ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სამატჩოდ მზადება "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორშაბათიდან დაიწყო. 6 მარტს კი ტრადიციულად ღია ვარჯიში გამართა. მილტონ ჰეიგმა ამჯერად ნაკრებში 27 მორაგბეს უხმო. იმ 26 მოთამაშეს, რომლებიც რუსეთთან მატჩისთვის ემზადებოდნენ, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) დაემატა.
ვარჯიშში მონაწილეობა 26-მა მორაგბემ მიიღო. შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ (პერიგო) სოჭში რუსებთან ბრძოლისას საზარდული დაიზიანა,
ზიბზიბაძე ცალკე, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და იმედია, გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
მხარი აწუხებს შერკინების კვაჭს შალვა მამუკაშვილს (არმია), თუმცა სერიოზული არაფერია და სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ნაკრების თავკაცმა ტელეკომპანიების ოპერატორებს სთხოვა, ვარჯიშის მსვლელობა არ გადაეღოთ, რადგან, როგორც ჩანს, მეტოქეს გარკვეულ სიურპრიზებს უმზადებს.
თუმცა, საქართველოს რაგბის კავშირი ერთ სიურპრიზს უკვე გვთავაზობს: ესპანეთთან მატჩში ირაკლი აბუსერიძის გაცილება მოეწყობა.
ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა მოწოდება, რომლის მიხედვითაც, ქომაგები დაელოდებიან თამაშის მეცხრე წუთს და ყველა ერთად ფეხზე წამოდგება, ტაშითა და შეძახილებით - "გმადლობ, აბუ" ღვაწლმოსილ მორაგბეს პატივს მიაგებენ.
ვარჯიში ტრადიციული მოთელვით დაიწყო. მერე "ბორჯღალოსნებმა" ღია თამაშში დაცვასა და შეტევაში კომბინაციების დახვეწაზე დიდხანს ივარჯიშეს.
თამაშის გაშლა, დროული გადაწყობა, იერიშის სწრაფი გაგრძელება და დაცვაში ზედმიწევნით ყურადღებით გარჯა - აი, ამის მიღწევას ცდილობდა ჩვენი გუნდი.
მილტონ ჰეიგი დამცველი და შემტევი გუნდის შემადგენლობებს ხშირად ცვლიდა. ამიტომ ესპანეთის ნაკრებთან ძირითადი შემადგენლობის ზუსტად გამოცნობა ძნელია.
სავარაუდოდ კი, "ბორჯღალოსნები" ამ შემადგენლობით დაიწყებენ თამაშს:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ესპანეთის ნაკრებთან თამაშის მნიშვნელობას. "ლომების" სატურნირო მდგომარეობა რომ უკიდურესად მწვავეა, უკვე ვთქვით.
ესპანელებმა სამი თამაშიდან ორი წააგეს და მხოლოდ ერთში მიაღწიეს ფრეს. შედეგად ახლა სამი ქულით ბოლო ადგილზე არიან და თბილისში მარცხი მათ ოცნებას, 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვონ, საბოლოოდ დაასამარებს.
ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ესპანეთის ნაკრები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაგვიმართავს.
მათი ენაწყლიანი ახალზელანდიელი მწვრთნელი ბრაის ბევინი ერთ კვირაზე მეტია, დადუმებულია და ესპანურ მედიას აღარ ეკონტაქტება.
არადა, ერთა თასის გათამაშების დაწყების წინ ესპანეთის რაგბის ფედერაციამ და თავად ბევინმა შესანიშნავი PR-კამპანია მოაწყვეს.
ის კი არა და, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, რუმინეთის ნაკრებს მადრიდის ნაცვლად ხიხონში ეთამაშნენ და ბოლო ტურში მეზობელ პორტუგალიას სანტიაგო დე კომპოსტელაში დაუხვდებიან.
ერთი სიტყვით, 9 მარტს უშეღავათო ბრძოლა გველის. "ბორჯღალოსნებმა", სასურველია, მეტოქეს პრემიალური ქულა აართვან, ანუ მინიმუმ ოთხი ლელო გაუტანონ, რათა ბოლო ტურში ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან მატჩისთვის ამაღლებული განწყობით მოემზადონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.
* * *
ირაკლი აბუსერიძე 1977 წლის 25 ნოემბერს თბილისში დაიბადა. რაგბის თამაში სარაგბო კლუბ "ქორებში" დაიწყო; თამაშობდა ასევე "არმიის სპორტულ კლუბში", "ყოჩებსა" და "ლოკომოტივში".
კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, სადაც "ორიაკისა" და "ორლეანის" ღირსებას იცავდა. ამასთან ერთად, იყო "ოსერის" მოთამაშე-მწვრთნელი.
"აბუ" საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს. მოიხვეჭა ყველაზე მეტი - 85 კეპი, გაიტანა შვიდი ლელო. იასპარეზა ერთა თასის 12 გათამაშებაში და ხუთჯერ ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მან მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში 2003, 2007 და 2011 წლებში ითამაშა. უმაღლეს დონეზე სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბოლო ორ გათამაშებაში კი გუნდის კაპიტანი იყო. სულ კი აბუსერიძე ნაკრებს 38-ჯერ წარუძღვა, რაც საქართველოში რეკორდული მაჩვენებელია.
* * *
საქართველო
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
ესპანეთი
გაბრიელ ორტისი (ინდეპენდიენტე), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუისი (ორივე-ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხუან ანაია (ატლეტიკო მადრიდი), მეთიუ კუკი (ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), უნაი ლასა, ხუან მაგუნასელაია (ორივე-გერნიკა), ნიკოლას მარშალი, კორი სიმპსონი, ხუან ტუდელა (სამივე-ორდისია), ხუან გარსია (არასი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ხუან გოია (ბიარიცი), ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ტომ პარკერი (ვანი), დავით გურგენიძე (არმია).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3
IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი მაჩხანელი: ძველი ტაქტიკით იაპონიასაც მოვუგებდით და ფიჯისაც