ვიქტორ კოლელიშვილს, რომელიც ვარჯიშისას დაშავდა, შალვა სუთიაშვილი შეცვლის.

ტრავმა მოიშუშა და გუნდს კაპიტნად დაუბრუნდა გარემარბი ირაკლი მაჩხანელი. ალექსანდრე თოდუა კი, რომელმაც ამ პოზიციაზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, განაცხადში არ არის.

სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა შუამარბმა დავით კაჭარავამ, მისი ადგილი კი თედო ზიბზიბაძემ დაიკავა.

განაცხადში არ არის ფულბეკი ბექა წიკლაურიც. მის ნაცვლად ჰეიგი ლაშა ხმალაძეს ათამაშებს, რომელიც ბელგიელებთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში.

სამი ახალი მორაგბეა სათადარიგოთა შორისაც. პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა ირაკლი მირცხულავამ შეცვალა. მეორეხაზელთა დუბლიორი კი ტრავმამოშუშებული ვახტანგ მაისურაძე იქნება. სათადარიგოთა შორის არის ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილიც, რომელიც ბელგიასთან მატჩში განაცხადში არ იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 9 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველო
15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ირაკლი ყიასაშვილი.

"სტეჟარი" "დათვებს" ბუქარესტში დაუხვდება
ერთა თასის გათამაშებაში მეორე ტურის ცენტრალურ მატჩად შეიძლება მივიჩნიოთ ბუქარესტში რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება. ამ გუნდებმა პირველ ტურში გამარჯვებას მიაღწიეს და ერთა თასისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს.

"სტეჟარიმ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ერთა თასთან ერთად, 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "მუხის ფოთლების" უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰოულსმა თამამად განაცხადა, რომ მისი გუნდი მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებას აუცილებლად მოიპოვებს.

თუმცა საამისოდ წინ კიდევ მრავალი ბრძოლა იქნება გადასატანი და ერთ-ერთი უმძიმესი მატჩი, მისი მოსაზრებით, სწორედ რუსებთან დაპირისპირება იქნება.

"სამწუხაროდ, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ იძულებულნი ვართ, შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განვახორციელოთ.

ძმები ურსაკეები საფრანგეთში თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. მათ პაულიკა იონი და კორნელ ტატუ შეცვლიან. პირველი მაღალ დონეზე თამაშობს ინგლისის პრემიერშიპში, ტატუმ კი შესანიშნავად იასპარეზა რუმინეთის ჩემპიონატში.

ამჯერად ცხრა ნომრის პოზიციას ჩიპრიან კაპლესკუ დაიკავებს, რადგან ფლორინ სურუჯუსთან, ლუზიტანელებთან მატჩის შემდეგ, პრეტენზიები დამიგროვდა. მესამე ხაზში კი ვიორელ ლუკაჩი გამოცდილი ოვიდიუ ტონიცათი შევცვალეთ."


იმედიანი განწყობა აქვს რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ ალინ პეტრაკეს:

"ჩვენი მიზანი ერთია - 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება. რუმინული რაგბისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბობოლათა შორის ყოფნას, მათთან ერთად თამაშს, პაექრობას. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ სტუმრად პორტუგალიაში. არ მგონია, ლისაბონში ბევრმა გუნდმა მოიგოს" - დასძინა მან.

ამასობაში რუსეთის ნაკრებმა სოჭში საწვრთნელი შეკრება დაასრულა და მოსკოვის გავლით ბუქარესტში გაემგზავრა.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა, რომელთა შემადგენლობაშიც გამორჩეულნი იყვნენ პირველხაზელი ძმები გრიგორ და ვალერი ცნობილაძეები, პირველ ტურში შინ დაამარცხეს ესპანეთის ნაკრები.

გუნდის უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა თან 26 მორაგბე იახლა. მათ შორისაა მოსკოვის "სპარტაკის" მესამეხაზელი პაველ კვერნაძე.

რუსთა გუნდში ორი ლეგიონერია: ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი) და კირილ კულემინი (ლონდონ ველში).

რუმინეთი
15. კატალინ ფერკუ, 14. ადრაინ აპოსტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. მიჰაი როსკა, 10. დორინ მანოლე, 9. კიპრიან კაპლესკუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდეი რადოი, 3. პაულიკა იონი, 4. კორნელ ტატუ, 5. მარიუს სირბე, 6. ოვიდიუ ტონიცა, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კრპო.
16. ევგენი კაპატანა, 17. ჰორაციუ პუნეგა, 18. პეტრუ ტამბა, 19. ალინ კოსტე, 20. ვიორელ ლუკაჩი, 21. ფლორინ სურუჯუ, 22. ჩაბა გალი, 23. იონუც ნიასუ.

რუსეთი
პირველი ხაზი: გრიგორი ცნობილაძე (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, (ორი-ვვა), ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ვალერი ცნობილაძე (ენისეი), ანდრეი პოლივალოვი (კაზანი).
მეორე ხაზი: კირილ კულემინი (ლონდონ ველში), ალექსანდრ ვოიტოვ (ვვა), მაქსიმ კისილევი (კრასნი იარი).
მესამე ხაზი: ვიქტორ გრესევი (ვვა), ანდრეი ტემნოვი, პაველ ბუტენკო (ენისეი), ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), არტიომ ფატახოვი (კაზანი).
#9: ალექსანდრ იანუშკინი (ვვა), ალექსეი შერბანი (ენისეი)
#10: სერგეი სუგრუბოვი (სლავა), ანტონ რიაბოვი (კრასნი იარი), სერგეი იანუშკინი (კაზანი).
#12-13: ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი), მიხაილ ბაბაევი (ვვა), დიმიტრი გერასიმოვი (ენისეი), სერგეი ტრიშინი (ვვა).
#11-14: ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), ანდრეი ოტროკოვი (კრასნი იარი).
#15: იგორ კლუჩნიკოვი (ვვა), იგორ კურაშოვი (ენისეი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული