მილტონ ჰეიგი: არ ველოდი, ოცნება ასე მალე თუ ამიხდებოდა

AutoSharing Option
2015 წლის მსოფლიოს თასის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.rugbyworldcup.com გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მთლიანად საქართველოს ნაკრებზეა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

* * *
2011 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი გახდა. მან გუნდში მოიტანა ახალი იდეა, რაც შეიძლება მეტად გაშლილად ერაგბათ.

ჰეიგმა დაინახა, რომ მის გეგმებს ხორცი ერთა თასის ბოლოსწინა ტურში შეესხა, როცა ქართველებმა შინ ესპანეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით 61:18 მოუგეს.

"წარსულში საქართველოს ნაკრების თამაში ერთფეროვანი იყო. ამ გუნდის სათამაშო სტილი, უბრალოდ შერკინების მძლავრი თამაში გახლდათ.

ამჟამად, ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. ნაკრებში გამოჩნდნენ ახალგაზრდა უკანახაზელები, რომლებსაც შთამბეჭდავად ასპარეზობა შეუძლიათ.

ძალიან მინდა, გუნდს გაშლილი, ლაღი რაგბი ვათამაშო, ისე, რომ მორაგბეებმა მოედნის მთელი სივრცე გამოიყენონ. ვფიქრობ, ამ მიზანს ნელ-ნელა ვუახლოვდებით",
- ამბობს მილტონ ჰეიგი.

Sportall.Ge

ჰეიგის ერთ-ერთი დაუდგრომელი მოწაფე ფრანგული "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძეა, რომელსაც ქომაგებმა საფრანგეთში "გორგოძილა" შეარქვეს.

მან მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში იასპარეზა, საკმაოდ გამოცდილია და მეტოქეთა შეფასებისას თავშეკავებული გახლავთ.

"ორივე გუნდი, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ფავორიტებად ითვლებიან ერთა თასის გათამაშებაში. ამიტომ ჩვენი დაპირისპირება ბოლო ტურში ფინალის ტოლფასია.

შანსებს 50/50 შევაფასებდი. მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქომაგებისთვის, თუმცა ის არანაკლებ მნიშვნელოვანია მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირისთვისაც.

ორივე გუნდი უძლიერესად ითვლება ერთა თასზე, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ ამ თამაშის მოგებაა".


ჰეიგს მიაჩნია, რომ ბუქარესტში გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, გაინაღდებს მსოფლიოს თასის საგზურს, რაც მისი დიდი ხნის ოცნების ასრულებას ნიშნავს.

"ყველა მწვრთნელის ოცნებაა მსოფლიო თასის გათამაშებაში უთავკაცოს გუნდს. ეს მიზანი დიდი ხნის წინათ დავისახე. თუმცა არ ველოდი, რომ ოცნება ასე მალე ამიხდებოდა.

საქართველოს ნაკრებში ჩემი მთავარ მწვრთნელად დანიშვნით ამის შანსი გამიჩნდა. ოთხი თამაშიდან ოთხი გამარჯვებით, წინ მივიწევთ, თუმცა მომავალ წელს კიდევ ერთი წრე გვაქვს სათამაშო",
- დასძინა მან.

ორივე, ჰეიგიც და გორგოძეც მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან. თავდაჯერებულობა, ცხადია, კარგია, მაგრამ ამჯერად ისინი თითოეულ მატჩს, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.

"ცხადია, ვგრძნობთ, რომ მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებამდე ბევრი აღარ გვიკლია. თუმცა, არ გვაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ამას იოლად მოვახერხებთ, რადგან ჩვენი მეტოქეები პროგრესს განიცდიან და მათი დამარცხება სულ უფრო ძნელი ხდება.

აი, ამიტომ ვაკეთებთ ფრთხილ შეფასებებს, როცა ლაპარაკი მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირს ეხება"
- თქვა მამუკამ.

როდესაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს, ჰეიგს მიზნად დაუსახეს ნაკრები რანგით უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, ანუ გუნდმა უნდა შეძლოს კონკურენცია გაუწიოს იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებებს.

"საქართველოს ნაკრები ხელდახელ ახლა უფრო მეტად ბურთაობს, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ კიდევ ცოტა დრო გვჭირდება, რათა თამაშის ეს ახალი სტილი დავხვეწოთ, ვინაიდან მოთამაშეთა გარკვეული ნაწილისთვის ის უცხოა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჩვენ რეალურად შეგვეძლება ელიტური გუნდებიდან რამდენიმეს გავუმკლავდეთ",
- იმედოვნებს საქართველოს ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი.

* * *
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება ბუქარესტში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება და მას ქართველი ქომაგი საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით ნახავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუმინეთი VS საქართველო - "ტრიუმფალურ თაღზე" ტრიუმფს ველით!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველას გილოცავთ.
dato
20:28 16-03-2013
0
მ ო ვ ი გ ე ე თ !!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული