მას შემდეგ ჩვენს ეროვნულ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ნელ-ნელა გადახალისდა გუნდის შემადგენლობა, ასევე საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი ნაკრების მიერ ახალი სათამაშო სტილის ათვისების პროცესიც, რომელიც არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა.
ახლახან დასრულებულ ერთა თასის გათმაშებაში, რომელიც იმავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, "ბორჯღალოსნებმა" პირველი ადგილი დაიკავეს და ინგლისისკენ მიმავალი გზის ნახევარი განვლეს.
თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობა საკმარისია, რათა სათქმელი დაგიგროვდეს და ქართული რაგბის ქომაგს განვლილ პერიოდში გაკეთებულზე, სამომავლოდ
სწორედ ამისთვის, ყოველკვირეულ რუბრიკაში, "ლელოს სტუმარი" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი მოვიწვიეთ.
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩით, როცა ახალზელანდიელი ჰოლდინგ "პალიტრა მედიაში" გვეწვია. როგორც გაირკვა, "ბორჯღალოსანთა" დამრიგებლისთვის სულაც არ ყოფილა უცხო ჟურნალისტური საქმიანობა.
მილტონ ჰეიგი
მოთამაშის კარიერა
1982-88 - საუთლენდის პროვინციის ნაკრები
1980 - ახალი ზელანდიის 17-წლამდელთა ნაკრები
1982 - ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრები
1985-87 - "იოჰანსებურგ პირატსი" (სამხრეთ აფრიკა)
1985 - "ლონდონ სქოთიში"
1985-86 - "ორელი"
1987-88 წლები - "რიჩმონდი" (ლონდონი)
1990-96 წლები - "ბეი ოფ პლეტნი", 48 მატჩი, ოთხჯერ კაპიტანი
სამწვრთნელო კარიერა
2000-02 - "ბეი ოფ პლენტი" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2003-07 - "ვანგანუის" მთავარი მწვრთნელი.
2000 - ახალი ზელანდიის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი.
2006-07 - ახალი ზელანდიის ბავშვთა და მოზარდთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2008 - "მაორების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, "წყნარი ოკეანის ერთა თასის" მფლობელი.
2009-11 - "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. მას აქ ასისტენტობას უწევდა მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა.
"სანამ რაგბის საბოლოდ დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას, ოქლენდში ერთი პატარა გაზეთი მქონდა. სახელი მაორების ენაზე ერქვა და დიდ მდინარეს ნიშნავდა.
ყოველდღიური გაზეთი იყო, 15-ათასიანი ტირაჟით. დაახლებით 50 თანამშრომელი მყავდა.
ძირითადად ამ გაზეთის მართვით და დიზაინით ვიყავი დაკავებული. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო სფეროა.
ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ ჩემი ცხოვრების იმ ეტაპს" - გვითხრა მილტონ ჰეიგმა შეხვედრის დაწყებამდე.
ცხადია, ამის შემდეგ სასაუბრო თემა სხვა არაფერი იყო, თუ არა რაგბი. პირველი შეკითხვა, ბუნებრივია, ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის გამოსვლას შეეხო.
- პირველი თამაში ბელგიის ნაკრებთან ძალიან რთული გამოვიდა. მატჩამდე ჩვენ ვერ მოვასწარით ამ გუნდის თამაშის კარგად შესწავლა.
თუმცა ის კი ვიცოდით, რომ ორი წელიწადია არ წაეგო და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო.
თამაში, რომ ძნელი იქნებოდა, საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა მოედანი დავინახე. ძალიან მძიმე გრუნტი დაგვხვდა და მივხვდი, რომ იმ სტილით თამაში, რასაც ვაპირებდით, ძალიან გაგვიჭირდებოდა.
ჩემთვის ბელგიასთან ეს თამაში განსაკუთრებით საშიში იყო მრავალი ფაქტორის გამო. დავიწყოთ იმით, რომ პირველი მატჩი გახლდათ, ტურნირის დასაწყისი იყო და მოთამაშეებისთვის რამდენიც არ უნდა გეთქვა სრულად მობილიზებულნი ყოფილიყვნენ, მეტოქე სათანადოდ შეეფასებინათ, ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია.
თვითონაც კი, ოდნავ მოდუნებული ვიყავი. ერთი სიტყვით, მეტოქე რომ სერიოზული გყავს მანამდე ვერ გრძნობ, სანამ მოედანზე კარგა მაგრად არ დაგარტყამს.
ბელგიაში მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და მოვიგეთ. მერე რუსეთთან და პორტუგალიასთან ისე გავიმარჯვეთ, ლელო არ გაგვიშვია.
ვერც რუმინეთმა შეძლო ჩვენი ჩათვლის მოედანში შეღწევა. იმის თქმა მინდა, რომ ერთა თასის დაწყებიდან ყოველ მომდევნო მატჩში დაცვაც გამოვასწორეთ და ზოგადად თამაშის ხარისხიც უმჯობესდებოდა.
ვფიქრობ, რომ პროგრესი აშკარაა. ნაკრებში გამოვიძახეთ და საერთაშორისო დონის რაგბიში გამოვცადეთ ოთხი-ხუთი ახალგაზრდა მორაგბე.
ეს ერთ-ერთი გზაა საიმისოდ, რომ თითქმის ყველა პოზიციაზე კონკურენცია გავზარდოთ. ამის დანერგვა თავიდანვე მინდოდა და ნელ-ნელა ვახორციელებ კიდეც.
ახლა, ნაკრების ძირითად შემადგენლობაში რომ მოხვდე, სერიოზული კონკურენცია უნდა დაძლიო. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
- როგორც ჩანს, გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ხართ...
- კმაყოფილი არასდროს ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევეაში მხოლოდ პროგრესით ვარ კმაყოფილი.
ახალი სათამაშო სისტემის დასანერგად ცოტა მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე ვფიქრობდი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მე ვმუშაობ ქართველ მორაგბეებთან და არა ახალზელანდიელებთან, რომლებიც დაბადებიდან რაგბით ცხოვრობენ.
ჩვენი ნაკრების მოთამაშეები სულ ცოტა ხნის წინათ, სრულიად განსხვავებულ რაგბის თამაშობდნენ და ასე ერთი ხელის დაკვრით ახლებურად ასპარეზობა უბრალოდ შეუძლებელია. ამას, როგორც აღმოჩნდა, ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ველოდი,
- რა განსხვავებაა საქართველოს ნაკრების თამაშის ძველ და ახალ სისტემებს შორის და რით სჯობია ახალი ძველს?
- საქართველოს ნაკრები აქამდე შერკინებაზე ორიენტირებულ რაგბის თამაშობდა და იშვიათად იყენებდა უკანახაზელებს.
მორკინალები აიღე-მიეძალეს მეთოდით გადიოდნენ ფონს და გარემარბებამდე ბურთი იშვიათად აღწევდა.
ეს სტილი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ იცი, რომ იმ გუნდებთან, რომლებსაც ხშირად ეთამაშები, სჯაბნი და შედეგი მოაქვს. მაგრამ, თუ გინდა მსოფლიოს რაგბის ელიტურ გუნდებს ეთამაშო, ასეთი სტილი კარგს არაფერს მოგიტანს.
ის გუნდებიც შენსავით ღონიერები არიან, ისინიც ძალას დაგიპირისპირებენ და მაშინ რაღას იზამ?
ახალი სტილის უპირატესობა ისაა, რომ შეტევაში მონაწილეობს მთელი გუნდი. მოედნის სივრცეების შევსება მარტო უკანახაზელებს კი არა, მორკინალებსაც ევალებათ.
ეს საშუალებას გვაძლევს შეტევა მრავალფეროვანი გავხადოთ, რაც ლელოს გატანის შანსს ერთი-ორად ზრდის.
სწორედ ამის დახვეწაზე ვმუშაობთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ადრე, როცა მეტოქის წნეხის ქვეშ გვიწევდა თამაში, ძნელი იყო ხარისხიანი რაგბობის ჩვენება. ამჯერად ასე აღარ არის.
- ხელდახელ ბურთაობა და გაშლილი თამაში, ცხადია, კარგია, მაგრამ მატჩის მსვლელობისას ჩვენი მორაგბეები ამას ზედმეტად ხომ არ აკეთებენ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ რუმინეთთან მატჩის მე-10 წუთი. თედო ზიბზიბაძე მეტოქის ლელოდან სამ მეტრში შებოჭეს, ბურთი ხაზზე, გრძელ ფრთაზე გავიტანეთ, ლაშა ხმალაძემ კიდევ უფრო მარჯვნივ ფეხით გადაკიდა და შეტევა ჩაიშალა. ხომ არ ჯობდა, ლელომდე სამ მეტრში მისულებს, ისევ ძველებურად, აიღე-მიეძალეს მეთოდით შეგვეღწია ჩათვლის მოედანში?
- არა, ყველაფერი სწორად გააკეთეს. ეს კომბინაცია ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული. რაკში რაც შეიძლება მეტი მეტოქის ჩათრევის შემდეგ ბურთი იმ ფრთაზე უნდა წასულიყო, სადაც გარემარბი ელოდებოდა.
ხმალაძემ ყველაფერი სწორად გააკეთა, უბრალოდ, ტექნიკურად კარგად ვერ შეასრულა. იმ შეტევაში ლელო რომ გაგვეტანა, ხომ ძალიან ლამაზი გამოვიდოდა?
ახლა, ისევ ძველი სტილის გამოყენებაზე ვისაუბროთ. მოთმაშეებს ვეუბნები, რომ მატჩის მსვლელობისას მათი გადასაწყვეტია, რომელ სტილს, როდის გამოიყენებენ.
თუ საჭირო გახდა ძალისმიერი თამაში შესანიშნავად შეუძლიათ მამუკა გორგოძეს, დავით ზირაქაშვილს, გიორგი ჩხაიძესა და სხვებსაც.
მაგალითად, ბელგიელებთან მატჩში ორივე ლელო სწორედ ძველი სტილის გამოყენებით გავიტანეთ.
უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, გაშლილი თამაში შეტევის უფრო მეტ საშუალებას იძლევა.
მთავარია, ვარჯიშზე ნასწავლი და დაგეგმილი ტექნიკურად კარგად შესრულდეს. რუმინეთის ნაკრებთან ლელოს გატანის ოთხი შესანიშნავი შესაძლებლობა გვქონდა.
ორი მაინც რომ გამოგვეყენებინა, "სტეჟარის" 13-14 ქულის სხვაობით მოვუგებდით. ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ, ყველა ხიფათი ფლანგებიდან შევქმენით.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ახალი სტილის გასათავისებლად გუნდს ცოტა მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდი.
მთავარია, მორაგბეებს გააზრებული აქვთ რას ვითხოვ მათგან, მეთანხმებიან, ყველაფერში მომყვებიან და ცდილობენ, ხარვეზები თამაშიდან-თამაშამდე გამოასწორონ.
- უკვე თქვით, რომ ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოსცადეთ. მეტიც, ისინი ძირითადის მოთამაშეები არიან. 18, 19 და 20 წლის ბიჭებს თქვენი არც ერთი წინამორბედი ასე თამამად არ ენდობოდა. ეს პროცესი გაგრძელდება?
- ძირითად შემადგენლობაში ისინი ახლა არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ იქ იქნებიან. მათ თავიანთი თამაშით უნდა დაამტკიცონ, რომ ძირითადში ეკუთვნით ადგილი.
ანუ ის მოთამაშეები, ვინც წლების განმავობაში ნაკრებში თამაშობდნენ და ახლა აღარ ვიწვევთ, საშუალება აქვთ თავიანთ კლუბებში კარგი თამაშით ისევ დაბრუნდნენ ეროვნულ გუნდში. ნაკრების კარი არავისთვისაა დაკეტილი.
ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის გამოც შეიძლება ვინმეზე უარი ვთქვათ არის ასაკი. როცა მორაგბე ასაკოვანი ხდება, ის ნელ-ნელა კარგავს სისწრაფეს, ბევრ იმ თვისებას, რითაც გამორჩეული იყო.
ამიტომ გუნდი მუდმივად უნდა იყოს განახლებადი. ოთხ ან ხუთ მორაგბეზე მეტი ასაკოვანი მოთამაშე თუ გყავს, ეს პრობლემაა.
რადგან მას შემდეგ, რაც თამაშს თავს ანებებენ, მათი შემცვლელი, კვალიფიციური კადრების მოძებნა ძალიან ჭირს.
ერთი სიტყვით, ახალგაზრდებს მეტი საშუალება უნდა მივცეთ, თავი გამოიჩინონ. მაგალითვისთვის ზურაბ ჟვანია ავიღოთ.
ვიცოდით, რომ ის კარგი მოთამაშე იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრად უკეთესი ყოფილა ვიდრე გვეგონა.
რუმინეთთან შესანიშნავად ითამაშა. ავიღოთ ლევან ჩილაჩავა, მან კარგად გაიაზრა რას ვითხოვთ მისგან, შეცვალა საქმისადმი დამოკიდებულება და დარწმუნებული ვარ, დავით ზირაქაშვილთან და დავით ქუბრიაშვილთან ერთად, ის რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო დონის მარჯვენა ბურჯი იქნება.
ძალიან კარგი მონაცემები აქვს მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს. მისი სიმაღლე ორი მეტრია და ასეთი მონაცემების მორაგბე არ გვყავს.
ვაჟა ხუციშვილი 18 წლისაა და მისგან შესანიშნავი ცხრა ნომერი შეიძლება დადგეს, ის განუხრელად პროგრესირებს.
თამაშიდან-თამაშამდე სულ უფრო უკეთესად ირჯებოდა გარემარბი თამაზ მჭედლიძე. ერთადერთი, ვისი შესაძლებლობებიც ბოლომდე ვერ ვნახეთ, მეორეხაზელი ლაშა ლომიძეა, რომელიც ხშირად ვერ ვათამაშეთ. თუმცა გარწმუნებთ, მას თავის წარმოჩენის საშუალება აუცილებლად მიეცემა.
- როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ უფრო მოძრავ მოთამაშეებს, ვიდრე იმათ, ვინც სტატიკაში უკეთ თამაშობენ...
- დაიხ, ასეა. თქვენ სწორად მიმიხვდით. პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი შესანიშნავი, ძალიან ძლიერი მორაგბეა და მას დიდ პატივს ვცემ.
რუმინეთთან მატჩში ჩვენი მიზანი ძალისმიერი, ძველებური სტილით თამაში რომ ყოფილიყო, უპირატესობას მას მივანიჭებდით, ის ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა.
ზურაბ ჟვანია უფრო ახალგაზრდაა. დროთა განმავლობაში ისიც დახვეწს და მაღალ დონეზე აიყვანს სტატიკურ მდგომარეობაში თამაშს, სამაგიეროდ ჟვანია ძალიან სწრაფია, უკანახაზელივით დარბის და მეტი შანსი აქვს მოერგოს ახალი სტილით თამაშს.
- როგორც ჩანს, ყველა გზა ინგლისის 2015 წლის თასის გათამაშებისკენ მიდის. მიზანი იქ უკეთ გამოსვლაა, ვიდრე 2011 წლის მსოფლიოს თასზე. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამას?
- უკვე ამ ეტაპზე თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ინგლისში, მსოფლიოს თასზე ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება. ჩემი სამწვრთნელო პრაქტიკიდან ვიცი, რომ ახალ გუნდში მისვლის შემდეგ, სამი-ოთხი წელი მჭირდება, რათა ჩანაფიქრი განვახორციელო, გუნდი უფრო ეფექტურად ავათამაშო.
