გიორგი ნიჟარაძე: მადლობა ერთა თასისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში (რომელიც 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა) ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო და ერთში ფრეს დასჯერდა.

"ბორჯღალოსნებმა" ბოლო ტურში რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ ერთა თასიც მოიპოვეს და "ანთიმოზ ივერიელის" თასიც შეინარჩუნეს.

ახლა ჩვენს ეროვნულ გუნდს ივნისში თბილისში გასამართი საერთაშორისო ტურნირი და არგენტინაში სტუმრობა ელის.

განვლილი ტურნირის შეფასება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გიორგი ნიჟარაძეს ვთხოვეთ, რომელიც საქართველოს ნაკრების გეგმებზეც გვესაუბრა.

- ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების გამოსვლას დადებითად ვაფასებ.

ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ალტერნატივა არ
აქვს განვითარების იმ გზას, რომელიც გულისხმობს თამაშის ახალ სტილზე გადასვლას, ხელდახელ გაშლილ ბურთაობას. ეს ერთა თასის ბოლო ტურში რუმინელებთან მატჩმაც დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, კიდევ ერთხელ დავინახეთ ჩვენი გუნდისგან ახლებურად თამაშის მცდელობა.

ეს იმ დროს, როცა რუმინელები ჩვეულ სტილში განაგრძობენ მოქმედებას. მართალია, ახალი უელსელი მწვრთნელის ხელში მათ კიდევ უფრო დახვეწეს თამაშის მანერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო სწორად ვვითარდებით, მათზე წინ ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

- საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ მძიმედ დაიწყო წლევანდელი ერთა თასი. მართალია, თამაშს თამაშზე ვიგებდით, მაგრამ ხარისხით არა მარტო გულშემატკივარი, არამედ ნაკრების მწვრთნელი და მოთამაშეებიც არ იყვნენ კმაყოფილნი...
- ბელგიის ნაკრებთან მატჩში ჩვენმა გუნდმა მეტოქე არასათანადოდ შეაფასა. ამ ახალმა გუნდმა საკუთარ მოედანზე თავგანწირვით ითამაშა.

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბოლო წლებში ერთა თასზე ქვემო დივიზიონიდან აღზევებულ გუნდებს შორის ბელგიის ნაკრები საუკეთესოა.

დებიუტანტის კვალობაზე მათ შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. ტურნირის დაწყების წინ არაერთხელ ვთქვი, რომ ბელგიის ნაკრები სერიოზული გუნდია. მიუხედავად ყველა სირთულისა, ბელგიაში გამარჯვება შევძელით.

პორტუგალიის ნაკრებთან მომდევნო მატჩში ეპიზოდურად გამოჩნდა ის, რისკენაც მივისწრაფვით.

მატჩის სამ სხვადასხვა მონაკვეთში გუნდმა შეძლო ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების განხორციელება. მართალია, რთულად, მაგრამ ეს მატჩიც მოვიგეთ.

მესამე ტურში რუსეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა არ შეიძლება საუკეთესოთა შორის მოვიხსენიოთ. იმ არასპორტული დატვირთვიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყნის ნაკრებთან თამაშს ახლავს, ჩვენმა მორაგბეებმა შეძლეს საჭირო მომენტში მობილიზება და ორი ლელო სწორედ ახალი სათამაშო სტილის გამოყენებით გაიტანეს.

ესპანეთთან ბოლოსწინა ტურში კი უკვე ნათლად გამოჩნდა, რა გზასაც ვადგავართ. ჩვენი გუნდის მიერ წელს გამართულ მატჩებს შორის ეს შეხვედრა საუკეთესო იყო.

- ერთა თასზე გუნდის გამოსვლა დადებითად შეაფასეთ; ბოლო ორ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის ხარისხითაც კმაყოფილი ხართ. უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ მთლიანად იზიარებთ ნაკრების განვითარების იმ კურსს, რომელიც მილტონ ჰეიგმა აირჩია?
- ჩვენ ვენდობით მილტონ ჰეიგს, ასევე, მის ქართველ ასისტენტებს. ვიზიარებთ მათ სტრატეგიას. ჩვენი მორაგბეების დიდი იმედი გვაქვს. თამაშის ახალ სტილზე გადასვლა მტკივნეული და დროში გაწელილი პროცესია.

ჩვენ საქმე გვაქვს ზრდასრულ მორაგბეებთან, რომლებიც წლების განმავლობაში აბსოლუტურად განსხვავებულ რაგბის თამაშობდნენ.

უცბად, ხელის ერთი მოსმით ახალ სტილზე გადასვლა შეუძლებელია. ამას დრო, ბევრი შრომა და იმის რწმენა სჭირდება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

კარგად ვიცნობ ჩვენს მორაგბეებს, ვიცი მათი დიდი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისადმი განუზომელი სიყვარულის შესახებ.

წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი მალე დალაგდება და მომავალ წელს ნაკრები სრულიად სხვა სახით წარსდგება ქომაგის წინაშე.

საგულისხმოა, რომ გრძელვადიანი მიზნები არ გამორიცხავს ამჟამინდელ, მოკლევადიან ამოცანებს.

კერძოდ - ერთა თასის აღებასა და მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებას. ამდენი ექსპერიმენტისა და თანმდევი პრობლემების მიუხედავად, ჰეიგმა, მწვრთნელთა შტაბმა და მორაგბეებმა შეძლეს ერთა თასის მოპოვება, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

დარწმუნებული ვარ, ის გულშემატკივარიც კი, ვინც ჰეიგს აკრიტიკებდა, მიხვდა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ახლა გვმართებს მოთმინება და გვჭირდება დრო, რათა ახალი სათამაშო სტილი დავხვეწოთ და განვავითაროთ.

იმედი გვაქვს, რომ ერთა თასს მომავალ წელსაც მოვიგებთ და მსოფლიოს თასის წინ მოგვეცემა საშუალება, ნაკრების წევრები ორთვენახევრის განმავლობაში ერთად შევკრიბოთ და ვავარჯიშოთ.

აქ ჩვენი გუნდის ახალი სტილი საბოლოოდ დაიხვეწება და საჭირო კონდიციამდე მივა.

- ახალი სათამაშო სტილის დამკვიდრებასთან ერთად, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. 18, 19 და 20 წლის მორაგბეები ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები გახდნენ. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
- მწვრთნელები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ნახონ საქმეში, რათა მათ ნელ-ნელა სანაკრებო რაგბის გამოცდილება მიიღონ. ამით ფართოვდება ნაკრების კანდიდატთა სია. შედეგად, მწვრთნელებისთვის იოლი ხდება სასურველი მორაგბის შერჩევა.

ახალბედებისთვის შანსის მიცემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს გამოცდილ მოთამაშეებზე უარის თქმას.

თუმცა ეს მხოლოდ მწვრთნელების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ნაკრებში საბოლოოდ ადგილს დაიმკვიდრებს ის, ვინც ალღოს აუღებს თამაშის ახალ სტილს, ახალ მოთხოვნებს.

- საქართველოს ნაკრებს წელს კიდევ შვიდი თამაში აქვს გასამართი. ივნისში, თბილისში პირველად ჩატარდება ტურნირი, მერე "ბორჯღალოსნები" არგენტინაში არიან მიწვეულნი. სერიოზული ტესტები გველის ნოემბერშიც...
- წინ საკმაოდ დაძაბული და მძიმე ივნისი გველის. 7, 11 და 16 ივნისს საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის A ნაკრებებს, აგრეთვე, ურუგვაის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის არ ვიცით, რა შემადგენლობით ვითამაშებთ ტურნირზე. იმედია, ნაკრების მწვრთნელთა შტაბი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

არგენტინაში ამ ქვეყნის ნაკრებთან სათამაშოდ კი აუცილებლად ძირითადი, საბრძოლო შემადგენლობით უნდა გავემგზავროთ, რადგან დღევანდელი არგენტინა 2011 წლის მსოფლიოს თასზე მოასპარეზე ნაკრებთან შედარებით ბევრად ძლიერია.

ეს წინსვლა განაპირობა "პუმების" ოთხი ერის გათამაშებაში გამოსვლამ.

არგენტინის ნაკრებთან თამაში ჩვენი გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილების მიღების კიდევ ერთი შანსი იქნება.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდეთ და 2015 წლის მსოფლიოს თასზე იმ ჯგუფში მოვხვდეთ, სადაც არგენტინის ნაკრებია. არგენტინასთან მატჩი 22 ივნისს გაიმართება.

გუნდის ის მოთამაშეები, რომლებიც შვიდკაცა ნაკრების წევრებიც არიან, არგენტინიდან პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრებიან შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატში სათამაშოდ.

ამასთან ერთად, ჯერ გარკვეული არ არის, რომელ სტადიონზე გავმართავთ ივნისის ტურნირს.

გვაქვს ფინანსური პრობლემები. ჩვენი ვალდებულებაა ტურნირის თანადაფინანსება. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიძიოთ სპონსორები, რომლებიც კონკრეტულად ამ შეჯიბრებას დააფინანსებენ.

- გარკვეულია თუ არა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნოემბერში გვეწვევიან?
- ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ნოემბერში სამ მატჩს გავმართავთ. მომავალი სამი მეტოქე ამ ექვსი ნაკრებიდან იქნება: აშშ, კანადა, იაპონია, ტონგა, სამოა და ახალი ზელანდიის მაორები.

ზაფხულში გვეცოდინება, ამ ექვსიდან რომელთან მოგვიწევს თამაში.

ამ ტესტ-მატჩებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ ეტაპს და თუ თბილისში სამოას ნაკრები ჩამოვა და წავაგებთ - ეს სირცხვილი სულაც არ იქნება.

სამოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ასეთი დონის გუნდებთან თამაშს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ განვვითარდებით. ცხადია, თუ აშშ, კანადა ან იაპონია ჩამოვიდა, მათთან აუცილებად რევანში უნდა ავიღოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია!

საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]

საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]

ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
ირაკლი აბუსერიძე: ერთი-ორი სეზონის განმავლობაში თამაში კიდევ შემეძლო

მილტონ ჰეიგი: არ ველოდი, ოცნება ასე მალე თუ ამიხდებოდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
საუკეთესო სპორტულ ფედერაციას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდება!
იქნებ ჩვენ, ქართველმა რაგბის გულშემატკივარმა ავიღოთ ინიციატივა და შევქმათ სარაგბო სტადიონის მშენებლობის ფონდი.
ხალხის ფულით დაწყებულ საქმეს, მჯერა ბატონი ბიძინა მიიყვანს ბოლომდე, როგორც ეს სამების ტაძრის მშენებლობის შემთხვევაში მოხდა.
დღესდღეობით იდიალური ადგილი მშენებლობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტრიბუნების ადგილი მეჩვენება.
ძმებო ასეთი თანადგომა ჩვენმა რაგბისტებმა ნამდვილად დაიმსახურეს!
პაატა
02:04 22-03-2013
0
ს ა ა მ ა ყ ო ე ბ ი ხ ა რ თ!!! ბ. გია,არ შეიძლება,ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე,აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან 3-4 ბავშვი, 10-14 წლისები გადმოვიყვანოთ და რაგბის აკადემიაში ჩარიცხოთ,(ასევე ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან) ...მერე მათ გადაწყვიტონ,ითამაშებენ თუ არა საქართველოს ნაკრებში!...ამით ისინი გაითავისებენ ქართუ მენტალიტეტს,რომელიც ასე აშკარად ვლინდება ამ ყველაზე ვაჟკაცურ სპორში და შედეგად ერთად ვეცდებით ავაშენოთ თანამედროვე ,ძლიერი,ღირსეული საქართველოს სახელმწიფო!!!...ეს ასევე იქნება სახალხო დიპლომატიის განვითარებისათვის საუკეთესო მაგალითი იქნება!!!--- პატივისცემით
glaxuna
21:31 21-03-2013
0

სიახლეები პოპულარული