ერთა თასი და "ანთიმოზ ივერიელი" ერთად მოსაგებია!

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე, ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც იმავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპია, ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, ბუქარესტში, "ტრიუმფალური თაღის" სტადიონზე რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"სტეჟარიმ", ისევე, როგორც "ბორჯღალოსნებმა", ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. ჩვენი გუნდი "მუხის ფოთლებს" მატჩებში დაგროვებული ქულების უკეთესი ბალანსის გამო უსწრებს.

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება მუდამ დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს. ეს ორი გუნდი "ერთა თასზე" სამართლიანად ითვლება ფავორიტად, რისი კიდევ ერთი დასტურიც
მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილია.

რუმინეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს "ბორჯღალოსნებთან" მატჩის გამართვა ქალაქ კლუჟში, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის სტადიონზე სურდა, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირისგან თანხმობა ვერ მიიღო, რადგან ჩვენი გუნდისთვის ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვდა და მგზავრობაც საკმაოდ ხანგრძლივი და მომქანცველი გამოვიდოდა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ მატჩი ისევ ბუქარესტში გაიმართება. რუმინელების უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულისმა ყველა უძლიერეს რუმინელ მორაგბეს უხმო. "მუხის ფოთლებისთვის" ეს შეხვედრა პრესტიჟის მატჩია, რადგან ბოლო სამ თამაშში ჩვენი გუნდის დამარცხებას ვერაფრით ახერხებენ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ბორჯღალოსნებს" "სტეჟარისთან" აქამდე თექვსმეტჯერ უთამაშია. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს რვაჯერ სძლია და ამდენჯერვე დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ერთა თასის გათამაშების ყველა გუნდთან თუნდაც ერთხელ მაინც უთამაშია ფრედ, რუმინეთის ნაკრებთან კი არა. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რომ გუნდები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადიან და სხვა შედეგი არც განიხილება.

უელსელი მწვრთნელი "მუხის ფოთლებს" სათავეში ნოემბრის ტესტების წინ ჩაუდგა, თუმცა დროის ამ მონაკვეთში გუნდის თამაშის სტილს ცვლილება არ დასტყობია და, როგორც ჩანს, არც ცდილობენ, რამე შეცვალონ. წინა, მეოთხე ტურში ბელგიის ნაკრებთან გამართულ მატჩში რუმინელებმა ოთხი ლელო გაიტანეს. აქედან ერთი - ხუთმეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლით, ხოლო დანარჩენი სამი ხუთმეტრიანი შერკინებიდან. ანუ "სტეჟარი" ახლა დაახლოებით ისე თამაშობს, როგორც ჩვენი ნაკრები სულ ცოტა ხნის წინათ.

Sportall.Geცხადია, ყოველივე ზემოთქმულის განხორციელება მძლავრი შერკინების გარეშე შეუძლებელია. რუმინეთის ნაკრების პირველ ხაზში ახალი თაობის მორაგბეები დგანან. მიჰაიტა ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში) და პეტრუ ტამბა (კარდიფი) საკმაოდ მაღალ საკლუბო დონეზე თამაშობენ.

შესანიშნავად ირჯებიან მეორეხაზელები: ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი).

მესამე ხაზში კი გამოცდილ მიჰაი მაკოვეისა (სენ ნაზერი) და ოვიდიუ ტონიცას (კარკასონი) ახლგაზრდა დანიელ კარპო (ტიმოშოარა) დაემატა, რომელმაც გუნდის მორკინალთა თამაში საგრძნობლად გააძლიერა.

უკანა ხაზში "სტეჟარი", შერკინებასთან შედარებით, ოდნავ ფერმკრთალად გამოიყურება. თუმცა ჩვენი გუნდისთვის სერიოზულ საფრთხეს ფულბეკი კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა) და შუამარბი ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა) წარმოადგენენ. ეს უკანასკნელი კარში უზადოდ ურტყამს და მიმდინარე გათამაშებაში ყველა საჯარიმო და გარდასახვა ქულებად აქცია. ამიტომ "ბორჯღალოსნები" განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაისარჯონ დაცვაში თამაშისას, რათა მეტოქეს ბურთი წესის დარღვევის გარეშე აართვან.

ძნელი სათქმელია, რა ტაქტიკას აირჩევენ რუმინელები. ცხადია, რომ ისინი ჩვენი მორაგბეების ძალისმიერ ბრძოლაში ჩაბმას შეეცდებიან, რაც მათთვის აპრიორი უპირატესობის მომტანი სულაც არ არის. ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ზურგს უკან ბურთს ფეხით ხშირად დაგვიკიდებენ. ამიტომ ჩვენს უკანახაზელებს მაქსიმალური ყურადღება მართებთ.