თუ 2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიქნები (კონტრაქტი ორი პლუს ორია და 2013 წლის ბოლოს მთავრდება), გარანტიას გაძლევთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ.
ბიჭები კიდევ უფრო დახვეწენ თამაშს, უფრო ძლიერები და მობილურები გახდებიან. თუკი 14 თვეში ამდენი შეძლეს, წინ კიდევ ორი წელიწადია და, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ რაგბის ითამაშებენ.
- ეროვნულ ნაკრებში ახალი სტილის დანერგვა ერთია, მეორე კი ისაა, თუ ხდება ამავე მიმართულებით მთლიანად ქართული რაგბის მოდერნიზაცია. მუშაობთ საამისოდ სარაგბო აკადემიასთან, ასაკობრივ ნაკრებებთან და კლუბებთან?
- სარაგბო აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც იზიარებენ და ითვალისწინებენ ჩემს შეხედულებებს.
აი, კლუბებთან კი ცოტა რთულადაა საქმე. მათზე გავლენა არ მაქვს. ცხადია, კლუბების მწვრთნელებს ხშირად ვიწვევთ ხოლმე ნაკრების ვარჯიშებზე, ტარდება სემინარები, მაგრამ გაითვალისიწინებენ თუ არა ყოველივე იქ ნანახს და თქმულს, მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.
- რადგან ახალგაზრდა მორაგბეებზე ვსაუბრობთ, ბარემ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებზეც ვთქვათ, რომელიც ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. თქვენ ამ ნაკრების შესახებ გითქვამთ, რომ ყველაზე უკეთ განსწავლული ქართული გუნდიაო...
- დიახ, ვადასტურებ. მართლაც ვთქვი ასე ამ გუნდზე. მის თამაშს თვალს მაშინაც ვადევნებდი, როცა მორაგბეები 17-წლამდელები იყვნენ.
თანამედროვე რაგბი მათ სისხლში აქვთ გამჯდარი და ინსტინქტების დონეზე აყვანილი. წინა წლებთან შედერებით, ამ გუნდს სერიოზული პროგრესი აქვს.
ამ ნაკრების მინიმუმ ოთხი მორაგბე უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატად შეიძლება განვიხილოთ.
ცხრა და ათი ნომრები კი ნამდვილად საერთაშორისო დონის მორაგბეები არიან.
ინგლისში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩებმა მათ დიდი სარგებლობა მოუტანეს, რადგან რაც მეტია მეტოქისგან წნეხი, ბუნებრივი ინსტინქტი მორაგბეს მით უფრო უვითარდება.
არ ვიცი, როგორ დასრულდება ირლანდიის ნაკრებთან მათი დაპირისპირება (ჰეიგთან შეხვედრა მატჩამდე ერთი დღით ადრე შდგა-ავტ) მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები ბრწყინვალე რაგბის ითამაშებენ.
- ივნისში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. საერთაშორისო ტურნირი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება და მერე, ტესტ-მატჩი არგენტინაში. არსებობს თუ არა მონახაზი, რა შემადგენლობით უნდა ითამაშოს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა?
- ივნისში გასამართავი ტურნირი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მეტი შანსის მიცემის საშუალება გვეძლევა. საფრანგეთიდან რამდენიმე ლეგიონერიც დაგვემატება.
არგენტინაში დიდი იმედი მაქვს, რომ უძლიერეს გუნდს წავიყვანთ. ამ მატჩისთვის მზადება უკვე დავიწყეთ.
"პუმების" თამაშების ვიდეოანალიზს უკვე ვაკეთებთ. ვცდილობთ დავადგინოთ, რა დავუპირისპიროთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: მადლობა ერთა თასისთვის
მილტონ ჰეიგი: არ ველოდი ოცნება ასე მალე თუ ამიხდებოდა