"ბორჯღალოსნები", ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბნენ და 20 თებერვალს, 10 საათზე ღია ვარჯიშს გამართავენ.
ბორჯღალოსნები
ჩვენი ეროვნული გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თავდაპირველად 25 მორაგბეს უხმო.
თუმცა მოგვიანებით გუნდს მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი დაემატა, რომელმაც წინა ტურის მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან ტრავმის გამო გამოტოვა. მას ყვრიმალი ჰქონდა გატეხილი და წესით, სამი კვირის განმავლობაში უნდა ემკურნალა. საბოლოოდ 21 თებერვალს გაირკვევა, შეძლებს თუ არა "ვიტო" თამაშს.
ამასთან ერთად, წინასწარ
გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ: შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია ("ლელო"), ბურჯი ირაკლი მირცხულავა ("ტარბი"), მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე ("ალბი") და გარემარბი ალექსანდრე თოდუა ("ალბი").
"ბორჯღალოსანთა" რიგებში ისევ არ არიან მეორეხაზელები: ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი") და გიორგი ნემსაძე ("ტარბი"), მგეზავი ლაშა მალაღურაძე ("ბაგნერე"). ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ჰეიგს საქართველოს ნაკრების გაახალგაზრდავებისკენ აქვს გეზი აღებული.
გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებული შვიდი პირველხაზელიდან ოთხი ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა.
ამათგან ვასილ კაკოვინს მსოფლიოს თასზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია და, შესაბამისად, შედარებით ნაკლები პრაქტიკა აქვს ზურაბ ჟვანიას.
სრულიად ახალგაზრდულია მეორე ხაზი. აქ გამოცდილი გიორგი ჩხაიძის გვერდით ყველაზე მაღალი ქართველი მორაგბე, 22 წლის კონსტანტინე მიქაუტაძე ითამაშებს, რომლის სიმაღლეც ზუსტად ორი მეტრია.
სათადარიგოთა შორის კი დებიუტანტი ლაშა ლომიძე იქნება, რომელმაც შარშან, "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა. ის 20 წლისაა, მისი სიმაღლე კი 197 სანტიმეტრია.
ყველაზე სტაბილური მდგომარეობა მესამე ხაზშია. აქ ყველა მრავალნაცადი მოთამაშეა, თუ არ ჩავთვლით 21 წლის ბექა ბიწაძეს, რომელსაც უკვე მოუწია ეროვნული ნაკრების კვართის რამდენჯერმე მორგება.
ბოლო წლებში ცხრა ნომრის პოზიციაზე, ძირითადად, ირაკლი აბუსერიძე და ბიძინა სამხარაძე ირჯებოდნენ. შარშანდელი სეზონიდან სამხარაძე გიორგი ბეგაძემ ჩაანაცვლა.
რუსთავის "ხარებისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი ეროვნულ გუნდში წლეულს გამოჩნდა, თუმცა ჯერ არ უთამაშია.
ჰეიგმა საქართველოს ნაკრებში დააწინაურა 19 წლის შუამარბი თამაზ მჭედლიძე, თუმცა ახალზელანდიელი სპეციალისტი მას გარემარბად მოიაზრებს და სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებს.
ასევე 19 წლისაა შუამარბი მერაბ შარიქაძე, რომელსაც ახალგაზრდებიდან ჰეიგი ყველაზე მეტად ენდობა და წელიწადზე მეტია, ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.
პრობლემური რჩება ფულბეკის პოზიცია. აქ ჰეიგს ორი კანდიდატი ჰყავს შერჩეული: 28 წლის ირაკლი ყიასაშვილი და მასზე ოთხი წლით უმცროსი ბექა წიკლაური. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრებთან თამაში არც ერთს არ მოუწია.
ლუზიტანელებთან ფულბეკი იყო მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი, რომელსაც ზურგს მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში ასპარეზობის გამოცდილება უმაგრებს.
რუსი დათვები
სოჭში საქართველოს ნაკრებს ტრადიციულ მეტოქესთან - რუსეთთან საკმაოდ მძიმე დაპირისპირება ელის.
აქამდე "ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი მოიგეს, ერთიც წააგეს და ამდენივე ფრედ დასრულდა. რუსებს ჩვენი გუნდისთვის 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ და, ცხადია, ამ 20-წლიანი კოშმარის დასრულების დიდი სურვილი აქვთ.
თანაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს შარშანდელი წყენაც კარგად ახსოვთ, როცა თბილისში "ბორჯღალოსნებთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ - 0:46.
ყოველივე ამისთვის და სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის ნაკრები ყველაფერს იღონებს სოჭში წარმატების მისაღწევად.
შეგახსენებთ, რომ ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა, რუსეთის ეროვნულმა გუნდმა ორი მატჩი გამართა.
აქედან პირველში შინ სძლია ესპანეთის ნაკრებს - 13:9, მერე კი სტუმრად დამარცხდა რუმინეთთან - 14:29. ჩვენს ნაკრებთან მარცხის შემთხვევაში, რუსების მდგომარეობა უკიდურესად გართულდება.
მით უფრო, რომ მომდევნო ტურში სტუმრად მოუწევთ თამაში პორტუგალიის ნაკრებთან და, სავარაუდოდ, მათ არც ბოლო ტურში ექნებათ იოლი გასეირნება შინ ერთა თასის დებიუტანტ ბელგიის ეროვნულ გუნდთან.
ჩვენი მეტოქის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შერკინების პირველხაზელებმა - ძმებმა გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს. ისინი კი თავიანთ პოზიციებზე რუსეთში საუკეთესოები არიან.
საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის რუსები 17 თებერვლიდან ემზადებიან. მათ რიგებში ორი ლეგიონერია - გარემარბი ვასილი არტემევი და მეორეხაზელი კირილ კულემინი.
ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა მგეზავი კირილ კუშნარიოვი. ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა და ვერც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშებს უკანახაზელი დენის სიმპლიკევიჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება 23 თებერვალს სოჭში, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
საქართველო
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
რუსეთი
ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა - ვვა), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა - ენისეი), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, მაქსიმ კისილიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, მაქსიმ სტურზა, მაქსიმ ტიმოშუკი (ყველა - კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი (ფილი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), კირილ კულემინი (ლონდონ ველში), იური კუშნარიოვი (ყუბანი), ანდრეი პოლოვალოვი, არტიომ ფატახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე - აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +21 8
2. საქართველო 2 2 0 0 +17 8
3. რუსეთი 2 1 0 1 -11 4
4. ბელგია 2 0 1 1 -4 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 -4 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 -19 1
III ტური. 23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"