Sportall.Ge

ხოლო რა ტაქტიკას აირჩევს საქართველოს ნაკრები, ამას 14 მარტს, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიშისას ვნახავთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩში გამარჯვებული ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში პირველ ადგილს დაიკავებს. მასვე დარჩება "ანთიმოზ ივერიელის" თასიც, რომელიც ამ გუნდებს შორის დაპირისპირებისას ტრადიციულად თამაშდება.

ევროპის ერთა თასი. V ტური
16.03.2013. ბუქარესტი
რუმინეთი VS საქართველო
საქართველო
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე - ტულუზი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (არმია), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (როდეზი).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

რუმინეთი
შერკინება: ევგენ კაპატანა, ოთარ ტურაშვილი, ჰორაციო პუნეგა, დანიელ კარპო (ოთხივე - ტიმიშოარა), ანდრეი რადოი, კონსტანტინ პრისტავიტა (ორივე - ბაია მარე), მიჰაი ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში), პეტრუ ტამბა (კარდიფი), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), კორნელ ტატუ, ვიორელ ლუკაჩი (ორივე - სტიაუა), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი), ოვიდიუ ტონიცა (კარკასონი).
უკანა ხაზი: ფლორინ სუურუჯიუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), დორინ მანოლე (ორტეზი), იონუც დიმოფტე (რუენი), ფლორინ ვლაიკუ, რობერტ დესკალუ (ორივე - სტიაუა), კრისტიან დინსი, ჩაბა გალი, მიჰაი როსა, იონუც ნიასუ (ოთხივე - ბაია მარე), ადრიან აპოსტოლი (ფარული), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).

* * *
სრულიად განსხვავებული მიზნები აქვთ ერთა თასის გათამაშებაში მონაწილე სხვა გუნდებს.

რუსეთის ნაკრები, რომელიც ამჟამად მესამე ადგილზეა, ეცდება, საბოლოოდ სწორედ ეს პოზიცია შეინარჩუნოს, რადგან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დავაში ჩარევის ძალა მას არ შესწევს.

რუსთა ნაკრებმა, რომელიც სამი ქართველი მორაგბითაა გაძლიერებული, წინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან, რამაც საშუალება მისცა, მესამე ადგილის დასაკავებლად ბრძოლა განაგრძოს.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ბოლო ტურში სოჭში დებიუტანტ ბელგიას უმასპინძლებენ, რომელსაც, წესით, მხოლოდ დივიზიონში ადგილის შენარჩუნების პრობლემა უნდა აღელვებდეს. თუმცა "შავი ეშმაკები" იმდენად ამოუცნობი გუნდია, როდის შემოგვთავაზებს სენსაციას, არავინ იცის.

ბელგიელები, ისევე, როგორც რუმინელები, თამაშის ძალისმიერ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, რითაც, გამორიცხული არ არის, რუსებს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

რუსეთი VS ბელგია
რუსეთი
ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), პაველ ბუტენკო, დიმიტი გერასიმოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, იაროსლავ რეჩნევი, ანდრეი ტემნოვი, ვალერი ცნობილაძე, ალექსეი შერბანი (ყველა - ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ იანუშკინი (ხუთივე - ვვა), ნაზირ გასანოვი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, გრიგორი ცნობილაძე (ოთხივე - კრასნი იარი), მაგომედ დაუდოვი, იური კუშნარიოვი, ვალდიმირ ოსტროუშკო (სამივე - ყუბანი), პაველ კვერნაძე, დიმიტრი მალიაკინი (ორივე - სპარტაკი), კირილ კულემინი (ლონდონ ველში), ანდრეი პოლივალოვი, არტიომ ფატახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე - აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).

ბელგია
ანდრე ტიბო, არამ მირიალაკისი(სუაჟნიე), ჟულიენ ბერგერი (ლა როშელი), გილემი ბრებანტი, კევინ დარმსი, სეპ დებეკერი, მიკ დემოლდერი, დენის ეპე, სებასტიან გუნსი, კორენტინ ლეკლუ, ელიოტ ფან ტრაპენი, ბასტიან ვერმულენი (ბუასფორტი), ალექსის კუფოლო (კარკასონი), ტომას დემოლდერი (ლიონი), კარლოს ფიერო (ნიცა), ჟულიენ ანშირი (სენტ აფრიკი), მაქსიმ ჟადო (პო), სირილ ნანა (ანდერლეხტი), ნედრიუ ნეილი (ტორენფუა) რაფაელ ოლივიე (პერიგო), გილემ პირონი (მონპელიე), მატიე ვერშელდენი (სენტ ეტიენი), ალან ვილიამსი (მონლუსონი).

* * *
ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას დიდი ხანია, "იბერიული დერბი" დაარქვეს. იყო პერიოდი, როცა ორივე გუნდი მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებაზე სერიოზულად აცხადებდა პრეტენზიას. ამასთან ერთად, ორივეს თითოჯერ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე უასპარეზია კიდეც.

თუმცა ეს მაშინ იყო, როცა მათი მწვრთნელები, ძირითადად, ადგილობრივ მოთამაშეებს ეყრდნობოდნენ და ნატურალიზაციის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. ესპანეთისა და პორტუგალიის რაგბის ფედერაციებს ახალი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც ექსპერიმენტზე თამამად წავიდნენ და საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი, ფესვით ესპანელი და პორტუგალიელი მორაგბეების ნაკრებში მიწვევა დაიწყეს. ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ ორივე გუნდზე უარყოფითად იმოქმედა, იმდენად, რომ ახლა მათი მთავარი საზრუნავი ერთა თასის გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებაა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ესპანელები არიან, რომლებმაც ოთხ მატჩში სამი წააგეს და მხოლოდ ერთში მიაღწიეს ფრეს. სამი თამაში წააგეს პორტუგალიელებმაც, თუმცა ერთში ბელგიის დამარცხება მაინც შეძლეს. ამ გუნდების დაპირისპირება ესპანეთის ძველებურ ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში გაიმართება. მარცხის შემთხვევაში, მასპინძლები რეალურად დადგებიან კატასტროფის წინაშე.

ესპანეთი VS პორტუგალია
პორტუგალია
პირველი ხაზი: ტონი მარტინსი (პერიგო), კრისტიან სპაშუკი (ბურგუენი), ფრანსიშკუ ფენანდესი (ბეზიე), ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეია (ორივე - დირეიტო), ჟუან მურე (დიჟონი), ლიონელ კამპერუ (კოლომიე).
მეორე ხაზი: გონსალუ უვა (ნარბონი), დავიდ დოს რიოსი (შატორენარი), ჟუან სევერინო (შამბერი), რაფაელ სიმოეში (ბელენენსეში).
მესამე ხაზი: ვაშკუ უვა (დირეიტო), ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ორელიან ბეკო (კოლომიე), ლორან ბალანჟე (სენ ჟან დე ლუზი).
#9: სამუელ მარკესი (ალბი), ფრანსიშკუ მაგალიაში (კდული).
#10: პედრო ლეალი (დირეიტო)
#12-13: კარლ მურეი, ფედერიკო ოლივეირა, ფრასიშკუ აპელტონი (სამივე - კდული), ჟიზე ლიმა (ნარბონი).
#11-14: გონსალო ფორო (კდული), პედრო სილვა (ბელენენსეში), ადერიტო ესტევეშე (დირეიტო).
#15: ნუნო კოსტა (კდული).

ესპანეთი
გაბრიელ ორტისი (ინდეპენდიენტე), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუისი (ორივე - ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხუან ანაია (ატლეტიკო მადრიდი), მეთიუ კუკი (ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), უნაი ლასა, ხუან მაგუნასელაია (ორივე - გერნიკა), ნიკოლას მარშალი, კორი სიმპსონი, ხუან ტუდელა (სამივე - ორდისია), ხუან გარსია (არასი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ხუან გოია (ბიარიცი), ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ტომ პარკერი (ვანი), დავით გურგენიძე (არმია).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +74 1 17
2. რუმინეთი 4 4 0 0 +49 1 17
3. რუსეთი 4 2 0 2 -17 1 9
4. პორტუგალია 4 1 0 3 -21 1 5
5. ბელგია 4 0 1 3 -28 2 4
6. ესპანეთი 4 0 1 3 -57 1 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი 2013 წლის ერთა თასზე
საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგად ვერ ვერკვევი: დღეს მოგებული გუნდი, უკვე გადის მსოფლიო პირველობაზე თუ ეს მომავალ წელს გადაწყდება. ბევრმა დეტალები ირ ვიცით და გთხოვთ, ცოტა უფრო ხშირად აგვისნათ წესები და სისტემა.
გიორგი
11:45 16-03-2013
0
ზოგს რა ბედი აქვს! წინა კომენტარის ტექსტი მე რომ გამომეგზავნა, როგორც არაეთიკური - არ დაბეჭდავდით! :):) ისე, ხუმრობის გარეშე, ტრანსლაციაზე დაწწწერეთ, რა...
0

სიახლეები პოპულარული